"საქართველოს "ჭორვილიზაციას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები" - კვირის პალიტრა

"საქართველოს "ჭორვილიზაციას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამ შეხვედრისას, ყველაზე კომიკური გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე იყო, რომელმაც ივანიშვილს ანეკდოტის მოყოლა სთხოვა; ყველაზე გოროზი ნუგზარ წიკლაური, რომელმაც კვლავაც თავდაჯერებულად განაცხადა, რომ ივანიშვილი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს და იქვე დაგვამშვიდა, რომ ამას "შეკავშირებული პატრიოტული ელიტა" ივანიშვილს არ დაანებებს; ყველაზე კონსტრუქციული კი გია ბარამიძე იყო, რომელმაც გაამხილა, რომ სურს მთელი ქვეყანა ჭორვილას ჰგავდეს.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით: "შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყნაში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია. ივანიშვილის გამოსვლა იყო საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ დეპუტატზე. ასევე "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჩვენა, რომ ამ შეხვედრაზე ახალი საარჩევნო ციკლის დაწყება სცადა, თუმცა ისევ დემაგოგიითა და ტყუილებით. ეს განსაკუთრებით ბიუჯეტზე საუბრისას გამოჩნდა, როდესაც ითქვა, რომ თურმე ახალ ხელისუფლებას ხაზინაში 2 მილიარდი ლარი ხვდება, რაც ტყუილია. ფინანსთა მინისტრობის კანდიდტმა ნოდარ ხადურმა ეს ტყუილი დოკუმენტალურად გააქარწყლა".

შეხვედრის შეფასება უმცირესობის წარმომადგენელ კაკო ბობოხიძეს ვთხოვეთ.

- ბატონო კაკო, ბიძინა ივანიშვილისგან რამდენად ამომწურავი პასუხები მიიღეთ თქვენს კითხვებზე?

- გულწრფელად გეტყვით, რომ პასუხებმა არათუ არ დამაკმაყოფილა, ჩვენს კითხვებზე ივანიშვილს პასუხები საერთოდ არ ჰქონია. ამის მიზეზად ბატონ ბიძინას მოჰყავს ის, რომ არ იცნობს საქართველოს ბიუჯეტს და არ იცის, რა შემოსავლები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას რეალურად. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ბატონ ბიძინას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ბიუჯეტის პარამეტრები დაედგინა და გაეგო ისიც, ამ საბიუჯეტო შემოსავლებით რა პრიორიტეტების დაფინანსება შეიძლება. ფაქტობრივად, არც ერთ საარჩევნო დაპირების განხორციელებაზე კოალიციას დასახული გეგმა არ აქვს, მათ არც სავარაუდო ვადები იციან…

- უმცირესობის თითქმის ყველა წარმომადგენელი დაჟინებით ითხოვდით ბიძინა ივანიშვილისგან ამა თუ იმ პროექტის განხორცილების ვადების დასახელებას, ეს წინასწარ გქონდათ დაგეგმილი, თუ შემთხვევით მოხდა?

- ჩვენ დღე, რიცხვი და საათი არ მოგვითხოვია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, ამ დაპირებების შესასრულებლად ერთწლიანი გეგმა აქვთ თუ ხუთწლიანი? ბატონი ბიძინა ლაპარაკობს, რომ ამა თუ იმ დაპირების შესრულება დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ბუნებრივია, რომ ფულის ხარჯვა შემოსავლებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ხომ მეტ-ნაკლებად გათვლილი უნდა ჰქონოდათ, როცა დაპირებებს იძლეოდნენ. ჩვენ გვაინტერესებს ახალი მთავრობის პირობებში, ქვეყნის ბიუჯეტიდან ხალხმა მეტი სარგებელი როგორ უნდა მიიღოს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

ასევე გვაინტერესებს, როდის დაიწყებს "ქართული ოცნება" დაპირებების შესრულებას. ივანიშვილი აცხადებს, ეკონომიკური წინსვლა თუ იქნება - პენსიაც გაიზრდებაო, მაგრამ როდის, ათი წლის შემდეგ? ქვეყნის წინსვლისთვის რას აპირებენ? ამის გეგმებს ვითხოვდით ბიძინა ივანიშვილისგან... ასევე ჩემთვის სრულიად მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ თურმე ყველაფერი ბლეფია, რასაც საქრათველომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში მიაღწია. ამგვარი ლაპარაკი არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯს დააზარალებს, არამედ ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას. ამ ყველაფერზე უარი თქვა იმიტომ, რომ ამას სააკაშვილმა მიაღწია და ყველაფერი ნულიდან დაიწყო, არასწორია. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი მოუვიდა მისი ნაკლები პოლიტიკური გამოცდილების გამო. ის შეიძლება იყოს ძალიან გამოცდილი ბიზნესის წარმოებაში, მაგრამ პოლიტიკაში მაინც ახალი კაცია. ბიძინა ივანიშვილმა ერთი რამ უნდა გაიგოს, მას მხოლოდ ძველი ხელისუფლების შეცდომებზე აპელირებით არაფერი გამოუვა, მან ამ შეცდომების ფონზე უნდა დაგვანახოს წინსვლა. ჩვენი მოსახლეობისთვის ესაა მთავარი და არა ის, ვინ ვის რაში ამხელს.

- ბატონო კაკო, გია ბარამაძემ თქვა, გვინდა ჩვენი ქვეყანა ჭორვილას დაემსგავსოსო, თქვენც იზიარებთ ამ სურვილს?

- მე არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა ეგ გია ბარამიძემ, მაგ მომენტისთვის არ მომისმენია. თუ ის გულისხმობდა, რომ ისეთივე კარგი ცხოვრების დონე უნდა იყოს საქართველოში, როგორც ეს ჭორვილაშია, მაშინ ამას ვეთანხმები, მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა მოხდეს საქართველოს "ჭორვილიზაცია", ანუ ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსოს ეს ქვეყანა და შეინახოს ხალხი, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ვიმედოვნებ, რომ ამის სურვილი არც ბიძინა ივანიშვილს ექნება. ჩვენ ჩვენი შრომით უნდა ვიშოვოთ ლუკმაპური, სახელმწიფომ და მთავრობამ ამაში უნდა შეუწყოს ხელი ქვეყნის მოსახლეობას. არ უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ ვიღაცა შეგვინახავს. ამის მოლოდინი თუ ვინმეს აქვს, ეს თავად ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააქარწყლოს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)