ეკა კუპატაძე: „მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი!“ - კვირის პალიტრა

ეკა კუპატაძე: „მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი!“

29 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. 10 თებერვალს პროკურატურამ არასრულწლოვნებს ბრალი­ დაუმძიმა და ადრე ჩადენილი ძალადობის ამსახველი უმძიმესი კადრებიც გაავრცელა. პროკურატურის მტკიცებით, გაბაშვილი, რიკაძე, ჩიქოვანი და სხვები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით თით­ქოსდა გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ითანხმებდნენ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ. ამ ძალადობის სცენებს იღებდნენ, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ "მიზნობრივ ჯგუფებში".

"არასრულწლოვნები დამიკავშირდნენ, რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ ეს ველურები, ალაპარაკდნენ სკვერში ცემის თვითმხილველებიც"

ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანის დედა: - პროკურატურას დიდი დაჯგუფების პატარა ნაწილი უჭირავს ხელში; ღრმად­ ვარ დარწმუნებული, იპოვიან ყველას. გაინტერესებთ, რატომ არის მამამისი, ალექსანდრე გაბაშვილი, თამამი, როცა ამბობს,­ არ არსებობს დაზარალებულიო? იმიტომ არ არსებობს, რომ დაზარალებული ხმას ვერ იღებს. შეარჩევდნენ მსხვერპლს, სადღაც 30 წლის ან მის ზევით. არასრულ­წლოვნებს შექმნილი აქვთ მახინჯი ჯგუფი, გოგონები მსხვერპლს სწერენ... ვიღაც სრულწლოვანი, 30 წელს მიახლოებული, აი, იმ ვიღაც არასრულწლოვან გოგონასთან 12-13-წლიან ასაკობრივ სხვაობაშია. შესაბამისად, ეს პედოფილიას ნიშნავს. პროკურატურამაც თქვა ეს. იმ სრულწლოვანს არასრულწლოვანი გოგონა ეპატიჟება შეხვედრაზე და იქ ხვდებიან ეს მანიაკი ბიჭები, ეკითხებიან, რისთვის მოხვედიო, და ეს საწყალი თავს გრძნობს დამნაშავედ. ამიტომ­ ვერ იღებენ ხმას. ჩემს მესინჯერში ყოველ წუთს შემოდის შეტყობინება ახალი კადრების გავრცელების შემდეგაც. მაქვს გამოგზავნილი სქრინები. ერთმა ქალმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა და სასწრაფოდ ვუგზავნი პროკურატურას. ოთხი-ხუთი შემთხვევაა, ოღონდ ჯერ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გასარკვევია დეტალები. გავარკვიე ამათი საიდენტიფიკაციო ნიშან-თვისებები, თითოეული ელემენტი, თუნდაც ის თასმები, შარვალი, სამხრე, რომელი რას ნიშნავს...

სკვერში ჩხუბში რიკაძე და ჩიქოვანი იყვნენ. ჩიქოვანზე ახლა ვაზუსტებ სხვა ინფორმაციასაც. ბევრი რამე გავიგე. დედამისი ისევ უარყოფს მისი შვილის თანამონაწილეობას, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, ისინი რას იტყვიან, პროკურატურამ უკვე მოახდინა მათი იდენტიფიკაცია. ჩატარებულია იმ ვიდეომასალების ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, რაც ნიშნავს ხმისა და ვიზუალის იდენტიფიკაციას. ექსპერტიზის პასუხები მათაც აქვთ, რა, არ იციან წაკითხვა? შეიარაღებული გაბაშვილის ფოტოები ხომ ნახეთ ყველამ, ის მომიწერაში წერს, დღეს ვერ დავითრიე, არადა, რა მომზადებული ვიყავიო. რითი იყო მომზადებული? იმ დანით, რომელიც, თუ არ ვცდები, ორლესულია, იმ ელექტროშოკით? გიგასთან მოსაკლავად რომ მოდის ასე შეიარაღებული, ეს კადრები მაშინ არის გადაღებული, 30 სექტემბრით თარიღდება. ნეტავ რიკაძის დედამ იცნო მისი შვილის თეთრი დასისხლიანებული ბოტასები და წინდები? ეს სწორედ რიკაძის ფეხებია, ჩაიხედონ საქმის მასალებში, იქ ყველაფერი წერია.

ჩემს ძმას მუქარის წერილი რომ გამოუგზავნა გაბაშვილმა, მგონი, ჩვენ და თქვენ სხვადასხვა საქმის მასალები გვაქვსო, მარტო თავიანთ ჩვენებებს რომ კითხულობენ, სხვა რამეც წაიკითხონ. ახლა სასამართლოზე დუმილის უფლებას იყენებს ყველა. ადვოკატებმა­ რა ჩვენებაც არ უნდა მიაცემინონ, სიმართლე მაინც გამოჩნდება. ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს სასიკვდი­ლო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი­ საგნის შუბლში პირდაპირი დარტყმით. ახალ ძალადობის ამსახველ ვიდეოებზე გაკეთებულია ფონოსკოპიური (ხმის) და ჰაბიტოსკოპიური (ვიზუალის) ექსპერტიზები, რომლითაც იდენტიფიცირებულია გაბაშვილიც, რიკაძეც და ჩიქოვანიც. ძმები ჩიქოვანები, რიკაძე და გაბაშვილი, ოთხივე, სკინჰედის, ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან. მე დამიკავშირდნენ არასრულწლოვნები, რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ ეს ველურები. ალაპარაკდნენ სკვერში ცემის თვითმხილველებიც. გამოძიება მიდის ნია იმნაძის მიმართულებითაც და საქმე აქ ცოტა რთულად გვაქვს - მისი ტელეფონი პოლიციამდე სრულად გაწმენდილი მივიდა, დარჩენილი იყო მხოლოდ 13 ზარი. აქედან ხუთი დედის, ოთხი მამის და დანარჩენი ოთხი გოგონების. როცა ტელეფონი პროგრამულად აღადგინეს, არაფერი არ აღდგა, რამდენიმე სურათის გარდა, მე რომ დავდე ფეისბუქზე. ის სურათია,­ ზუსტად სამ წუთში ჯგუფის ჩატიდან რომ გაიგო ნია იმნაძემ­, გიგა ავალიანი უგონოდ რომ იყო და კვდე­ბოდა კლინიკაში, ჩახუტებულ-ჩასკვნილს გაბაშვილის უბეში აქვს თავი ჩაყოფილი. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მალე გავა ბოლოში და იმნაძესაც დაიჭერენ. თურმე ნია იმნაძის ,,ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, ნიას ვერ დაიჭერენო. მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი.

"რატომ გამორიცხავთ, ხალხო, რომ ამდენ ბავშვში იქნებ ერთი მართლაც უდანაშაულოა..."

618224122-18102665374773417-525857191065803622-n-1771166893.jpg

ძალადობისა და სასტიკი ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები ნახეს ბრალდებულების მშობლებმაც, მაგრამ ისინი მაინც აცხადებენ, რომ შვილები ვერ ამოიცნეს...

სოფო ძნელაძე, დემეტრე ჩიქოვანის­ დედა: - ჩემი შვილი ბოლოს მართალი რომ აღმოჩნდეს, ვინ აგებს­ პასუხს­ ამ ბული­ნგისთვის. ვხედავთ, ვის დაკვეთას­ ასრულებს პროკურატურა. ხალხი უკვეთს ამას პირდაპირ კომენტარებში. ჩემი შვილი­ იქ არ ყოფილა, ბოლოს გავრცელებულ მხოლოდ ერთადერთ ვიდეოშია. ჩემი ოჯახი აღმოჩნდა ყველაზე დიდი სამიზნე, რადგან­ მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც ხმა ამოვიღე.

- თუნდაც იმ ერთ ვიდეოში ხომ ძალადობს სკვერში თქვენი შვილი?

- გავბრაზდი ჩემს შვილზე, რადგან დემეტრე მოჩხუბარი არ არის. გავბრაზდი ჩემს თავზეც, სკვერი ჩემს სახლთან არის და როგორ ვერ გავიგე ეს ამბავი. სამსახურიც დიდ დიღომში მაქვს და ვიცი ჩემი სამივე შვილის ყოველი ნაბიჯი. როგორც თქვეს, ეს იყო ბიჭების ჩვეულებრივი ჩხუბი. გოგონები ვისხედით, გამოიარა ვიღაცა ნასვამმა, შეურაცხყოფა მოგვაყენა და ამას მოჰყვა ჩხუბიო. მეორე ვერსიაც არსებობს, რომ ის ორი ადამიანი სცემდა გიორგი რიკაძეს და ბიჭები დაეხმარნენ ჩხუბში.

- ამბობთ, დიდი არაფერი მომხდარაო. ვერ ხედავთ კადრებში სისხლიან ფეხსაცმელს, იმ სასტიკ ძალადობას?

- იქ ჩემი შვილი არ არის, ვერ ამოვიცანი, არ ვიცი, ვინ იყო ის...

- მისი მეგობრ­ები მაინც ხომ ნახეთ­ კადრებში? ყველა ბრალდებულის მშობე­ლი ამბობს,­ რომ მისი შვილი ვერ ამოიცნო,­ მაგრამ ყველას ვინაობა დაადგენილი აქვს პროკურატურას...

- მე ვერავის ვერ ვცნობ. აღნაგობით, ჩაცმულობით, შარვლით, ფეხსაცმლით ან ქურთუკით, რაღაცით ხომ უნდა ამომეცნო დემეტრე. იქ ჩანს მხოლოდ ბოტასები და შარვლები, მე ხომ არ ვიცი, ვინ ვინ არის?

- მხოლოდ სისხლიან ბოტასებს და შარვალს რომ ხედავთ, იმას ვერ ხედავთ, როგორ უმოწყალოდ ურტყამენ ბიჭს თავში წიხლებს?

- მე ვერ ამოვიცანი ის ბავშვები, ამას გეუბნებით. რაც შეეხება ფაქტს, ჩემი შვილიც რომ იყოს, ყველა უნდა დაისაჯოს.

- ხომ აქვს გარკვეული პროკურატურას კონკრეტულად რომელ ეპიზოდში ვინ მონაწილეობს. წიხლებით უმოწყალოდ ცემაში რიკაძე, გაბაშვილი და სხვები მონაწილეობდნენ. ეს სამხილი არ არის საკმარისი?

- გეუბნებით, ფეხსაცმელებს ვხედავ. რომელიმეს სახეს ხედავთ? მაშინ მაჩვენეთ­ სახე და გეტყვით, ხმით ვერ ვცნობ ვერავის.

- წიხლის კვრაზე, ადამიანის უმოწყალოდ ცემაზე რა რეაქცია გაქვთ როგორც დედას?

- საშინელი რეაქცია მაქვს და ნებისმიერი, ვინც არის იმ ვიდეოში, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება, უნდა დაისაჯოს. ცუდად გავხდი, რომ ვუყურე, მას მერე ადამიანებში აღარ ვწერივართ, მაგრამ მე რომ იქიდან რომელიმე ამოვიცნო,­ სახე უნდა უჩანდეს. ყველაზე კარგად ამოიცნობს მშობელი ბოტასით, შარვლით, ქურთუკით. 100-ჯერ ვუყურე ბოტასებს და დავიწყე გახსენება, ნეტავ რომელიმეს ხომ არ ჰქონდა. იმათ დედებს უნდა ჰკითხოთ.

- იმ კადრებში ამოიცანით, ალბათ, დანით შეიარაღებული გაბაშვილი...

- ეს აღმოჩნდა აბსოლუტური შოკი. 17 წლის ისე გახდა დემეტრე, კანონთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონია. ვცხოვრობთ ერთ უბანში, გაბაშვილსა და რიკაძესთან დემეტრე ხუთი-ექვსი წელია მეგობრობს. ყველამ იცის ამ უბანში ჩემი დამოკიდებულება შვილების მიმართ. "აგენტ 007"-ს მეძახდნენ - ისეთ დროს გავჩნდებოდი ჩემი შვილის გვერდით... დემეტრეზე არა მაქვს საუბარი, უფროს ბიჭზე ვამბობ, სულ ჩართული ვიყავი ყველაფერში... ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ვინ არის იმ კადრებში. ძნელია დედისთვის, თუ მის შვილს, მით უმეტეს, გარდაცვლილს, ცილს სწამებს ვინმე. თუ იმ ბიჭს ჩირქი მოსცხო ნია იმნაძემ, მან პასუხი უნდა აგოს. თუ მართალი იყო, მაინც უნდა აგოს პასუხი, დედ-მამასთან მისულიყო და ეთქვა, ან საერთოდ აღარ წათრეულიყო იმ მათემატიკაზე. არ მჯერა იმის, რასაც ნია იმნაძე ამბობს. ჩემი პოზიცია ასეთია­ - დავუშვათ მოეწონა 28 წლის განათლებულ ბიჭს 16 წლის გოგო, რომელმაც იცოდა, რომ ერთი წელი უნდა ევლო მასთან ამ გოგოს და ხუთ გაკვეთილში დაკარგა თავი? არ მჯერა, დრო არ ჰქონდა თუ რა, რომ ნელ-ნელა უკეთ გაეცნო. ეკა კუპატაძე ამბობს, ერთი ბავშვი იპოვეთ, რომლისთვისაც გიგას პირადი სივრცე დაურღვევიაო. ერთი ადამიანი მომიყვანეთ მეც, ვინც მეტყვის, შენმა დემეტრემ ჩემს შვილი სცემა, დაასხლიანაო და მე თავიდან დავიწყებ შიმშილობას, რომ დემეტრე დაისაჯოს. ჩემი ქმარი პოლიციელია და ჩვენ ძალიან დიდი კონტროლით ვზრდით შვილებს. რატომ გამორიცხავთ, ხალხო, რომ ამდენ ბავშვში იქნებ ერთი მართლაც უდანაშაულოა...