„ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“…
მეოცნებეც იყო და რომანტიკულიც, ბუნებამ მრავალი ნიჭით დააჯილდოვა: სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც 1919 წელს დაასრულა და შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში შევიდა სიტყვიერების, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მორცხვიც იყო და კდემამოსილიც, ამავე დროს - ბავშვურიც და გამჭრიახი გონებისაც; გულიანიც იყო და გონიერიც, პრინციპულიც, გულკეთილიც; რეალისტიც და მეოცნებეც, თავისუფალი სულის და მოსიყვარულეც. ქართული ლიტერატურა შესანიშნავად იცოდა, უცხოურ ლიტერატურასაც ეცნობოდა და კალამიც უჭრიდა - წერდა დიდებული ქართულით და იმედოვნებდნენ, რომ მომავალში საინტერესო მწერალი გამოვიდოდა, ოღონდ... ამქვეყნად ძალიან ცოტა ხანს დაჰყო - ბედნიერ ცხოვრებას შენატროდა, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად განსაჯა. მისი ცხოვრება უფრო ღვთისგან მოვლენილ მისიას ჰგავდა - რთულ საუკუნეში დაიბადა, მე, შენ, კიდევ - ჩემები, შენები, სხვები რომ გადარჩენილიყვნენ და საუკუნეების შემდეგ მის წუთიერ, მაგრამ სიყვარულით და სიბრძნით სავსე ცხოვრებას გავცნობოდით. ის გმირად წავიდა მარადიულ საუფლოში და ამ მორცხვ და სიყვარულით აღსავსე გოგონას მარო (მარიამ) მაყაშვილი ჰქვია!
შესანიშნავი ოჯახიდან იყო - მამა, კოტე მაყაშვილი ცნობილი პოეტი, მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე იყო, ხოლო დედა, თამარ გაბაშვილი-მაყაშვილისა, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი გახლდათ. დღეს მას ყველა მარო მაყაშვილად იცნობს - 19 წლის სამშობლოს დამცველ უმამაცეს გოგონად, რომელმაც საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდში ხანმოკლე დროით იცხოვრა და 1921 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული გმირის სახელით მარადიულ სიცოცხლეს შეერწყა - მაროს დღიური კი 16-19 წლის ასაკში რომ წერდა, მხოლოდ მისი აღარც არის, რადგან ინტერნეტშიც მოიძიებ და უკვე წიგნადაც იქცა - "პალიტრა L-მა" გამოსცა და მისი შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" ფილიალებში.
აქ უკვე არა მარტო ერთი მორცხვი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული გოგონას ცხოვრების, ტკივილის თუ სიყვარულის ამბებს ვეცნობით, არამედ საქართველოს ისტორიის უმძიმეს ეპოქასაც, როდესაც საქართველოში საბჭოთა რუსეთის მოსვლით "შემოდიოდა სიკვდილი ცელით"!
რეჟისორის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილისგან ბევრი ამბავი მომისმენია მაყაშვილების ოჯახზე, რადგან მისი ბებია მწერალ კოტე მაყაშვილის ქალიშვილი, ნინა მაყაშვილი გახლდათ.
- მარო მაყაშვილის მამას - პოეტს, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველ თავმჯდომარეს კოტე მაყაშვილს და მის უფროს ძმას სოლომონს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. სოლომონი იყო გენერალ-მაიორი, თვალსაჩინო პიროვნება. კოტე, ფაქტობრივად, მის ოჯახში იზრდებოდა. მაყაშვილები და ჩოლოყაშვილები ისედაც ენათესავებოდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ კიდეც. ქაქუცა ჩოლოყაშვილიც ხშირად სტუმრობდა მაყაშვილების ოჯახს. მახსოვს, ბებიაჩემი ნინა ხშირად იხსენებდა, როგორ ადიოდა ცხენზე ამხედრებული ქაქუცა მათი სახლის მეორე სართულის კიბეზე, არადა, ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელი იყო.
ქართველი გენერლების ჩამონათვალი რომ ნახო, მათ შორის ბევრ მაყაშვილს აღმოაჩენ. მათ გენერლების რაოდენობით მხოლოდ ბაგრატიონები, აბაშიძეები და ორბელიანები აჭარბებდნენ. მებრძოლი გვარი იყო და ეს მეომრული სული სწორედ მაყაშვილების დიდი ოჯახიდან იღებდა სათავეს. დანარჩენებმა: სოლომონმა, ილიკომ და კიდევ რამდენიმემ სამხედრო გზა აირჩიეს. კახეთში მაყაშვილების ორი შტო არსებობდა - იყალთოსი და თელავის. თელაველი მაყაშვილი იყო ბებიაჩემი ნინას დედაც - ქეთევანი, ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილის შვილი. მარო მაყაშვილი ჩემს ბებიაზე ცოტათი უფროსი იყო, ხოლო როდესაც კოტე მაყაშვილის მეუღლეს კიდევ შეეძინა ქალიშვილი, მასაც მარიამი დაარქვეს, თუმცა ნუგეშას ეძახდნენ.
უმძიმესი ტრაგედიებით სავსე ცხოვრება ჰქონდათ მაყაშვილების სანათესავოს, მაგრამ ერთი დაწუწუნებაც არ მახსოვს არავისგან. მხოლოდ კოტე მაყაშვილი არ იყო სამხედრო პირი. პირველი ანტისაბჭოთა მიტინგიც, ოკუპაციის შემდგომ, სწორედ მარო მაყაშვილის ნათესავებმა ჩაატარეს თელავში მოწოდებით, რუსის ჯარი გაიყვანეთ საქართველოდანო. დღიურის ბოლო ჩანაწერებში, სადაც მარო მიშაზე წერს, ეს არის ბებიაჩემის ძმა - მიხეილ მაყაშვილი. ის იყო პირველი იუნკერი, რომელიც ბოლშევიკმა ტერორისტებმა მოკლეს - მართალია, იუნკრებმა იცოდნენ, რომ ბოლშევიკები კადეტთა კორპუსს თავს დაესხმებოდნენ, მიუხედავად გაფრთხილებისა, მიხეილი მაინც გამოვიდა და პირველი სასიკვდილო ტყვიაც სწორედ მას მოხვდა. ის აღმოჩნდა პირველი იუნკერი, რომელიც ბოლშევიკებს შეაკვდა იმ ადგილას, სადაც 1921 წელს იუნკრებთან ერთად საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლაში 19 წლის მარო მაყაშვილი დაიღუპა. სწორედ მაყაშვილების მეომრული სულის გამოძახილი იყო და-ძმის, მარო და მიხეილ მაყაშვილების გმირობები.
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და სწორედ იგი გახდა პირველი ქალი საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით.
მარო მაყაშვილი სათუთი ბუნების იყო და ამას მამისადმი მიწერილ წერილშიც იგრძნობთ: "საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ 112 ვერსზე ვართ მტრისგან. თუმცა მტერი ჯერ შორს არის და ძალიან სცხებენ ჩვენები. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ.…თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. მოკითხვა ჩვენებს. ნუ გეშიანათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად"…
თავისუფალი სულის მაროს განსხვავებული გეგმები ჰქონდა. პირველი კურსის სტუდენტს მოგზაურობა სწყურია, საფრანგეთში სამეურნეო საქმის შესწავლა სურს: - მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედო; გოგონა, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: - კარგი სახე აქვს, ძალიანაც მინდა გავიცნოო და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: - ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი... სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ... რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისაო.
მარო მაყაშვილის დღიურიდან:
"იმას ეგონა, რომ სხვაზე ვნაღვლობდი, სხვაზე ვფიქრობდი, ვიტანჯებოდი. მარტო ამ ორი დღის წინად დავწერე ზევით პრწკალებზე ის სიტყვები, რომელიც დღეს ამ წუთში სიმართლეს არ შეიცავს. რა ცუდათ ვგრძნობდი თავს?! როგორ მტკიოდა გული. მთელი საღამო გავიფუჭე მე და სხვასაც. ვიტანჯებოდი, მაგრამ ამ ტანჯვაშიც მესიამოვნებოდა, ის რომ გვერდით იყო. ჭკუაში არც კი მოსდიოდა ჩემი მდგომარეობა. "ამას გული ტკივაო, ვიზე ფიქრობს, სულ სხვაზე. რა ძნელი იყო ყურება იმის მხიარულებაზე, არ ვიცი, სულ ცოტა გაწყდა, რომ არ ვიტირე, რა გასაგიჟებლად მძიმეა და საამო ეს გრძნობა, როგორ თრთის გული, თითქოს თავის ალაგიდან უნდა ამოვარდნაო. ოჰ! რად გამაგებინე ასე ადრე. სიყვარული მე მწამს იდეალური, ორმა პირმა სიკვდილამდის პირობა არ დაარღვიოს".
"მე მაქვს ეხლა წარმოდგენილი, თუ როგორ ვიცხოვრებ მე, როცა სწავლას დავამთავრებ. მექნება ჩემი სახლ-კარი, ჩემებურად მოწყობილი. არ ვიცი, რათ. მე მინდა ჩემი ოთახები ძველებურ სტილზე მოვაწყო. ჩემი ამხანაგები სულ სხვისკენ მიისწრაფვიან. ისინი ამბობენ, როცა ჩემთვის ვიცხოვრებო, ბევრი ოთახები მექნება, ოთახები, რომლებშიც ცალკე მივიღებ ხოლმე სტუმრებს, ოთახები საკუთრივ ჩემთვის, "ბუდუარი" და სხვ. ეგენი მე მეჯავრება, რა სისულელეა. მექნება სასიამოვნო სახლი, სულ უბრალოდ, მაგრამ ლამაზად მოწყობილი. თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზით არ ვიქნები. ჩემით ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს მე შევიძენ. რა სამართალია სხვის ამაგით ცხოვრება. ეხლა, როცა ვხედავ, რა გასაჭირშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცზე. რათა? განა ეგ დავალებული აქვს? მე მაგის წინააღმდეგი ვარ"...
ირმა ხარშილაძე