ზელენსკი უარი კაპიტულაციაზე ანუ ომი უფრო მასშტაბური გახდება - ჩაეხსნება თუ არა ტრამპი საბოლოოდ რუსეთ-უკრაინის თემას?! - კვირის პალიტრა

ზელენსკის უარი კაპიტულაციაზე ანუ ომი უფრო მასშტაბური გახდება - ჩაეხსნება თუ არა ტრამპი საბოლოოდ რუსეთ-უკრაინის თემას?!

უკრაინის ომში შესაძლო ზავთან დაკავშირებული „იწილ-ბიწილო“ დასრულდა - ზელენსკიმ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა?!

„...ზელენსკიმ მითხრა, რომ ურჩევნია, საერთოდ არ დათანხმდეს შეთანხმებას, ვიდრე თავისი ხალხი აიძულოს, ცუდი შეთანხმება მიიღოს. ოთხწლიანი ინტენსიური ომის შემდეგაც კი ის ამბობს, რომ მზადაა გააგრძელოს ბრძოლა, თუ ეს ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. „უკრაინა არ აგებს“- წერს The Atlantic-ის სტატიაში ცნობილი ჟურნალისტი საიმონ შუსტერი...

1983 წელს მოსკოვში დაბადებული და შემდეგ აშშ-ში ემიგრირებული ამერიკელი ჟურნალისტი საიმონ შუსტერი 2022 წლის აპრილში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ყველა მხრიდან უტევდნენ უკრაინას, ზელენსკის გვერდით ორი კვირა იმყოფებოდა, რის შემდეგაც წიგნიც კი დაწერა მასზე. შესაბამისად, შუსტერი უკრაინის პრეზიდენტთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ უცხოელ ჟურნალისტად ითვლება და ზელენსკიც მას შეიძლება ბევრ ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას უმხელს, რაზეც სხვა ჟურნალისტებთან ერთ სიტყვასაც კი არ დაძრავს...

„...დონალდ ტრამპისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეჩერებაზე დიდი გამარჯვება არ არსებობს, ტრამპისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია ომის აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე დასრულებაა...“ - განუცხადებია ზელენსკის შუსტერისთვის, რითაც უკრაინის პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, პირველად ღიად დააფიქსირა, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ერთწლიანი აქტიური მცდელობების უკან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ზავი როგორმე ჩამოაგდოს, სინამდვილეში მაინც თავად პრეზიდენტ ტრამპის პირადი ინტერესები დგას, მისი შიდაიმიჯის ასამაღლებლად, რათა ეს მოესწროს აშშ-ში ნოემბერში გასამართ შუალედურ არჩევნებამდე. მასში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპს უდიდესი პრობლემები დაემატება თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში...

მაგრამ იმისთვის, რომ ტრამპის პრეზიდენტობას თავად აშშ-ში არავინ გაუწიოს პოლიტიკური ორთაბრძოლა და თავად ტრამპმა გააგრძელოს ტრაბახი უკვე „ცხრა ომის შემჩერებლის“ სახელით, ამისთვის უკრაინა 24 თებერვლამდე უდიდეს დათმობებზე უნდა წავიდეს, დონბასის არაოკუპირებული ტერიტორიების აგრესორი რუსეთისთვის უბრძოლველად „გადასალოცად“?

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს გახლავთ არა მარტო პუტინის, არამედ - ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მოთხოვნაც, რასაც ტრამპის პირადი წარმომადგენლები თავს ახვევენ უკრაინულ მხარეს, დაკეტილ კარს მიღმა მოლაპარაკებების მაგიდასთან...

კიევი შეიძლება დათანხმდეს დონბასის არაოკუპირებული ნაწილიდან უკრაინის არმიის შენაერთების გამოყვანას და იქ შეიქმნას ბუფერული ზონა, მაგრამ იქიდან ასევე უკანდახეულნი უნდა იყვნენ რუსეთის საოკუაპციო ძალებიც.

მოსკოვიც თითქოს ამაზე თანახმაა, მაგრამ ტრადიციული „რუსული სამხედრო ეშმაკობით“ - ბუფერული ზონიდან გავიყვანთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებს, მაგრამ იქ უნდა დარჩნენ „როსგვარდიის“ დანაყოფები წესრიგის დასაცავადო...

ეს სწორედ ის „რუსული სამხედრო ეშმაკობებია“, რომლებითაც ქართული მხარე არა ერთხელ მოგვატყუეს, აფხაზეთის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დადებისას (მათ შორის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაში), რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს უდიდეს პრობლემად გადაიქცა.

ასევე დაგაინტერესებთ: თბილისის გავლით მოსკოვში რუსი ტოპ-გენერლის მოსაკლავად?!

მაყუჩიანი „მაკაროვიდან“ გასროლილ სამ ტყვიას გადარჩენილ რუს ტოპ-გენერალზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს...

"აქამდე გექნათ! ილონ მასკის „სტარლინკის“ კოდირებამ რუსი ოკუპანტების იერიშები ჩაშალა..."

"აპოკალიფსის იარაღზე" კონტროლი შეწყდა - ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ?!

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამერიკელებისგან და ევროპელებისგან ითხოვს რეალურ გარანტიებს, რომ სამშვიდობო ზავის დადების შემდეგ, თუკი რუსეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ისინი ნამდვილად ამოქმედდებიან პუტინის არმიის შესაჩერებლად, მათ შორის -სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი.

მაგრამ ასეთ გარანტიებს, რომ ევროპელი და ამერიკელი ჯარისკაცები სისხლს დაღვრიან უკრაინის მიწაზე, რუსი აგრესორების შესაჩერებლად, არც ევროპა და მით უმეტეს - არც ტრამპის ამერიკა, ზელენსკის არ და ვერც მისცემს, რადგან ეს უკვე მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება, რისიც დასავლეთს პირველი ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, ორგანულად ეშინია და შეიძლება - არცთუ უსაფუძვლოდ...

ასე რომ, რუსეთ-უკრაინის ომი, სამწუხაროდ, გაგრძელდება და გაზაფხულის დადგომისთანავე კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი,სავარაუდოდ, მკვეთრ განცხადებას გააკეთებს უკრაინისა და რუსეთის მიმართ ბრალდებებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით და ჩაეხსნება „მეცხრე ომის“ შეჩერების მცდელობებს... მას ხომ ირანთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვს - რა უყოს ირანთან „მიყენებულ“ ამერიკულ სამხედრო მანქანას - შეუტიოს თუ უკან გააბრუნოს და თავი შეირცხვინოს?