„ჩემი ყველა გეგმა ჩემს სოფელს უკავშირდება“
სვანეთის ულამაზეს სოფელ ლახამულაში, სადაც მკაცრი ზამთარი იცის, კვირიკაძეების ოჯახი წინაპრების კოშკს, ეზო-კარსა და ადათ-წესებს ინარჩუნებს. მთებით გარშემორტყმულ სოფელში, სადაც ზამთარი თითქმის 6 თვეს გრძელდება და თავის გადარჩენისთვის ყოველდღიური შრომაა აუცილებელი, ჯერაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც ქალაქში გაქცევას ოჯახური ტრადიციების გაგრძელებასა და უფრო გაძლიერებას არჩევენ. დავით კვირიკაძე ოჯახთან ერთად სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მისდევს. ისინი თაობების განმავლობაში ნაცადი, ძველი სვანური წესით ამზადებენ რძის პროდუქტებს და დავითიც ამ ტრადიციას ისეთივე სიჯიუტით იცავს, როგორც მთის კაცი საკუთარ სიტყვას.
- სტუდენტი ვარ და ქალაქში ჩასვლა ხშირად მიწევს, თუმცა აქაურობის მიტოვება არასდროს მიფიქრია. აქ დავიბადე და გავიზარდე, ჩემს ოჯახს საგვარეულო კოშკიც აქვს. ჩემი ყოველდღიურობა ოჯახთან, სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობასთან არის დაკავშირებული. ამ მთებს, ჩემი წინაპრების აშენებულ კოშკს ვერც ერთ ქალაქზე ვერ გავცვლი. ბევრს იზიდავს ქალაქი, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ძმისთვის, სვანეთი ის კუთხეა, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ეს ჩვენთვის შინაგანი მდგომარეობაა, იდენტობაა. მართალია, ჩვენს სოფელში ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ როცა გიყვარს გზა, რომელსაც მიჰყვები, სირთულეს სხვა თვალით უყურებ.

ადრე აქ მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოება გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. შესაძლოა ბევრისთვის ეს მოძველებული და უინტერესოც იყოს, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის დღემდე მთავარი საქმეა. 50 სული ადგილობრივი ჯიშის საქონელი, ასევე ცხენები და ვირები გვყავს. გვაქვს ამბიცია, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ ტრადიციული, ნამდვილი, სუფთა, სვანური წესით დამზადებული რძის პროდუქტები.
- როცა ამბობთ, ძველი სვანური წესითო, რას გულისხმობთ, რა განსხვავებაა ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით დამზადებულ სულგუნს შორის?
- თანამედროვე წარმოებაში ხშირად იყენებენ სხვადასხვა დანამატს, ნივთიერებას, ტექნოლოგიებს, რაც პროდუქტს მთლიანად ცვლის. შეიძლება ვიზუალურად კარგი გამოვიდეს, მაგრამ ბუნებრივი აღარ არის. ტრადიციულ წესში ყველაფერი თავის ადგილზეა: რძე როგორ უნდა იყოს მიღებული, როგორ გადამუშავდეს, დაიწუროს, ყველი როგორ დამწიფდეს... ნამდვილ სვანურ სულგუნს ისე ვამზადებთ, როგორც ჩვენი წინაპრები, ამ წესს არ ვღალატობთ. სამწუხაროდ ზოგიერთი ყველს რძის ფხვნილისგან ამზადებს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.
სვანეთი არ არის უხვმოსავლიანი მიწები, მაგრამ ლახამულა გამონაკლისია. ძალიან კარგად მოდის კარტოფილი და სხვა ბოსტნეული, ხილიც. საზამთროც კარგად ხარობს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც კი საქართველოში ბოსტნეულისა და ხილის კულტურაა, ციტრუსის გარდა. ვენახები დიდი არ არის, მაგრამ ოჯახსა და სტუმარს ნამდვილად ჰყოფნის.

- ამ საქმეში მხოლოდ თქვენ ხართ ჩართული თუ ოჯახის სხვა წევრებიც?
- მე და ჩემი ძმა ბევრ საქმეს თავად ვაკეთებთ, მშობლებიც გვეხმარებიან, მამიდებიც. როცა საქონელი გყავს, როცა მიწას ამუშავებ, ეს ყოველდღიური რეჟიმია.
- როგორც მითხარით, თქვენი ძმა სპორტსმენია.
- სპორტს ორივე ბავშვობიდანვე მივდევთ, თუმცა ძმა პროფესიონალი მოკრივეა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონია 90 კგ კატეგორიაში. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან უკვე ქვეყნის სახელით უნდა იასპარეზოს. ქალაქში ვარჯიშებისა და შეკრებების გამო ხშირად უწევს ჩასვლა, მაგრამ როცა შეჯიბრებისთვის არ ემზადება, ოჯახის გვერდით დგას, ცდილობს სოფლის საქმეებს ხელი არ მოაკლდეს. მისი წარმატება ჩვენთვის დიდი სიხარულია და დიდი მოტივაციაც.
- ანუ სპორტი და სოფლის ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლის?
- პირიქით, ვფიქრობ, კარგი მაგალითია, რომ ახალგაზრდას შეუძლია იყოს აქტიური, მიზანდასახული და წარმატებული სპორტში და თან თავის ფესვებს არ მოსწყდეს. გვინდა ჩვენი შრომითა და ტრადიციების ერთგულებით ახალგაზრდებს მაგალითი მივცეთ, ამ მიზნით სოციალურ ქსელებშიც ვაქტიურობთ. გვინდა დაინახონ, რომ სოფელი არ ნიშნავს ჩამორჩენას, არამედ შრომას, ტრადიციას, დამოუკიდებლობასა და ღირსებას. ჩემს სოფელში ძალიან მშრომელი ახალგაზრდები არიან, არც მიწის დამუშავებას თაკილობს ვინმე და არც საქონლის მოვლას. აქ მკაცრი ზამთარია, საძოვრებიც ბევრი არ არის და ზაფხულში მთელი ახალგაზრდობა დავდივართ სათიბში. ყველა საქმეში ვცდილობთ ერთმანეთის მხარში დგომას. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ შორის არ არიან მარიხუანასა და თრობის სხვა საშუალების მოყვარულები, სასმელსაც იშვიათად, საჭიროებისას და მცირე რაოდენობით ვსვამთ.
- თქვენთვის მთავარი გამოწვევა რა არის?
- დაუძლეველი გამოწვევა ჩვენთვის არ არსებობს, ყველაფრის გაკეთებას ვახერხებთ, რაც გვინდა და გვჭირდება. მთავარია, ზარმაცი არ იყო. მიხარია, რომ სვანეთში დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ჩემმა მშობლებმა წინაპრების ტრადიციებს მაზიარეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს მომავალ თაობას იგივე გადავცე.
- ბრძანეთ, რომ სტუდენტი ხართ, რა პროფესიას ეუფლებით?
- სამართალმცოდნეობას. ბავშვობიდანვე პატივს ვცემდი კანონს, სამართალს, სამართლიან ადამიანებს. მომავალში დოქტორანტურაშიც მინდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ეს ოჯახურ საქმიანობაში ხელს ვერ შემიშლის. ჩემი ყველა გეგმა ჩემს სოფელს უკავშირდება.
ხათუნა ბახტურიძე