ჩემი ქონება - ჩემთან! - კვირის პალიტრა

ჩემი ქონება - ჩემთან!

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედი" ძველ მესაკუთრეს დაუბრუნდა, ბევრს გაუჩნდა იმედი და სურვილი, რომ უკანონოდ ჩამორთმეული, წართმეული თუ სხვადასხვა მიზეზით გასხვისებული ქონების უკან დასაბრუნებლად იბრძოლოს. "ლიბერთი ბანკი", ტელეკომპანია "რუსთავი 2", ბენზინგასამართი სადგურების ქსელი "მაგნატი", ორთაჭალჰესი, სიღნაღის რეაბილიტაციის დროს ჩამორთმეული უძრავი ქონება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქონების, რომელთა ძველი მფლოებელები ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის შემდეგ, საკუთრების უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას აპირებენ. არ არის გამორიცხული, რომ ქონების დაბრუნების სურვილი მათაც გაუჩნდეთ, ვინც თავის დროზე სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთარი ნებით დათმო საუკეთესო მიწები ანაკლიაში, გრიგოლეთსა და სვანეთში.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ეს ძალიან რთული პროცესია. ერთია, რაც მოხდა ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით - საქმე სასამართლომდე არც მისულა და პრობლემა მოლაპარაკების გზით გადაიჭრა. რა თქმა უნდა, სხვა ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის ასე მარტივად გადაცემა ვეღარ მოხდება. ძალიან ბევრი საქმეა, როცა ქონების ჩამორთმევა მოხდა გარკვეულ სამართლებრივ საფუძვლებზე. ბევრიც ისეთი საქმეა, სადაც ძალიან უხეში დარღვევებითა და საკუთრების უფლების უგულვებელყოფით მოხდა ამ პროცესის განხორციელება. ვფიქრობ, რომ ნებისმეირი საქმე ინდივიდუალურია და ერთიანი მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ უნდა გამოცხადდეს. არც ის მიმაჩნია მართებულად, რომ ამნისტია გამოცხადდეს და დავა შეწყდეს იმ ქონებაზე, რაც უკანონოდ ან კანონის დაცვით არის ჩამორთმეული. ბევრია ისეთი საქმეა, როცა ზეწოლით, კანონის დარღვევითა და სხვა სახის უხეში ჩარევით მოხდა საკუთრების ჩამორთმევა და შესაძლოა დოკუმენტურად ეს ისე გაფორმდა, როგორც ქონების ნაბაყოფლობით გადაცემა. ამიტომ ამნისტია ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო ფორმა იქნებოდა ამ შემთხვევაში.

არის შემთხვევები, როცა ქონება უკანონოდ იქნა ჩამორთმეული და შემდეგ სხვა პირზე, კომპანიაზე გაიყიდა. მესაკუთრე, რომელიც ამ ქონებას ფლობს კეთილსინდისიერია. ამიტომ, ქონების დაბრუნების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კეთილსინდისიერი ადამიანების უფლებებიც არ შეილახოს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. საქმეების ძალიან დიდი რაოდენობა გამოვიდა საჯაროდ, ბევრიც კიდევ გამოვა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზოგი შესაძლოა სარგებლობდეს შექმნილი ვითარებით და უსამართლო მოთხოვნა ჰქონდეს ქონებაზე. იმიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა საქმის განხილვა, რომ ყველა მხარის ინტერესი იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული.

თუ არის შემთხვევა, რომ მესამე მხარე კეთილსინდისიერი მყიდველია, ხოლო ქონება თავის დროზე უკანონოდ იყო ჩამორთმეული, აუცილებლად უნდა განისაზღვროს იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა ქონების ჩამორთმევაში. ერთ-ერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს მისთვის კომპენსაციის გადახდა.

კარგია, როცა ნებაყოფლობით ხდება ქონების უკან დაბრუნება რეალური მესაკუთრეებისთვის. ამით ადამიანები აღიარებენ, რომ თავის დროზე არასწორად მოიქცნენ, დააშავეს და ახლა ამ დანაშაულის გამოსწორება სურთ. თუმცა, იქნება ისეთი საქმეები, რომლის თაობაზეც დავა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდება და აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება ბევრი მხარის ინტერესების გათვალისწინება.

- ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მაგალითი გვქონდა იმისა, როცა კერძო მესაკუთრეები ნებაყოფლობით თმობდნენ ქონებას სახელმწიფოს სასარგებლოდ. სხვა საქმეა, რა იმალებოდა ამ "ნების" მიღმა, მაგრამ რამდენად შესძლებენ ახლა ისინი დაამტკიცონ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ზეწოლის შედეგად მიიღეს?

- მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ რეიტინგში, Doing Business, დღეს გამოქვეყნდა, რომ საქართველო 185 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა ქონების რეგისტრაციის სიმარტივით. როგორ ხდებოდა საქართველოში გამარტივებული წესით ქონების რეგისტრაცია, ეს კარგად ჩანს ბოლოდროინდელი მოვლენებიდან. როგორც ვხედავთ, ფასადური რეიტინგის მიღმა საკმაოდ რთული პროცესები იმალებოდა.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება სასამართლოზე და იმ ადამიანების მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე, ვინც უნდა თქვას, რის ფასად აწერდნენ ხელს ქონების გადაფორმების დასტურს. ადამიანებს, პირველ რიგში კი ბიზნესმენებს, ბევრი რამ ჰქონდათ დასაკარგი. ხშირად მათ აყენებდნენ არჩევანის წინაშე - ან დათმობდნენ ქონების ნაწილს ან შეიძლებოდა ყველაფერი დაეკარგათ. როცა არჩევანი გაქვს - შეელიო ქონების ნაწილს ან ციხეში ჩაჯდე (ვნახეთ რა პირობები იყო ციხეებში) ბუნებრივია, რომ დგება გადარჩენის საკითხი და ცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებული გამოხვიდე ამ პროცესიდან. ნებაყოფლობით ძალიან ბევრ დოკუმენტზეა ხელი მოწერილი და ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქონების რეგისტრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნებით აფორმებდნენ ქონებას სახელმწიფოზე ან სხვა პირებზე. არ მეგულება მსოფლიოში ბიზნესმენი, ადამიანი, ვინც საკუთარი შრომით მოპოვებულს, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დაუთმობს სხვას. ბუნებრივია, რომ ამის უკან იდგა რაღაც პროცესი.

- თუ ქონების დაბრუნების პროცესი მასობრივ ხასიათს მიიღებს, ვშიშობ რიგ შემთხვევაში გაჭირდება მტყუან-მართლის გარჩევა. თქვენ თავად თქვით, რომ შესაძლოა ბევრმა ისარგებლოს შექმნილი ვითარებით. ხომ არ მივიღებთ ისევ კერძო საკუთარების ხელყოფის ფაქტებს, ოღონდ ახლა სხვა საბაბით?

- ამ მიმართულებით დავების რაოდენობა და მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ამის ასე დატოვება და ამნისტიის გამოცხადება იქნება ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება და ეს ბევრი ადამიანის ინტერესს დააზარალებს. საკუთრება რომ ხელშუეხებელია, ამას დამატებითი არგუმენტაცია არ სჭირდება. თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ სახელმწიფო და აქ ბიზნესი და ინვესტიციები შემოვიდეს, პირველ რიგში საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული. Doing Business-ი ვახსენე და ინვესტორების დაცულობა ამ რეიტინგის მიხედვით ერთადერთი პარამეტრია, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ვითარება გაუარესდა.

სასამართლოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მუქარით და სამართლებრივი პროცედურების დარღვევით არ უნდა მოხდეს ქონების დაბრუნება ისე, როგორც თავის დროზე ხდებოდა. უკლებლივ ყველა დავა განხილული უნდა იყოს სასამართლოში და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინ არის დაზარალებული, ვინ დამნაშავე და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს".

(სპეციალურად საიტისთვის)