„ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, თორემ სერიოზული საფრთხე გვემუქრება...“
"რაც აქ ხდება, ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება", - ასე აფასებს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მყოფი ნორმები ქვეყანას ევროპას კი არ აახლოებს, აშკარად აშორებს. "ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურს", - აცხადებს ფიშერი და სვამს კითხვას: რომელ გზას ირჩევს საქართველო, რა სურს ხელისუფლებას, რა სურს ხალხს და როგორია ოპოზიციის როლი პოლიტიკურ დღის წესრიგში, ამ საკითხებს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად განვიხილავთ.
- ის, რაც გერმანიის ელჩმა გვითხრა, ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. მალე კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. ჯერ მხოლოდ განცხადებებია, მალე მოქმედებებიც დაიწყება. უკვე დავკარგეთ 370 მილიონი მხოლოდ გერმანიისგან და ამას, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების ნაბიჯებიც მოჰყვება. შესაძლოა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ რამდენი კომისიაც არ უნდა შექმნან კობახიძემ და ხელისუფლებამ ფასებთან დაკავშირებით, პროცესები ვეღარავინ გააკონტროლოს...
- როგორ ფიქრობთ, გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების მიზანი საზოგადოების დაშინებაა?
- რა თქმა უნდა. ისეთი საკანონმდებლო ბაზა იქმნება, რომელიც ზედიქტატორული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სხვა საკითხია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს მიღებული კანონების სრულფასოვნად ამოქმედებას, თუმცა სამართლებრივი საფუძველი უკვე შექმნილია, თეორიულად შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი დააკავონ. ხელისუფლება ხედავს, რომ პროტესტი ნელ-ნელა ფართოვდება. უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების საკითხი ავიღოთ: ეს პროტესტი აქ არ დასრულდება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რეფორმა მისაღებად მიიჩნია, მაგრამ იქ არიან პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ არაფერს ამბობენ, თუმცა ძალიან გაბრაზებულები არიან. მათ კარგად იციან, რომ ეს პროცესი სწავლა-განათლების ხარისხის ამაღლებას კი არა, ძალაუფლების გამყარებას, ინფრასტრუქტურულ ინტერესებსა და კორუფციულ სქემებს უკავშირდება.
- ვინ შეიძლება მართოს პროტესტი?
- სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა. როდესაც პროტესტი იზრდება, მაგრამ მისი პოლიტიკურად ორგანიზება ვერ ხერხდება, შეიძლება ერთ დღეს სპონტანურად ამოიფრქვეს და ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანოს. ერთადერთი იმედი ის არის, რომ ხელისუფლება მოეგოს გონს. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ შიდა პროტესტისა და გარე ზეწოლის პირობებში ხელისუფლებამ ვითარება რეალურად შეაფასოს და პროცესი უკონტროლო აფეთქებამდე არ მიიყვანოს. გამოსავალი შეიძლება იყოს რეალური და არა ფორმალური არჩევნები, რომლის გზითაც ქვეყანა ცვლილებებს მშვიდობიანად მიაღწევს. თუ ხელისუფლება იმავე კურსს გააგრძელებს და დაიწყებს უკვე მიღებული მკაცრი კანონმდებლობის სრულმასშტაბიან ამოქმედებას, ხოლო შიდა პროტესტი და გარე ზეწოლა ვერ შეერწყმება ისე, რომ მასზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. არც 2012 წელს არსებობდა მაორგანიზებელი პოლიტიკური ძალა, უბრალოდ, გამოჩნდა ივანიშვილი, რომელმაც მოახერხა საზოგადოების განწყობის ორგანიზება და ცვლილება არჩევნების გზით. დღესაც იმავე მდგომარეობას ვუახლოვდებით.
- დღეს ივანიშვილის საპირწონე არავინ ჩანს, ოპოზიციის ლიდერები, მაგალითად, ციხიდან ახლახან გამოსული ნიკა გვარამია ერთადერთ გამოსავლად ისევ ერთობას მიიჩნევს. ამჯერად მაინც მოახერხებს ოპოზიცია შეთანხმებას?
- შანსი არ არის! ვერც იმის შესაძლებლობას ვხედავ, რომ ოპოზიცია ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდეს, ვერც სხვა გამოსავალს. გასაგებია, რომ 2012 წლამდეც უიმედო მდგომარეობა იყო, მაგრამ მაშინ არსებობდა ივანიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში დაგროვილი დივიდენდები ჰქონდა... საზოგადოებაში გაჩნდა ილუზია, რომ ეს იყო ფიგურა, რომელიც შეძლებდა სისტემური ცვლილების მოტანას. დღეს მსგავსი მასშტაბის ქარიზმატული ლიდერი არ ჩანს და არც ის ჩანს, საიდან შეიძლება ფიგურა გამოჩნდეს. ერთადერთი გამოსავალი ახლა ის არის, რომ ხელისუფლებაზე შიდა და გარე ზეწოლამ იმოქმედოს, ან თავად გააცნობიეროს ვითარების სიმძიმე და შეცვალოს კურსი, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს, ჩვენ ახლა ვგავართ პეპელას, რომელიც ცეცხლისკენ დიდი გულმოდგინებით მიიწევს...
თეორიულად, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არსებული განწყობების პირობებში მას მაინც ეყოლება მყარი ელექტორატი, 30-35 პროცენტი, რაც სერიოზული რესურსია. დანარჩენი უკვე ოპოზიციის კონსოლიდაციაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ისიც, როგორ განვითარდება რეგიონში პროცესები, მაგალითად, უკრაინაში ომის დასრულების ფორმა. საბოლოოდ, პოლიტიკური პროცესი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, იარსებებს თუ არა გარე და შიდა ფაქტორების ისეთი თანხვედრა, რომელიც ხელისუფლებას პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დატოვებას აიძულებს. უსაფრთხოებისა და პირადი გარანტიების საკითხი ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის არსებობდა და, სავარაუდოდ, მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ხათუნა ბახტურიძე