„ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა“ - კვირის პალიტრა

„ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა“

მთავრობამ "უმაღლესი განათლების რეფორმის" ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება. შესაბამისად, როგორც სასწავლო პროგრამებს, ისე მისაღები სტუდენტობის რაოდენობას სახელმწიფო დაადგენს. 2026-2027 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 6650-ით განისაზღვრა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. დადგენილების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 21 300-ით განისაზღვრა. რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების რაოდენობა 3233 იქნება, საიდანაც 1013 თსუ-ისთვის არის განსაზღვრული, 660 სტუ-ის პროგრამებისთვის, ხოლო 60 - ილიას უნივერსიტეტისთვის. ამ რიცხვებიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება უკიდურესად ზღუდავს ილიას უნივერსიტეტს. სად მიიყვანს დაწყებული რეფორმა საქართველოს განათლების სისტემას, ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან.

giaxuxashvili-1750442893.jpg

- მოსაზრება, რომ ხელისუფლების წამოწყებული ე.წ. რეფორმა ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული, სრულიად საფუძვლიანია, ისევე როგორც შენონების გასხვისებასთან დაკავშირებული სრულიად ბანალური, მერკანტილური მოტივი, თუმცა მე ამ პრობლემას უფრო ფართოდ შევხედავდი.

დავიწყებ იმით, რომ რეჟიმის ფორმირების პროცესში ხელისუფლებას აქვს გარკვეული პრობლემები, რაც სხვადასხვანაირია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ახალ თაობასთან კონფლიქტი. ამ რეჟიმის ფორმირება ხდება პოსტსაბჭოთა მენტალიტეტზე დაყრდნობით, რაც სრულიად უცხოა ახალი თაობისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფერს თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, რუსი იმპერიალისტი იდეოლოგები ბოლო წლებში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, საქართველოში ყველაფერი სწორად მიდის, მაგრამ პრობლემაა ახალი თაობა, რომელიც სრულიად გაუცხოებულია ჩვენს წიაღთან, რუსული ენაც კი არ იცისო. მათი აზრით, ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ახალი მოდელით მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, ეს ე.წ. განათლების რეფორმა გარკვეულწილად შიდაპოლიტიკური მოტივებითაც არის განპირობებული, მაგრამ, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ფაქტორია. გარკვეული ქმედებები მეტყველებს, რომ ამ რეფორმების სტრატეგია სწორედ კრემლთან კოორდინაციაშია შემუშავებული.

ახლა შევეცდები ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. გავიხსენოთ, რით დაიწყეს ეს რეფორმა - გამოცხადდა 3 ინიციატივა: პირველი - განათლების საერთაშორისო ცენტრის გაუქმება, მეორე 11-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასვლა და მესამე - უმაღლესი განათლების სისტემის მოწყობა პრინციპით: "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი". რას იძლევა ეს სამი ინიციატივა? - ართულებს ცივილიზებულ სამყაროში განათლების მიღებას. მოგეხსენებათ, 11-წლიანი განათლება ცივილიზებულ სამყაროში არსად არ არის, ანუ 11-წლიან ატესტატს არსად არ იღებენ. ერთადერთი ქვეყანა არის რუსეთი, სადაც ის შეიძლება იყოს მოქმედი და ასევე დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში. პირველი ორი ინიციატივა სწორედ ამგვარი შედეგის მიღებას ემსახურება, ანუ გადაუკეტონ ქართველ ახალგაზრდებს ცივილიზებული, დასავლური განათლების მიღების გზები.

რაც შეეხება მესამეს, უნდათ შექმნან ხელოვნური დეფიციტი მოთხოვნად პროფესიებზე და საბოლოოდ იძულებული გახადონ ქართველო მშობლები და აბიტურიენტები, რომ უცხოეთში ეძებონ განათლების მიღების საშუალებები, თუმცა ვინაიდან ხელისუფლება მათ დასავლეთისკენ გზებს ყველანაირად უჭრის, ალტერნატივად რჩებათ მხოლოდ რუსეთისა და დსთ-ის ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტები.

- ობიექტურობა მოითხოვს შევნიშნოთ, რომ ამ მომენტისთვის ხელისუფლება ამბობს, თუ მოსწავლეს ექნება სურვილი, მას შესთავაზებენ 12-წლიან სწავლებასაცო.

- რეალურად როგორ განხორციელდება ეს შეთავაზება ან საერთოდ, განხორციელდება თუ არა, არავინ იცის. ვინმემ დაასაბუთა, რა მოტივით გადაწყვიტეს 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა? თუ ჩვენი მიზანია ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში, მაშ, რატომ ვამბობთ უარს ვიყოთ საერთაშორისო, გლობალური განათლების სისტემის ნაწილი? ყველაფერი, რასაც ახლა ამბობენ, რომ ვიღაცა 12 წელს ისწავლის, რეპეტიტორიუმს თუ რაღაც მსგავსს ქმნიან, ეს წყალზე ნაწერი ისტორიებია, რაც ან განხორციელდება, ან არა. მთავარი დამაზიანებელი და სახიფათო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ვიმეორებ, ილიას უნივერსიტეტი ნამდვილად არის კონკრეტული სამიზნე, მაგრამ პრობლემა გაცილებით გრძელვადიანი და გლობალურია.

რეზიუმე რომ გავაკეთო, ეს რეფორმა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს განათლების სისტემის სრული ინტეგრაცია მოხდეს რუსულ იმპერიულ განათლების სისტემაში. ამ ე.წ. რეფორმის სტრატეგია ამისკენ არის მიმართული. საერთოდ, რბილი იმპერიული ძალა ასე მოქმედებს, ხდება სინქრონიზაცია და ინტეგრაცია სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ პროცესების ამგვარ განვითარებას პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და ახლა უკვე განათლების მიმართულებითაც. ახლა ცდილობენ ახალი თაობის რეინტეგრაცია მოახდინონ ამ იმპერიულ სივრცეში. თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა ფარულად თუ აშკარად კრემლის დაკვეთილია. მე არ ვამბობ, რომ ვისი ხელითაც ეს კეთდება, ამ ყველაფრის აზრზე არიან, ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინი იღებენ დავალებას, ასრულებენ და სულაც არ იციან, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი.

- ამის პარალელურად ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ძალიან ცდილობს ურთიერთობა დაამყაროს თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან. ვნახეთ, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი იტალიაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე და იქ ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ხანმოკლე შეხვედრაზე ინფორმაცია როგორ მიახარეს ქვეყნის მოსახლეობას. ამასთანავე, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში იმყოფებოდა სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც შეძლოს ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა?

- "ქართული ოცნება" ნამდვილად ცდილობს ჩვენი ხალხი დააჯეროს, რომ აშშ-ისთვის სულერთია ვინ არის აქ ხელისუფლებაში, რომ მათი არადემოკრატიული ნაბიჯების მიუხედავად, მათთან ილაპარაკებენ და ა.შ. ასე არ მოხდება და აგიხსნით რატომ, თუმცა მანამდე ფაქტებს შევხედოთ - ყაველაშვილი კი ლაპარაკობს ვენსსა და რუბიოსთან გულთბილ საუბარზე, მაგრამ პირადად მე მიჩნდება კითხვა, რა ენაზე ელაპარაკა? სავარაუდოდ, პროტოკოლის ფარგლებში ნამდვილად გამოელაპარაკნენ და სულ ეს იყო.

ვინაიდან იციან საზოგადოების განწყობა, ცდილობენ იმიტირებასა და ილუზიების შექმნას, თითქოს კიდევ შეუძლიათ მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა. შესაბამისად, არაფრისგან სცადეს ისტორიის შექმნა, სინამდვილეში კი ეს იყო წმინდად პროტოკოლური, შემთხვევითი გასაუბრება და არ ყოფილა ცალკე დანიშნული შეხვედრა, მით უფრო, რომ ამერიკელებმა კარგად იციან, ვინ არის ყაველაშვილი და რა წონა აქვს მის ფიგურას. რაც შეეხება მდინარაძის ვიზიტს, ვფიქრობ, ის არ იყო პოლიტიკური ვიზიტი და უკავშირდებოდა ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესს, რაც, დიდი ალბათობით, ამერიკელების ინიციატივით შედგა. მოგეხსენებათ, ირანთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი არსებობს, ასევე არსებობს გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები და ამერიკელებისთვის საქართველო, როგორც შესაძლო დროებითი პლაცდარმი, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ამ სცენარების გათვალისწინებით. იქაურ დემოკრატიას აქვს თავისი სტანდარტი - სპეცსამსახურების ხელმძღვანელთან ლაპარაკობენ სპეცსამსახურებზე, პოლიტიკოსებთან - პოლიტიკურ თემებზე... ამ ვიზიტს რაიმე პოლიტიკური შედეგი რომ ჰქონოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამას როგორ გააფორმებდა და როგორ მიაწვდიდა მოსახლეობას.

რაც შეეხება იმიტაციებს, რომ მათ კიდევ აქვთ აშშ-თან ურთიერთობის აღდგენის რესურსი, ეს არის ერთგვარი ნიღაბი იმ რეალური გზისა, რაც აირჩია "ქართულმა ოცნებამ". ჯერჯერობით არ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ვითარება ისეა მომწიფებული, რომ პირდაპირ გამოგვიცხადონ, გაუმარჯოს რუსეთის იმპერიას და საბჭოთა კავშირის აღდგენასო. იმაზეც კი ლაპარაკობენ, ევროკავშირში გვინდაო, ოღონდ დილით ევროკავშირს ლანძღავენ, რაღას არ აბრალებენ, საღამოს კიდევ ევროპაში მიდიან. ეს არის ობივატელზე გათვლილი ვირეშმაკული თამაში, ადამიანზე, რომელიც უპირობოდ იღებს პროპაგანდას, მით უმეტეს, თუ ის ინტენსიურია. დღეში 10-ჯერ ტყუილს რომ გეტყვიან, ბოლოს და ბოლოს, დაიჯერებ.

რეალურად აშშ-თან იქნება თუ ევროპასთან, ვითარება მარტივად ლაგდება - თუ გინდა დასავლურ სივრცესთან სიახლოვე, ინტეგრირება, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გამაგრებული, იმ სტანდარტებთან უნდა მოხვიდე შესაბამისობაში, რაც ამ სივრცეს აქვს; თუ გინდა აშშ-თან დალაგება, სულ ცოტა, არ უნდა გყავდეს პოლიტიკური პატიმრები.

- მას შემდეგ, რაც ჯეი დი ვენსი ყაველაშვილს მილანში შეხვდა, ის ეწვია ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს; გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანასთან და რაც მთავარია, რეალურად იწყება ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა, რომელიც ექსპერტთა დიდი ნაწილის თქმით, შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთს დიდ კონკურენციას გაუწევს.

- სამწუხაროდ, ამ მხრივ დრამატული ვითარებაა. საქართველო, როგორც სუბიექტი, საერთაშორისო ურთიერთობებში გაქრა. ეს ჩანს ყველაფერში, მათ შორის ამ ვიზიტშიც. საქართველოს არ ელაპარაკებიან, არ მიიჩნევენ ამას შესაძლებლად. ვიღაცა ფიქრობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკა ყალიბდება კრემლში და თუ დასჭირდათ, ჯობს კრემლს ელაპარაკონ და არა ამათ. არის მეორე მნიშვნელოვანი განზომილებაც - რამდენიმე დღის წინ მარკო რუბიომ ირანზე საუბრისას ასეთი რამ თქვა, ამ ქვეყანასთან რთულია ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას მართავს ვიღაც, არაინსტიტუციური სულიერი ლიდერი და ლაპარაკს ინსტიტუციურ ხელმძღვანელობასთან აზრი არა აქვს, რადგან ისინი გადაწყვეტილებებს არ იღებენო. ეს ნათქვამი პირდაპირ ვრცელდება საქართველოზეც, ქვეყანას მართავს არაინსტიტუციური პირი, სახელმწიფო მოღვაწეებისთვის კი, რომლებმაც უნდა ილაპარაკონ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, პარტნიორობაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ელაპარაკებიან. კობახიძესთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან ის ამ ლაპარაკში იძულებული იქნება, სულ ცოტა, გამოიყენოს ზარი ახლობელთან, თვითონ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. საერთაშორისო ურთიერთობებში თითქოს პირად ურთიერთობებს არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აშშ-ის ან ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი რომ ხარ, რომელიმე ქვეყნის ფოსტალიონს რატომ დაელაპარაკები? დიქტატორებსაც ელაპარაკებიან, აგერ პუტინსაც კი, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მტრად მიიჩნევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინი ინსტიტუციონალიზებული დიქტატორია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ამიტომ ელაპარაკებიან. ამავე პრინციპით ელაპარაკებიან ლუკაშენკოსაც... აქ ვის დაელაპარაკონ? - ივანიშვილი თვითონ არ ჯდება მოლაპარაკებებზე, მაგრამ რომც დაჯდეს, ოფიციალურ შეხვედრებს მასთან ვერ გამართავენ. ამ თვალსაზრისით ერთგვარ ჩიხში ვართ.

ივანიშვილს შეიძლება უნდა ამ ჩიხიდან გამოსვლა, მაგრამ ამის ერთადერთი გზა არსებობს - მისი ინსტიტუციონალიზაცია, უნდა გამოვიდეს ბუჩქებიდან და ფორმალურად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში კიდევ არის მცირე შანსი, რომ ეს ურთიერთობები წავიდეს დალაგებისკენ.

ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა. 5-10 წლის წინათაც კი, ვიდრე საქართველოს სრული დეგრადაცია და სტერილიზაცია დაიწყებოდა, ეს შეხვედრები აუცილებლად გაიმართებოდა თბილისში. დიახ, ჯეი დი ვენსი მათ საქართველოში შეხვდებოდა, რეგიონების ერთიანობის ცენტრი და დასავლეთთან ურთიერთობის მთავარი გამტარი ხომ აქამდე საქართველო იყო. შეხედეთ, კობახიძეს თითქმის არსად არ იწვევენ და არსად არ დადის, მაგრამ სადაც მიდის, იქაც ობოლი ბავშვივით დგას ხოლმე, იქაც კი არავინ ელაპარაკება, თუ არ ჩავთვლით ბოტსვანის პრეზიდენტს.

რაც შეეხება შუა დერეფნის თემას, ჩემი აზრით, დღეს ანაკლიის პორტი უკვე ექსპლუატაციაში რომ ყოფილიყო გაშვებული, ზანგეზურის საკითხი შეიძლება არც დამდგარიყო, რადგან ახალი დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება აზრს დაკარგავდა. ზანგეზურის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოში მოხდა ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციის ხელოვნური ტორპედირება. ჩვენ ეს გეოპოლიტიკური ფუნქცია სულ გვქონდა, მაგრამ საჭირო იყო მისი განვითარება, მაგრამ ამის ნაცვლად ხელისუფლებამ თვითონ მოახდინა საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის საბოტირება, რაც იყო უპირველესად რუსეთის ინტერესი. თუმცა მოსკოვის ინტერესში არც ზანგეზურია. რადგან დაინახეს, რომ საქართველოში მიმდინარეობდა შუა დერეფნის განვითარების საბოტაჟი, იძულებული გახდნენ დიდი მოთამაშეები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის გზის ალტერნატიული დერეფნის გაჭრა, შეეცვალათ მიმართულება და საბოლოოდ ყურადღებამ გადაინაცვლა ზანგეზურის დერეფანზე. მე არ ვამბობ, რომ მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოზე გამავალი დერეფანი სრულად გაუქმდება, მაგრამ ტვირთები ძალიან შემცირდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს აქვს პირდაპირი ინტერესი ტვირთები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ სწორედ მისი პორტების საშუალებით გადაიზიდოს. დიახ, თურქეთს აქვს ამბიცია გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი ჰაბი. ამას ერდოღანი არც მალავს, ზანგეზური კი მას ამის შესაძლებლობას აძლევს.