უცნობი ამბები 9 აპრილის ტრაგედიაზე: საიდუმლო სპეცრაზმები თბილისში - როგორ მზადდებოდა პროტესტის სისხლში ჩახშობა - კვირის პალიტრა

უცნობი ამბები 9 აპრილის ტრაგედიაზე: საიდუმლო სპეცრაზმები თბილისში - როგორ მზადდებოდა პროტესტის სისხლში ჩახშობა

1989 წლის 9 აპრილის დილა საეტაპო ისტორიული მოვლენა გახდა საქართველოსთვის: ის დიდი ტრაგედია ერის გამოღვიძების ათვლის წერტილად იქცა. უჩვეულო ერთიანობა, პატივისცემა და სიყვარული სუფევდა მაშინ. უკვე ძალზე ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა „9 აპრილის“ თემას, ამიტომ დღეს ჩემი მიზანია ამ ტრაგედიის ნაკლებად ცნობილი ასპექტების ანალიზი წარმოგიდგინოთ. კონკრეტულად კი, მოსკოვიდან გამოგზავნილი სპეცრაზმების, უპირველესად - „ალფას“ დღემდე გასაიდუმლოებული მოქმედებები უნდა განვიხილოთ.

მოდი, ჯერ ის დავადგინოთ, თუ როდის და რა მიზნით აღმოჩნდა სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფი „ალფა“ თბილისში. ამ ტრაგედიის შემდეგ სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის გადაწყვეტილებით შეიქმნა 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების საგამოძიებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იქნა სახალხო დეპუტატი ანატოლი სობჩაკი. აღნიშნული კომისიის, რომელსაც შემდგომში „სობჩაკის კომისიადაც“ მოიხსენიებდნენ, მიერ მომზადებული დასკვნა იმ პერიოდისთვის მეტ-ნაკლებად ობიექტური იყო. “კომისიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ბევრი ძალზე საინტერესო საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტი იყო მოპოვებულ/შესწავლილი. ირკვევა, რომ 1989 წლის 7 აპრილს, 20 საათსა და 35 წუთზე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის, ჯ. პატიაშვილის ხელმოწერით მოსკოვში გაიგზავნა დეპეშა, სადაც პატიაშვილი მოსკოვს სთხოვდა ქ. თბილისში სამხედრო ქვედანაყოფების შემოყვანას, საგანგებო მდგომარეობის (კომენდანტის საათის) შემოსაღებად. „კომისიის“ დასკვნაში მართებულად იყო მითითებული, რომ ამ დეპეშაში გადმოცემული პოლიტიკური ვითარების შეფასება სრულად არ შეესაბამებოდა საქმის რეალურ მდგომარეობას და არ იყო საკმარისი საფუძველი ქ. თბილისში ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაციის მაპროვოცირებელი მიზეზი გამხდარიყო.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიების დროს არ გამოვლენილა ტერორისტული აქტები, არ დადგენილა ხელისუფლების ხელში ჩაგდების რეალური მცდელობის ფაქტები, პოლიტიკური მოტივებით ძალადობის ან თავდასხმის შემთხვევები, საბჭოთა და პარტიული ორგანოების მუშაკთა, კომუნისტთა ან არაქართველი ეროვნების მოქალაქეთა მიმართ. მიტინგს კი თან სდევდა პროტესტის ისეთი პასიური ფორმა, როგორიცაა მასობრივი მრავალდღიანი შიმშილობა. მართლაც იმ საპროტესტო მიტინგებში მონაწილეებს გვახსოვს, რომ მთავრობის სახლთან 100-ზე მეტი ადამიანი შიმშილობდა. თავად მიტინგზე გამომსვლელების სიტყვები არ შეიცავდა ექსტრემისტულ მოწოდებებს და არავინ ფიქრობდა მთავრობის სახლის ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციის შენობების შტურმით აღებას. იმ ავბედით 8 აპრილის საღამოსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ღამის თორმეტ საათამდე მიტინგზე ვიყავით და არაფერი მოასწავებდა, რომ ვინმე აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. თუმცა სულ სხვანაირად ფიქრობდნენ პატიაშვილი და ნიკოლსკი: მოსკოვის წინაშე სუსტ ხელმძღვანელებად რომ არ გამოჩენილიყვნენ და თბილი სავარძლები არ დაეკარგათ, ისინი ყველაზე რადიკალური გზით წავიდნენ, როგორც ზემოთ დავინახეთ, უკვე 7 აპრილს ქ. თბილისში საგანგებო მდგომარეობის (კომენდანტის საათის) შემოღებას ითხოვდნენ. ეს ღონისძიება კი გულისხმობს: მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას; ქუჩაში ყოფნის აკრძალვას, სპეციალური ნებართვის გარეშე; საჯარო შეკრებებისა და ღონისძიებების აკრძალვას; ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას; სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების გაფართოებას და ა.შ. ამ ყველაფერს კი საქართველოსა და თბილისში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან ახალ-ახალი სამხედრო დანაყოფების შემოყვანა დასჭირდებოდა. ჯერ თავად ჯ. პატიაშვილს მოვუსმინოთ.

anatoli-sobchaki-1770963658.jpg

ანატოლი სობჩაკი

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა, სახალხო დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა 1989 წლის 31 მაისს სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე განაცხადა: „7 აპრილს, ბიუროს დაწყების წინ, დამირეკა თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა იაზოვმა და მაცნობა, რომ 15-20 წუთის შემდეგ ცენტრალურ კომიტეტში მოვიდოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე, არმიის გენერალი კოჩეტოვი, რესპუბლიკაში მისი ყოფნის შესახებ არაფერი ვიცოდი და გენერალ-პოლკოვნიკი როდიონოვი, რომელიც ჩვენი ცნობების თანახმად, სომხეთში უნდა ყოფილიყო. იმავე 7 აპრილს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე გუმბარიძემ შემატყობინა, რომ ესაუბრა ცენტრს და თბილისში ჩამოდის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჯარების რაზმი. ბიუროზე სამხედროებთან ერთად განვიხილეთ სიტუაცია და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ქალაქში წესრიგის დასამყარებლად გვჭირდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები, რაც ოფიციალურად შიფროგრამით ვაცნობეთ კიდეც სკკპ ცენტრალურ კომიტეტს“.

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჯარების რაზმში“ იგულისხმებოდა კა-გე-ბეს მე-7 სამმართველოს ფორმალურ დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმი „ალფა“ და პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) ასევე, ფორმალურ დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმი „ვიმპელი“, რომელიც 1981 წლის 19 აგვისტოს შეიქმნა. ორივე სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფი სსრკ-ის კა-გე-ბეს თავმჯდომარის უშუალო განკარგულებაში იყვნენ. თუ „ალფა“, როგორც წესი, საბჭოთა იმპერიის ფარგლებში ატარებდა სპეცოპერაციებს , „ვიმპელის“ ძირითადი ფუნქცია საზღვარგარეთ სადაზვერვო-დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების ჩატარება გახლდათ. თბილისში ამ ორი, ყველაზე გასაიდუმლოებული საბჭოთა სპეცრაზმების ჩამოსვლა სხვა წყაროებიდანაც დასტურდება. კერძოდ, „ალფას“ ჩამოთვლილ სპეცოპერაციებს შორის ვკითხულობთ: „...1989 წლის აპრილში „ალფასა“ და „ვიმპელის“ ჯგუფებს დაევალათ სამთავრობო შენობების დაცვა, ქართველი ნაციონალისტების მასობრივი საპროტესტო აქციების დროს“ - დიახ, სიტყვასიტყვით ასეა. მაშინაც და ახლაც საბჭოთა/რუსეთის ხელისუფლება ქართველ პატრიოტებს უარყოფით კონტექსტში - „ნაციონალისტებად“ მოიხსენიებდა და მოიხსენიებს. ნათქვამია, „ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო“ – კარგადაა ცნობილი, რომ სამთავრობო შენობების დაცვას, როგორც თბილისში, ასევე - სხვა რესპუბლიკების დედაქალაქებშიც, კა-გე-ბეს მე-9 სამმართველო/განყოფილებისა და ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროების დანაყოფები ახორციელებდნენ. თავად „ალფასთვის“ ეს ვითომდა ფუნქცია (სინამდვილეში კი ლეგენდა) არასდროს იყო პრიორიტეტული.

აბა, როგორ ფიქრობთ ადამიანის ლიკვიდაციაში წლობით ნავარჯიშები ოფიცრები თბილისში, მთავრობის სახლის დერეფანში დასხდებოდნენ საწყობის დარაჯებივით? სინამდვილეში, თბილისში „ალფას“ მთავარი ოპერატიული ამოცანები იყო: ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარება, საპროტესტო მიტინგების ორგანიზატორების გამოსავლენად, მათი შემდგომი დაკავება/იზოლაციის მიზნით; აგენტი-პროვოკატორების შეგზავნა საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა შორის, რასაც საქართველოს სსრ სუკთან ერთად ახორციელებდა და მომიტინგეთა დაშლა/დარბევის ოპერაციაში მონაწილეობა იმ სპეციალური საშუალებებით, რომლებიც მათთვის მზადდებოდა კა-გე-ბეს საიდუმლო ლაბორატორიებში. არ დაგვავიწყდეს, 1989 წლის გაზაფხულია, უკვე მომხდარია ალმა-ათის ტრაგედია, მიხეილ გორბაჩოვის მონდომებით -„პერესტროიკა“ და „გლასტნოსტი“ ძალას იკრებს და ამ დროს თბილისში საგანგებო მდგომარეობის (კომენდანტის საათის) შემოღება, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის ძალის გამოყენებით დაშლა/დარბევა, დიდი დარტყმა იქნებოდა მ. გორბაჩოვის საერთაშორისო პრესტიჟისთვის. 1989 წლის 5-7 აპრილს მიხეილ გორბაჩოვი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, ოფიციალური ვიზიტით. დელეგაციის შემადგენლობაში სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. ინფორმირებული იყვნენ თუ არა ისინი 4 აპრილიდან თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შესახებ, რომლებიც მთავრობის სახლის წინ იმართებოდა? - რა თქმა უნდა. ვინ მიიღო საქართველოში არმიისა და შინაგანი ჯარის დამატებითი დანაყოფების გამოგზავნის გადაწყვეტილება?

ამის შესახებ „სობჩაკის კომისიის“ დასკვნაში დაწვრილებითაა გამოკვლეული.

ირკვევა, რომ 1989 წლის 7 აპრილს სკკპ ცკ-ში გაიმართა თათბირი, რომლის დამთავრებისთანავე სსრკ-ის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა დ. იაზოვმა ზეპირი განკარგულება მისცა გენერლებს – კ. კოჩეტოვსა და ი. როდიონოვს, ჩასულიყვნენ ქ. თბილისში და ემოქმედათ ვითარების შესაბამისად, საკუთარი გადაწყვეტილებებით. იმავე დღეს (07.04.89 წ. 16:50 სთ-ზე) გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა მ. მოისეევმა თავდაცვის მინისტრის სახელით გასცა დირექტივა ქ. თბილისის რაიონში საპარაშუტო-სადესანტო პოლკის გაგზავნის შესახებ, უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ორგანიზაციების დასაცავად და დედაქალაქის შესასვლელ-გასასვლელი ძირითადი გზების გასაკონტროლებლად. ერთდროულად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს თბილისის გარნიზონის სამი საჯარისო ნაწილი. სსრკ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ი. თ. შილოვის ბრძანებით, თბილისში ასევე გაიგზავნა შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები და მილიციის სპეციალური ქვედანაყოფები (განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმები) ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, საერთო რაოდენობით, 2 ათასზე მეტი ადამიანი. საპროტესტო მიტინგის დაშლის ოპერაციის ჩატარების დრო და ფორმები შემდგომ უნდა განესაზღვრათ: პატიაშვილს, ნიკოლსკის, კოჩეტოვსა და როდიონოვს. იცოდნენ თუ არა ამის შესახებ გორბაჩოვმა და შევარდნაძემ? ძნელი დასაჯერებელია 7 აპრილს სკკპ ცკ-ში გამართული თათბირისა და იქ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მათ, უპირველესად გორბაჩოვს, არ სცოდნოდათ! თუმცა ობიექტურობისათვის მ. გორბაჩოვის ვერსიასაც გავეცნოთ.

8-aprili-1770963687.jpg

8 აპრილს იმპერიის ძალის დემონსტრირებამ საპირისპირო შედეგი მოიტანა

1989 წლის 20 აპრილს პოლიტბიუროს სხდომაზე თბილისის მოვლენების განხილვისას მ. გორბაჩოვმა შემდეგი განაცხადა: „ჩამოვფრინდი მოსკოვში და უკვე ვნუკოვოში მეუბნებიან, ჯარია შეყვანილი საქართველოშიო. რა არის ეს? ასე იყო საჭირო? მე მაშინ აეროპორტშივე არ დავიწყე ჩაღრმავება, არ დავაყენე ეჭვქვეშ ეს გადაწყვეტილება. თუმცა უცებ მივხვდი, რომ რაღაც მომწიფდა. მითხრეს, რომ ეს ობიექტების დასაცავად იყო საჭირო, მეტი არაფრისთვის. კომენდანტის საათი რისთვისღა იყო საჭირო? არ იყო საჭირო. სწორი ინფორმაციის მიღება თბილისიდან მოგვიანებით დავიწყეთ. შესაძლოა, ინფორმაციის მოსაპოვებლად იქ ვინმე უნდა გამგზავრებულიყო სუკ-იდან. ამასთან დაკავშირებით შევეხები გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის თემასაც. დაშიფრული მასალის მიღების დროს მე, მაგალითად, მაშინვე ვხედავ, სად არის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელწერა, სად სუკ-ის, სად რომელიმე სხვა უწყების. ბალტიისპირეთის სიტუაციის ანალიზისას მაშინვე შემიძლია განვასხვავო, რა არის მართალი და რას გვახვევენ თავს, როგორც სიმართლეს. (მიმართავს კრიუჩკოვს) – ვლადიმერ ალექსანდრეს ძევ, გიყურებ! ძალზე მნიშვნელოვანია, პროტესტების რამდენი პროცენტი შეიძლება მოდიოდეს წესრიგისა და სიმშვიდის დამრღვევებზე და რამდენი დაკავშირებული იყოს ერში მიმდინარე ღრმა დინებებთან?“ (ციტატის დასასრული).

დავუშვათ 7 აპრილს გორბაჩოვს მართლა დაუმალეს ინფორმაცია, მომდევნო დღეს ანუ 8 აპრილს ხომ შეეძლო მდგომარეობის შეცვლა? ასე რომ, ჩემი აზრით, გორბაჩოვის ეს მონოლოგი თავის მოკატუნების კლასიკური მაგალითია! თბილისში კი დიდი ტრაგედია ახლოვდებოდა. საბჭოთა იმპერიის ხელისუფლება (როგორც სამხედრო, ასევე -პოლიტიკურიც) თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მოშიმშილეების წინააღმდეგ ნამდვილ სამხედრო ოპერაციას ამზადებდა, რომლის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, ა.წ. 9 აპრილს, 3:30-ისთვის მაშინდელ ლენინის მოედანზე განლაგდნენ საჯარისო ნაწილები, რომელთაც მთავრობის სახლის წინ მოედანსა და რუსთაველის პროსპექტიდან რესპუბლიკის მოედნამდე მომიტინგეთა გაძევება ევალებოდათ. მათ შემადგენლობაში იყო: მოსკოვიდან გადმოყვანილი განსაკუთრებული დანიშნულების ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის მე-4 მოტომსროლელი პოლკი – 650 ადამიანი; ქალაქ პერმიდან და ქალაქ ვორონეჟიდან გადმოყვანილი განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმები, შესაბამისად, 120 და 40 ადამიანის შემადგენლობით ; ქალაქ გორკის მილიციის უმაღლესი სკოლის ოფიცრები და კურსანტები - 450 ადამიანი; ქ. თბილისის მე-8 მოტომსროლელი პოლკი - 650 ადამიანი, საქართველოს სსრ შსს - 250 ადამიანი; საჰაერო-სადესანტო პოლკი - 440 ადამიანი. „სობჩაკის კომისიის“ დასკვნის მიხედვით, ოპერაციაში მონაწილეობდა 2600 ადამიანი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, 8 საბრძოლო-სადესანტო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი. ამ ოფიციალურ დოკუმენტში არსადაა ნახსენები სსრკ სუკ-ის სპეციალური დანაყოფების შესახებ, თუმცა „ალფა“ და „ვიმპელი“ ამ სპეცოპერაციაში რომ მონაწილეობდნენ, ამის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრე.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, თუ რა ჩვეულებრივი და სპეციალური საშუალებებით მოხდა 9 აპრილს, გამთენიისას, მშიდობიანი მიტინგის დარბევა, დაჩეხვა და მოწამლვა. შინაგანი ჯარი ეკიპირებული და შეიარაღებული იყო: ჩაჩქანით, ჯავშანჟილეტით, რეზინის ხელკეტით, პირადი შემადგენლობის 50%-ს ჰქონდა ფარი, ოფიცრებს - პირადი იარაღი (პისტოლეტი „ПМ”) ორი გამზადებული მჭიდით. დააკვირდით ამ ჩამონათვალში არაა მოხსენიებული აირწინაღი. მე-4 მოტომსროლელი პოლკის შემადგენლობაში იმყოფებობდა ჯგუფი სპეცსაშუალებით -„ჩერიომუხა”, რომელიც უშუალოდ ამ პოლკის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, პოდპოლკოვნიკ ა. ბაკლანოვს ექვემდებარებოდა. მინდა, მკითხველმა „სობჩაკის კომისიის“ დასკვნის ეს ბოლო აბზაცი დაიმახსოვროს. გასარკვევია, რა ჯგუფი მოძრაობდა, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებით იყო შეიარაღებული? დასკვნაში ვკითხულობთ: „რესპუბლიკის მოედნის მისადგომებთან გაზრდილი წინააღმდეგობის გამო (გასასვლელი ჩახერგილი იყო ტროლეიბუსებით და ავტობუსებით), პოდპოლკოვნიკმა ა. ბაკლანოვმა დამოუკიდებლად გასცა არატაბელური ნაკეთობა К-51-ის (რომელიც შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერება სი-ეს-ს) გამოყენების ბრძანება. გამოიყენეს ოთხი ხელყუმბარა, რომელთაგან ერთმა არ იმუშავა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოდპოლკოვნიკ ა. მ. ბაკლანოვის თვითნებური გადაწყვეტილება К-51-ის გამოყენების შესახებ, შემდგომ მან დამალა მისი გამოყენების ფაქტი. უდავოდ დამტკიცებულია ქლორაცეტოფენონის (ქაფ, CN) გამოყენება „ჩერიომუხის” სახით და ნივთიერება „C-S“ (სი-ეს)-ის (გამაღიზიანებელი მოქმედების მომწამვლელი ნივთიერება) გამოყენება К-51-ის ტიპის ხელყუმბარების სახით “.

k-51-1770963699.jpg

К-51

K-51 არის საბჭოთა წარმოების აეროზოლური ხელყუმბარა, არალეტალური ცრემლსადენი აირით. ის შეიქმნა 1970-იანი წლების ბოლოს. კორპუსი დამზადებულია მყარი პლასტმასისგან, ლითონის ფსკერით. დალუქული კორპუსი სავსეა ფხვნილისებრი, ძლიერ გამაღიზიანებელი, არალეტალური ნივთიერებით ( C-S). K-51 შეიქმნა სამხედროებისა და სპეცსამსახურებისთვის. აეროზოლურ ღრუბელში მოქცეული ადამიანი აირწინაღის გარეშე ვერ ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ხელებით რეფლექსურად თვალებს იწმენდს. სასუნთქი გზები ხველის დროს ქოშინით იხშობა, ხოლო ცხვირი ლორწოთი იჭედება.

9-aprilis-dila-1770963714.jpg

9 აპრილის დილა

„სობჩაკის კომისია“ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ იმ პერიოდში მოქმედი დებულების თანახმად, სპეციალური საშუალებების გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მასობრივი უწესრიგობების აღსაკვეთად, რასაც თან სდევს დარბევები, უწესობები, ნგრევები, ხანძარი, სხვადასხვა ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შენობებზე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმა, აგრეთვე, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა, შინაგანი ჯარის, სახალხო რაზმელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას . დასკვნაში ობიექტურად არის აღნიშნული: „კომისიამ დაადგინა, რომ 1989 წ. 9 აპრილს ქ. თბილისში აღნიშნული ზომების მიღების საფუძველი არ არსებობდაო“.

ასევე დაგაინტერესებთ: "თვითმფრინავის ბიჭებიდან" ალმა-ათის ტრაგედიამდე: საბჭოთა სპეცსამსახურების მზაკვრული ჩანაფიქრი და სპეცრაზმ "ალფას" საიდუმლო მისია"

"დაკითხვის დროს ავტოკალამში დამალული ციანიდის კაფსულის გადაყლაპვა შეძლო და..." - როგორ აკავებდა "ალფა" ცსს-ის აგენტებს საბჭოთა კავშირის დროს

"თვითმფრინავის ბიჭების" საქმე: უცნობი დეტალები - როგორ დაათრო იგორ გიორგაძემ საიდუმლო სპეცრაზმ "ალფას" წევრები

ზვიად გამსახურდიას მთავარი შეცდომა და კითხვა წარსულიდან: რას აკეთებდნენ თბილისში გასაიდუმლოებული სპეცრაზმ "ალფას" წევრები?!

„კომისიის“ განცხადებით, მათ ვერ მოიძიეს მტკიცებულება, რომ მოედანზე იყვნენ და მოქმედებდნენ ექსტრემისტულად განწყობილი პირები და „ბოევიკების” ჯგუფები. ამავე დროს არ არსებობდა ფაქტები, რომლებიც დაამტკიცებდა გენერალ ი. როდიონოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ 9 აპრილისთვის „იქმნებოდა რესპუბლიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდების რეალური საფრთხე”. „არც სუკის ორგანოების მოხსენებებში, არც რესპუბლიკის შსს-ის ოფიციალურ შეტყობინებებში, არც რომელიმე სხვა დოკუმენტში არ არის მსგავსი კონკრეტული ფაქტებიო,“ - ასკვნიდა „სობჩაკის კომისია“. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ამონარიდი დასკვნის ტექსტიდან: „უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივი მონაცემები და მოყვანილი მოსაზრებები არასაკმარისია იმისათვის, რომ სრულად გამოირიცხოს დაშავებულთა ნაწილის მოწამვლის ალბათობა რაიმე სხვა, არაიდენტიფიცირებული მომწამვლელი ნივთიერებით“ (ციტატის დასასრული). „სობჩაკის კომისია“ საკმაოდ ავტორიტეტული მეცნიერებითა და ექსპერტებით იყო დაკომლექტებული და ამიტომ მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრება უთუოდ ყურადსაღებია: 1989 წლის 9 აპრილს, „ჩერიომუხასა“ და „სი-ეს-ის გარდა, ხომ არ იყო გამოყენებული სხვა სახის მომწამვლელი ნივთიერებები? ვინ გამოიყენა? ვის შეეძლო ამ ფაქტის დღემდე დამალვა და კვალის წაშლა?

(მეშვიდე ნაწილის დასასრული)