"გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო მინისტრად - ილია დარჩიაშვილი" - შალვა პაპუაშვილი
გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, რა სჭირს, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად - [გერმანიის საგარეო უწყების]ის „აიტიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება ქართველი „აიტიშნიკია“ ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. ამაზე მე პირადად, პასუხს ველი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კითხვას, თუ რატომ არის მითითებული გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი, მარტივად შეუძლია უპასუხოს გერმანიის ელჩმა, „რომელიც გვანებივრებს ხოლმე მისი პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური ინტერვიუებით“.
„მათ შორის, ბოლო ინტერვიუში ვნახეთ, რომ თითქოს და საკმაოდ ყალბად, ჩემი აღქმით, გამოხატავდა წუხილს, რომ ურთიერთობები საქართველოს და გერმანიას შორის არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. აქ მაქვს წამოღებული მონაცემები, ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღებული ოფიციალური მონაცემები, ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა [ინფორმაცია] მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად, 6 თვეში ერთხელ ხდება ნებისმიერი ქვეყნის მონაცემების განახლება. საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია? რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა? ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე, კაბინეტებში, თუ კორიდორში? ეს ხომ სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ და რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე ვებ-ადმინისტრატორის ხარვეზი და გერმანიის ელჩს აქვს შესაძლებლობა შემისწოროს, თუ ეს ასე არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომელთა მონაცემები განახლებულია გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე. პაპუაშვილის თქმით, ესენია, რუსეთი, სირია, ირანი და ა.შ.
„რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ-ადმინისტრატორს, ქვეყანა, რომელზეც გემიანის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან, მის მონაცემებს აახლებენ, არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"