"რიჩარდ III" მსოფლიოს ათ საუკეთესო სპექტაკლს შორისაა - კვირის პალიტრა

"რიჩარდ III" მსოფლიოს ათ საუკეთესო სპექტაკლს შორისაა

ცოტა ხნის წინ მოსკოვში ჟურნალ "თეატრში" გამოქვეყნდა მსოფლიოს საუკეთესო პოლიტიკურ სპექტაკლთა ათეული, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ხელოვნებათმცოდნეების შეფასებებს ეყრდნობა. ძალიან მნიშვნელოვან რეჟისორებსა და სპექტაკლებს შორის რობერტ სტურუა და მისი "რიჩარდ III" დასახელდა.

ჩამონათვალი სპექტაკლების დადგმის თარიღის მიხედვითაა დანომრილი:

1. ბერტოლდ ბრეხტი, "დედილო კურაჟი და მისი ბავშვები". Deutsche theatre, ბერლინი, 1949

2. ჯუდიტ მალინა და ჯულიან ბეკი `Brig~ Living theatre, ნიუ-იორკი 1963

3. პიტერ ბრუკი "მარატ" RSC ლონდონი 1964

4. იური ლუბიმოვი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" Театр на таганке, მოსკოვი 1964

5. ერვინ პისკატორი "მოკვლევა" Volksbuhne, ბერილნი, 1965

6. პეტერ ცადეკი "ყაჩაღები" Theater Bremen, ბრემენი 1966

7. არიანა მნუშკინა "1789" theatre du soleil პარიზი, 1970

8. რობერტ სტურუა "რიჩარდ III" შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, თბილისი, 1978

9. ფრანკ კასტორფი "შილერის ყაჩაღები" Volksbuhne, ბერილნი, 1990

10 კრისტოფ მარტარელი "მოკალი ევროპელი!" Volksbuhne, ბერილნი, 1993

საამაყო და სასიხარულოა ქართული თეატრის, რობერტ სტურუასა და მართლაც ლეგენდარული მისი "რიჩარდ III"-ის კიდევ ერთი წარმატება. ვულოცავთ რეჟისორსა და საქართველოს ამ ფაქტს.

რობერტ სტურუამ შექსპირის უკვდავი ქმნილება მართლაც უძლიერეს სპექტაკლად აქცია. რაკი პოლიტიკური თეატრი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "რიჩარდ III"-ს 70-იან წლებშიც დიდი დატვირთვა ჰქონდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი დღესაც ისე გამოიყურება, თითქოს საგანგებოდ სადღეისოდ არის დადგმულიო...

რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ III არტისტიზმისა და სადიზმის ზენიტზე იყო! ყოველი მკვლელობა თუ დედოფალი ანას დაუნდობელი ცდუნება ხდებოდა დადუმებული სტატისტების თვალწინ. ეს კიდევ უფრო მეტ ძალას აძლევდა ბოროტ გენიას. სტურუა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უსვამდა ხაზს, რომ მდუმარე სტატისტები ამ ყველაფრის ფონს ქმნიდნენ... დიახ - მდუმარე! თანამედროვე კრიტიკა რას არ ეძახდა ამ სტატისტებს: "კაცუნები "ბოლშევიკის" ფაბრიკაში შეკერილი კოსტიუმებით", ბრეჟნევის მსახურები თუ ანდროპოვის უხმო მორჩილები... როცა სტურუას "რიჩარდი" ევროპაში ნახეს, გაოგნება ვერ დაფარეს. ზოგირთმა კრიტიკოსმა "დაუნდობელი ნიჰილიზმი" დაინახა ამ გადაწყვეტაში... "რიჩარდ III"-ს ტრაგედია-ფარსი უწოდეს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული... თუმცა დრომ აჩვენა, რომ რობერტ სტურუა ნებისმიერ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაზე მაღლა დგას. ის ზოგადსაკაცობრიო სიმაღლიდან ელაპარაკება მაყურებელს და ამიტომაცაა, "რიჩარდ III" დღევანდელი სპექტაკლიცაა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათეული წლები გავიდა!

როგორი ნიშანდობლივია სასტიკი ინტრიგების დამხლართავი რიჩარდის ფრაზა: "ეს შემჩნეული მაქვს, რომ შიში, ფიქრიანობა ჭკვას ზედ აწვება ტყვიასავით, ზანტობას აჩვევს და სიზანტეს ხომ ლოკოკინის ბედი მოელის, - ადამიანსა აუძლურებს გლახა მათხოვრად ხდის"...

ან რა სულისშემძვრელია ეპიზოდი, სადაც ევროპის რუკიდან ამოზიდული ორი გიგანტური ფიგურა ებრძვისვის ერთმანეთს. (რობერტ სტურუასეული ეს მიგნება შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა და ერთ-ერთ აღიარებულ სპქტაკლში გაიმეორეს კიდეც).

დაბოლოს, რიჩარდ III-ის უკანასკნელი ფრაზა: "ოჰ ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!" რითი არ არის ეს დასასრული ჩვენი დღევანდელი სიტუაციის ექო?

ლელა ჯიყაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)