საკლუბო სპორტი ინგრევა, თუ ზოგი ჭირი მარგებელია?
- გაიგე? - "არმია" იშლება! არადა იგი ევროჩელენჯზე აპირებდა გამოსვლას და ხომ არ იცი, რამდენია ჯარიმა რეგისტრირებული გუნდისთვის შეჯიბრებაზე უარის თქმის სანაცვლოდ? - დამირეკა ჟურნალისტმა ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან.
ერთი შეხედვით საქმე შავადაა, მაგრამ ვიდრე ვინერვიულებდეთ, სიტუაციაში კარგად გავერკვეთ, მითუმეტეს, რომ ყველას კარაგად მოეხსენება: ზოგიერთ ტელეკომპანიას სიტუაციის ერთი-ორად დრამატიზება ახასიათებს. "არმია" საკალათბურთო კლუბია, რომელიც ორი წლის წინათ დაფუძნდა და მას თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს. შარშან იგი ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩაება და მსოფლიოს საზოგადოებამ დაინახა, რომ საქართველოში თურმე საკლუბო კალათბურთიც ყოფილა. თუ მანამდე ქართველ გულშემატკივარს მაღალი დონის კალათბურთის ხილვის საშუალება მხოლოდ წელიწადში ერთხელ, სანაკრებო თამაშების თვეში ჰქონდა, შარშან ამას ძლიერი ქართული კლუბის ევროჩელენჯზე გამოსვლა დაემატა და აგვისტოდან იანვრამდე თავს ევროპის საკალათბურთო ოჯახის სრულფასოვან წევრებად ვთვლიდით. სწორედ ეს აკლია ფეხბურთის ქომაგს, რომელსაც არანაკლებად უყვარს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ აგვისტოს მეორე ნახევრიდან ნამდვილი საკლუბო ფეხბურთი ჩვენთვის მხოლოდ ტელევიზორშია - არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე მოხვედრაც სანატრელად გვაქვს.
შარშან "არმიას" ევროჩელენჯის მეორე რაუნდში გასვლამდე მცირედი დააკლდა, წლულს კი კლუბის ხელმძღვანელობამ ამავე შეჯიბრებაში განაცხადი კვლავ შეიტანა და ევროჩელენჯისთვის მზადებაც დაიწყო. მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა შემადგენლობა სრულად დააკომპლექტა, ჩამოიყვანა გამოცდილი უცხოელები, დაიმატა საქართველოს ნაკრების სტაჟიანი წევრები, ლაშა გამყრელიძე, ვლადიმერ ბოისა და მივიღეთ საინტერესო გუნდი...
მაგრამ ევროჩელენჯისკენ მიმავალ, "იალქანაშვებულ" გუნდს "ქარიშხალმა" მოუსწრო - ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა და... აი, რა თქვა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა:
- როგორ უნდა მოხდეს ამ გუნდების დაფინანსება, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ბიუჯეტში განსაზღვრული იყო მათი შესანახი თანხა და ისმის კითხვა, საიდან, რომელი მუხლებით ხდებოდა ამის დაფინანსება? ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ ეს დაუშვებელია და თითოეული თეთრი უნდა მოხმარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
აი, სწორედ ამ განცხადების საფუძველზე დაასკვნეს, რომ "არმია" იშლება და ევროპაში ჯერაც დაუმკვიდრებელ საკლუბო რეპუტაციას შელახვის საფრთხე ემუქრება. თუმცაღა, საქმე არც ისე შავადაა, როგორც შესავალში გამოჩნდა. ამას სპორტის მინისტრობის კანდიდატის, ლევან ყიფიანის სიტყვებიდანაც ვგებულობთ:
- ეს არ არის მთელი კოალიციის გადაწყვეტილება. ბატონი ირაკლი გამოდიოდა პირადი შეხედულებიდან. ეს მართებულია იმ მიმართულებით, რომ სწორი არ არის უწყებრივი გუნდების არსებობა. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, კლუბები არ უნდა იყვნენ საუწყებო დაფინანსებაზე. ამისთვის შესაბამისი სამუშაოა ჩასატარებელი და შუა სეზონში მისი შეჩერება არაა მიზანშეწონილი.
ასე და ამგვარად, "არმია" და სხვა საუწყებო გუნდები შუა სეზონში არ დაიშლება. თუმცა 2013 წლის მაისის შემდეგ მათ ახალი დამფინანსებლის ძიება მოუწევთ. მანამდე გასარკვევია, მთავრობა საერთოდ აიღებს ხელს სპორტული კლუბების დახმარებაზე, თუ არა? ამასწინათ, რუსულ გამოცემა "სპორტში" ფეხბურთელთა და მწვრთნელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ლეონჩენკომ თქვა: მთავრობამ ფეხბურთი რომ არ დააფინანსოს ყველაფერი ჩამოიშლებაო.
რუსეთი არის ქვეყანა, რომელშიც სპორტი ძირითადად მთავრობიდან ფინანსდება. იტალიაში სხვაგვარადაა, უამრავი კერძო კომპანიაა, განსაკუთრებით ძლიერია საბანკო სისტემა და ამიტომაც ვხვდებით კალათბურთელთა მაისურებზე სიტყვა "ბანკს".
ფეხბურთში ესა თუ ის იტალიური სახელოვანი გუნდი ძლიერ ბიზნესმენს ეკუთვნის: საბურავების მწარმოებელს, მენავთობეს და ა.შ. სწორედ ასეთი სისტემისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, მაგრამ სამთავრობოდან კერძო მესაკუთრეობაზე ერთი ხელის მოსმით გადასვლა წარმოუდგენელია. თანაც საქართველოს დარ პატარა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია შერეული მეთოდი, რომელსაც საფრანგეთში ვხვდებით. იქ საფეხბურთო კლუბებს უმთავრესად მუნიციპალიტეტები აფინანსებდნენ, მაგრამ ბოლო თხუთმეტი წელია, ახალი კანონმდებლობის საფუძველზე ქალაქის თუ რეგიონის მმართველობები ამას ვეღარ ახერხებან. თუმცა, არც მთლად ჩამოსცილებიან საქმეს - კლუბებს მცირედით მაინც ეხმარებიან. ფრანგულ კალათბურთსა და რაგბში კი ისეთი სიტუაციაა, როგორიც ფეხბურთში 15 წლის წინათ იყო: სპორტის ამ სახეობებში კლუბებზე მუნიციპალიტეტები ზრუნავენ. იცით რატომ? - იმიტომ, რომ ამა თუ იმ ოლქში ძლიერი საკალათბურთო თუ სარაგბო გუნდის არსებობა გარანტიაა ახალგაზრდობის სპორტით მეტად დაინტერესებისა, რაც თავის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წინაპირობაა.
რუსეთის, იტალიისა და საფრანგეთის მაგალითებზე ზოგადად ვიმსჯელე, მაგრამ როცა ქვეყანაში სპორტის განვითარებაზეა ლაპარაკი, დეტალური შესწავლაა აუცილებელი. ასევე ზოგადად შეიძლება იმის თქმაც, რომ საქართველოსთვის იდეალური ვარიანტი დაფინანსების ფრანგული მოდელია. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მუნიციპალიტეტები კლუბების შესანახად საჭირო მინიმალურ თანხას თუ გამონახავენ, აღარ გვეყოლება "ერთწლიანი გუნდები". ხოლო თუ მათ სპონსორებიც დაეხმარებიან (შეღავათებით უნდა ისარგებლონ თუ არა, ეს ცალკე მსჯელობის თემაა), არათუ საქართველოს დონეზე, არამედ ევროპაში შეეძლებათ ქალაქის სახელის ღირსეულად გატანა.
ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ქალაქის (თბილისი) მთავრობას კი სპონსორების დახმარებით სახელმწიფოებრივი ფუნქცია უნდა დაეკისროს - შეიქმნას ისეთი საფეხბურთო თუ საკალათბურთო გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა თუ ევროლიგაზე წარადგენენ საქართველოს.
- ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მაჩვენებელი საკლუბო სპორტია. როცა წლების განმავლობაში საერთაშორისო არენაზე არ ჩანხარ, რეიტინგი ეცემა. შესაძლოა, რომელიმე სხვა ქვეყნის სპორტსმენს სჯობდე, მაგრამ კლუბში მაინც ის აიყვანონ. სულ სხვა თვალით უყურებენ იმ სახელმწიფოებს, ვისაც ევროლიგაზე საკუთარი გუნდი ჰყავთ. სპორტსმენები საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან, - ეს სიტყვები 4-5 წლის წინათ ვლადიმერ სტეფანიამ სლოვენიელ ჟურნალისტებს უთხრა.
ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)