სენსაციური ინფორმაცია: კიმ ჩენ ინის მემკვიდრე ცნობილია?! - "ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის მის ქალიშვილს, 13 წლის კიმ ჩჟუ ეს ამზადებენ"
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი აპირებს, რომ მემკვიდრედ თავის ქალიშვილი კიმ ჩჟუ ე დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. დაზვერვის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ სამხრეთ კორეის პარლამენტში დახურული შეხვედრა გამართეს და ამ საკითხზეც ისაუბრეს.
"კიმ ჩჟუ ე რამდენიმე სახელმწიფო ღონისძიებას ესწრებოდა და აზრი გამოთქვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. დაზვერვა მიიჩნევს, რომ დაიწყო მემკვიდრის "დანიშვნის" პროცესი", - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ლი სონ კვონმა.
დეპუტატების თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, დაესწრება თუ არა კიმ ჩჟუ ე ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის ყრილობას და თუ დაესწრება, რა სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
ჩჟუ ე კიმ ჩენ ინის ერთადერთი ოფიციალურად ცნობილი შვილია. არსებული ინფორმაციით, დიქტატორს ვაჟიც ჰყავს, თუმცა ეს არც მას და არც ჩრდ. კორეის სახელმწიფო მედიას არასოდეს უხხენებია. კიმ ჩჟუ ეს არსებობის შესახებ კი მსოფლიომ მოულოდნელად შეიტყო. კერძოდ, 2013 წელს ჩრდ, კორეაში ქვეყნის ხელმძღვანელობის მიწვევით ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანი იმყოფებოდა. მან შემდეგ "გარდიანს" მოუყვა, "ხელში პაწაწინა ჩჟუ ე ეჭირა".
კიმ ჩჟუ ეს, სავარაუდოდ, 13 წლის არის. პირველად ის სატელევიზიო კადრებში 2022 წელს გამოჩნდა, როდესაც მამასთან ერთად საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა დაათვალიერა. შემდეგ კი მამამ ის პეკინშიც წაიყვანა, სადაც ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა.
დაზვერვის თანამშრომლები სხვა ფაქტორებზეც ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, ჩრდ, კორეის მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში კიმ ჩუ ე მამის, კიმ ჩენ ინის გვერდით დგას და არა უკან.
ასევე დაგაინტერესებთ: კიმ ჩენ ინის და - ყველაზე საშიში ქალი მსოფლიოში
თუმცა არიან სკეპტიკოსებიც. კერძოდ, ჩრდ. კორეის საზოგადოება ღრმად პატრიარქალურია და უცნაური იქნება, თუ კიმ ჩენ ინი მემკვიდრედ ქალს დაასახელებს. მეორეც - თუ ქალი უნდა იყოს მემკვიდრე, ყველაზე მეტად ამას უწინასწარმეტყველებენ კიმ ჩენ ინის დას, კიმ ე ჩჟონს, რომელიც უდიდესი გავლენით სარგებლობს. მესამეც - ოფიციალური ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი 44 წლისაა, გარეგნულად ჯანმრთელად გამოიყურება და უცნაური იქნება, რომ უკვე დაიწყო მემკვიდრის შერჩევა, თან საკუთარი 13 წლის ქალიშვილის სახით.