„მანქანების ასაკის 6-წლიანი ზღვარი ალოგიკური და მავნებლურია - მოსახლეობის 95%-ს 4-5 წლის ავტომობილის შეძენის საშუალება არ აქვს!“ - კვირის პალიტრა

„მანქანების ასაკის 6-წლიანი ზღვარი ალოგიკური და მავნებლურია - მოსახლეობის 95%-ს 4-5 წლის ავტომობილის შეძენის საშუალება არ აქვს!“

საქართველოში 1-ლი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალება. ხელისუფლების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და ავტოპარკის „გაახალგაზრდავებას“ ემსახურება. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 80%-ზე მეტი 10 წელზე ძველია, თუმცა ახალი რეგულაცია პირდაპირ ურტყამს იმ სეგმენტს, რომელიც წლებია ავტობიზნესისა და რეექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. რას შეცვლის ეს აკრძალვა ბაზარზე, რა ფასს გადაიხდის მომხმარებელი და რამდენად მზად არის სექტორი ასეთი მკვეთრი ჩარევისთვის,­ ამ საკითხებზე ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ალექსი ნონიაძეს ვესაუბრეთ.

- ამ გადაწყვეტილების მიზნად დასახელებულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ავტოპარკის განახლება. თუ მსჯელობას თანამიმდევრულად მივყვებით, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის შესაძლებლობები. როდესაც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილზე შეზღუდვას აწესებ, უნდა იცოდე, რომ მოსახლეობის დაახლოებით 95 პროცენტს 5-6 ან 4-5 წლის ავტომობილის შეძენის საშუალება არა აქვს. სტატისტიკურად, ასეთი ავტომობილები საქართველოში მხოლოდ დაახლოებით 5 პროცენტს ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელიც ახალ ავტომობილს ვერ შეიძენს, იძულებული იქნება არჩევანი უკვე ქვეყანაში არსებულ დაახლოებით 2 მილიონ ავტომობილს შორის გააკეთოს - ანუ შეიძინოს ამორტიზებული, ექსპლუატაციაში ნამყოფი მანქანა. ასეთ პირობებში ავტოპარკი ვერ განახლდება. პირიქით, დაიწყება არსებული ავტომობილების კიდევ უფრო ინტენსიური გამოყენება, რაც საბოლოოდ ჰაერის ხარისხზეც უარყოფითად აისახება. შესაბამისად, ამ მიდგომით ვერც ავტოპარკის განახლება იქნება მიღწეული და ვერც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

- შეიძლება თუ არა სულის მოთქმის საშაულება იყოს ის, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების მხოლოდ შემოტანა იკრძალება და არა მოხმარება?

- თუ გავითვალისწინებთ წინა პრაქტი­კას, როდესაც 2013 წელზე ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც რეგისტრაციის შეზღუდვა დაწესდება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის შემოყვანა და განბაჟება შესაძლებელია, მაგრამ რეგისტრაცია და ნომრის მიღება - არა. ასეთ პირობებში ავტომობილის გამოყენება ვერ მოხერხდება­ და პრაქტიკულად დაშლის გარდა, სხვა გზა არ რჩება. ასევე თვალსაჩი­ნოა, რომ კანონპროექტი სათანადოდ­ დამუშავებული არ არის. პირველივე დღეს გაჩნდა კითხვა, შეეხებოდა თუ არა შეზღუდვა ელექტროავტომობილებს და განმარტება მოგვიანებით­ გაკეთდა. როდესაც ასეთი მასშტაბის რეგულაცია მზადდება, საკითხები წინასწარ უნდა იყოს დეტალურად განსაზღვრული.

- ეს ინიციატივა პრინციპულად მიუღებელია­ თუ შესაძლებელი იყო მისი ეტაპობრივად­ განხორციელება, ბაზრის წინასწარი მომზადებით?

- 6-წლიანი ზღვარი იმდენად ალოგიკური და მავნებლურია, რომ რთულია ამ ფორმატში სერიოზული მსჯელობა. ერთადერთი, რაზეც შეიძლება საუბარი, არის ასაკობრივი ზღვრის გადახედვა და გაზრდა, თანაც გადაწყვეტილია, რომ რეგულაცია ძალაში თვე-ნახევარში უნდა შევიდეს. რეალურად, მნიშვნელობა არა აქვს, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება თუ პირველი იანვრიდან, თუ ზღვარი ასეთად დარჩება, 30 კომპანია ერთ თვეში დაიხურება თუ სამ თვეში, შედეგი იგივე იქნება: ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

- მაშინ გამოსავალი რაშია? რადგან გამონაბოლქვი მართლაც აბინძურებს ჰაერს...

- რისთვის არსებობს ტექინსპექტირება? პრობლემა ძველი ავტოპარკის ჩანაცვლებაა და აქ მიზეზშედეგობრივი კავშირი უნდა დავინახოთ - როდესაც პრობლემაზე ვსაუბრობთ, შედეგიდან არ უნდა დავიწყოთ, მიზეზი უნდა მოვაგვაროთ. ჩვენ გვქონდა ინიციატივა და ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართეთ, როდესაც პრემიერი იყო. ვთავაზობდით გარდამავალი 3-4-წლიანი პერიოდის გამოცხადებას, რათა ადამიანებს ახალი ავტომობილების შეძენის რეალური შესაძლებლობა ჰქონოდათ. ეს შეიძლება გაკეთდეს განბაჟების გადასახადის შემცირებით, სოციალური პროგრამის ამოქმედებით ან ხელმისაწვდომი, იაფი კრედიტის მექანიზმით. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ამავე დროს უნდა დაწესდეს მკაფიო ტექნიკური მოთხოვნები, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ჰქონდეს შესაბამისი მაყუჩი, კატალიზატორი და იყოს ტექნიკურად გამართული. იმპორტიორმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს შემოყვანილი ავტომობილი. პარალელურად უნდა განვითარდეს უტილიზაციის პროგრამაც, რათა ეტაპობრივად, 3-4 წლის განმავლობაში, მოხდეს ძველი მანქანების ჩანაცვლება. მხოლოდ ასე შეიძლება რეალური რეფორმის გატარება. დღეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტს აქვს 4-5 წლის ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა, დანარჩენ 95 პროცენტს ამის რესურსი არ გააჩნია. ამ ადამიანებს ავტომობილი ყოველდღიურად სჭირდებათ. მათ ვერ მოსთხოვ ერთბაშად 2026 წლის გამოშვების ავტომობილის შეძენას, როდესაც მათი შემოსავალი ამის საშუალებას არ იძლევა.

ხათუნა ბახტურიძე