ტრამპი, მეორე და მსოფლიოში ყველაზე დიდ ატომურ ავიამზიდს აგზავნის ირანისკენ...
საბოლოოდ დადასტურდა, რომ მალე ირანს შეიძლება მეორე ამერიკული ატომური ავიამზიდიდან აფრენილმა თვითმფრინავებმაც შეუტიონ...
აქამდე ირანს არაბეთის ზღვაში მოდრეიფე ამერიკული საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი თუ ემუქრებოდა, ატომური ავიამზიდის USS Abraham Lincoln-ისა და კიდევ ცხრა საბრძოლო ხომალდის სახით,რაც თეთრმა სახლმა ეტყობა ნაკლებად დამაჯერებელ დამაშინებელ ფაქტორად ჩათვალა თეირანისთვის და ბრძანება გასცა ირანის მიმართულებით კიდევ ერთი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის გადასროლაზე.
ეს არის მსოფლიოში უდიდესი და უახლესი ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი თანმხლებ საესკადრო ნაღმოსნებთან ერთად,რომლებიც აქამდე კარიბის ზღვაში მოქმედებდნენ და უზრუნველყვეს ის ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია,რომლის შედეგადაც მოტაცებული იქნა ვენესუელის პრეზიდენტი მადურო.
ამერიკული საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ მეთაურობით თავიდან ხმელთაშუა ზღვაში იყო განთავსებული და ევალებოდა ისრაელის საჰაერო სივრცის დაცვაში დახმარება თავისი „სტანდარდის“ ტიპის ანტირაკეტებით,თუკი ირანი, მასზე თავდასხმის საპასუხოდ ბალისტიკურ რაკეტებს გაუშვებდა ისრაელის ქალაქების მიმართულებით,როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა გასულ წელს,ისრაელ-ირანის 12 დღიანი საჰაერო ომის დროს.
მაგრამ,პრეზიდენტ ტრამპის საიდუმლო ბრძანების თანახმად, ატომური ავიამზიდი „ჰერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვიდან კარიბის ზღვაში „გამოიძახეს“ მადუროს მოტაცების სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.
და ისე აღმოჩნდა, რომ ა.წ.-ის დასაწყისში, როდესაც ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, აშშ-ებს უბრალოდ არ აღმოაჩნდათ ერთი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფიც კი ირანის სიახლოვეს, რომ ამ ავიამზიდიდან აფრენილ თვითმფრინავებს დემონსტრაციულად მაინც დაეჭირათ მხარი ირანის ოპოზიციისთვის, რისი დაპირება პრეზიდენტმა ტრამპმა ავანსად გასცა,როდესაც ირანელ დემონსტრანტებს მოუწოდა-გააგრძელეთ სახელმწიფო ინსტიტუტების დაკავება,დახმარება გზაშიაო...
შეიძლება პრეზიდენტი ტრამპი ამ დახმარებაში გულისხმობდა „აბრაჰამ ლინკოლნის“ ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნას სამხრეთ აზიის რეგიონიდან არაბეთის ზღვისკენ, თუმცა მის გადასვლას თითქმის ორი კვირა დასჭირდა და რა თქმა უნდა დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან ირანის ხელისუფლების ძალოვანმა სტრუქტურებმა სასტიკად ჩაახშეს ქუჩის საპროტესტო გამოსვლები.
მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, ირანის გარშემო სახმელეთო აეროდრომზე აშშ-ებმა თავი მოუყარა ძლიერ საჰაერო დამრტყმელ დაჯგუფებას ასზე მეტი დამრტყმელი და დამხმარე თვითმფრინავის სახით, რასაც ემატება არაბეთის ზღვაში მოდრეიფე ატომური „აბრაჰამ ლინკოლნი“ და მისი თანმხლები საესაკდრო ნაღმოსნები, ასევე ატომური წყალქვეშა ნავები, მათ შორის „ჯორჯიაც“, რომელსაც 154 ერთეული „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ ვერ გაბედა გაემეორებინა გასული წლის დაბომბვა, რომელიც ამჯერად უფო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს.
აშშ-ები აგრძელებენ მოლაპარაკებათა სერიას ირანთან, თუმცა დადებითი შედეგის იმედი ნაკლებადაა, რადგან ურთიერთმოთხოვნები თითქმის შეუსრულებლად მოჩანს-თეირანი კიდეც რომ დაეთანხმოს ვაშინგტონს ირანის ბირთვული პროგრამის „გაყინვაზე“, ის არ წავა ბალისტიკური რაკეტების თვითაკრძალვაზე, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვს ტრამპის უკან მდგარი ნეთანიაჰუ, რადგან სწორედ ბალისტიკური რაკეტები, თუნდაც ბირთვული ქობინების გარეშე, წარმოადგენს ირანის უმთავრეს „სტრატეგიულ ხელკეტს“ საპასუხო, შურისმაძიებელი შორი დარტყმების განსახორციელებლად ისრაელის ქალაქებსა და ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
მეორე და მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური ავიამზიდის „ჯერალდ ფორდისა“ და მისი თანმხლები სარაკეტო ხომალდების ხელახალი გაგზავნა ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის სანაპიროსთან, იმაზე შეიძლება მიუთითებდეს,რომ ამ დღეებში, ჟენევაში დაგეგმილი ამერიკულ-ირანული მოლაპარაკებების უშედეგოდ დამთავრების შემთხვევაში, პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება გაბედოს ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების დაწყება...