"სამხრეთ კავკასიის კონტროლი არის მთავარი საკითხი - შეძლებს ამას აშშ თუ რუსეთი"
"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი არსებობს, ამქვეყნად ერთხელ და სამუდამოდ მოცემული არაფერია. მათ შორის არც კონსტიტუციური ჩანაწერია უცვლელი. ყველაფერი შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული შეფასება, რა ხდება და რას ვაკეთებთ", - ამბობს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე და ამის დასტურად ასახელებს "რუსთავი 2"-ზე დაგეგმილ დებატებს, რომლის დისკუსიის თემაა, მისაღებია თუ არა ევროინტეგრაცია საქართველოსთვის... რა პოლიტიკური ლოგიკა დგას ამ განცხადების უკან, ამას ვაჟა ბერიძესთან საუბრისას შევიტყობთ.
- პროდასავლური ვექტორის შეცვლა ოფიციალურად დეკლარირებული არ არის, მაგრამ თუ ქვეყანა შეძლებს საკუთარი განვითარების მიმართულების ჩამოყალიბებას, ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ. თუმცა ამას უნდა უძღოდეს საფუძვლიანი მსჯელობა. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა და არა რომელიმე ლიდერმა ან პოლიტიკურმა ძალამ. წლების განმავლობაში ევროპა ჩვენთვის ასოცირდებოდა კეთილდღეობასთან, სოციალური დაცულობის მაღალ სტანდარტსა და ადამიანის უფლებების დაცვასთან. ამავე დროს ევროპულ სივრცეში არსებობს ლიბერალურ-დემოკრატიული დომინანტი მიდგომები, რომლებიც ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში კონსერვატიულ საზოგადოებებთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ევროპისკენ მივდიოდით და ამავე დროს ვამბობდით, რომ ტრადიციების, იდენტობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა. აქ წინააღმდეგობა არ ჩანდა. ჩვენ ვაშენებდით ღია საზოგადოებას, განვითარებისა და ეკონომიკური გახსნილობის თვალსაზრისით, კაპიტალისა და შრომითი რესურსის თავისუფალი გადაადგილების პატივისცემით. ახლა კი, პრაქტიკულად, ვსაუბრობთ ქართველოცენტრიზმის პრინციპის წინ წამოწევაზე, სამყაროს ვუყურებთ ეროვნული ინტერესების პრიზმიდან. საუბარია ნეიტრალიტეტის კურსზეც.

- თუ ეროვნულ ინტერესად მივიჩნევთ სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, შეგიძლიათ თქვათ, რომ "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით მიდის?
- იმპერიების დაშლის შემდეგ წარმოშობილმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად არსებობა. ხომ ხედავთ, როგორ სწრაფად იქცა ცენტრალური აზია საერთაშორისო ინტერესის საგნად, მათ შორის ტრამპის. ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებული აქტიურობა მიუთითებს რეგიონში გავლენის გაძლიერების სურვილზე. ხშირად საუბრობენ ირანთან დაახლოების ინტერესზეც, თუმცა ჩემი შეფასებით, ტრამპი უფრო ცენტრალური აზიისკენ იყურება, რადგან პერსპექტივაში იქიდან შეიძლება მისთვის სახიფათო რუსეთ-ჩინეთის ალიანსის შეკავება. ამ კონტექსტში ისტორიული სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნებმა, როგორიც არიან სომხეთი და საქართველო, უნდა დაამტკიცონ, რომ რომელიმე დიდი მოთამაშის სატელიტები კი არ არიან, არამედ ახალ ეპოქაში შეუძლიათ იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი აქტორები. დღემდე ჩვენ ეს უფლება არ მოგვიპოვებია და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ხელისუფლებას, შევარდნაძიდან დღემდე და ყველა იმ პირს, ვინც განსაზღვრავდა ქვეყნის საგარეო ვექტორს და აწარმოებდა საერთაშორისო ურთიერთობებს აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე...
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა მამუკა ფიფია, რომელმაც დააფუძნა პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის". საზოგადოებისთვის ჯერ ნათელი არ არის, რას აკეთებს ეს პარტია და რა არის მისი რეალური მიზნები, მაგრამ, ალბათ, მალე მეტს შევიტყობთ.
- საზოგადოებამ იცის, რომ მამუკა ფიფია რუსეთის სასარგებლოდ მოთამაშე აქტორია.
- ფიფიასაც აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება. თუ საზოგადოება მეტ გონიერებას გამოიჩენს, ვერავინ შეძლებს ქართველებისთვის მიუღებელი ნაბიჯის გადადგმას. ერთ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: რამდენიმე დღის წინ ფიფიამ განაცხადა, რომ თბილისიდან დაჯავშნული მატარებლით მოსკოვში ჩავლენ და შემდეგ მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნდებიან. რატომ დაჯავშნული მატარებლით, არ ვიცი...
- ალბათ, მას მორიგი სატყუარას ჩამოტანა სურს თბილისში დაჯავშნული მატარებლით...
- ეს სატყუარაა თუ ანკესი საზოგადოებრივი რეაქციის შესამოწმებლად, რთული სათქმელია. ამ საკითხს სერიოზული ანალიზი სჭირდება.

- პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველომ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და ცხინვალი და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა. ამ პირობებში რატომ უნდა ვენდოთ ფიფიას და რატომ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ კრემლში პოზიციებს შეიცვლიან?
- თუ რუსეთი არ გადათქვამს და ეჭვქვეშ არ დააყენებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, არსებობს ქვეტექსტი, რომელიც ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განცხადებები. როდესაც რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, რა პასუხი აქვს მრავალმილიონიანი თათრებისთვის? რუსეთში 30 მილიონზე მეტი თათარი ცხოვრობს და მათ საკუთარი ადმინისტრაციული ერთეულიც აქვთ. რას ეუბნება გენოციდის მსხვერპლ ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ინგუშებსა და სხვა ხალხებს? მტკიცება, თითქოს ისინი ნებაყოფლობით შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში და არასოდეს მოითხოვენ გასვლას ან დამოუკიდებლობას, რეალობას არ შეესაბამება და ამას ჩეჩნეთის ომიც ადასტურებს. თუ რუსეთი თვითგამორკვევის პრინციპს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხში იყენებს, მაშინ იგივე უფლებები უნდა მიანიჭოს საკუთარ ავტონომიებსაც, ამას კი ვერ იზამს. სწორედ ამიტომ, ადრე თუ გვიან, მოუწევს პოზიციის გადახედვა და ეს თავადაც კარგად იცის.
- რატომ გაქვთ იმედი, რომ რამეს შეცვლიან?
- გარანტირებულად არაფრის იმედი არა მაქვს, მაგრამ რეგიონში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ არაფერია მუდმივი. სამხრეთ კავკასიის კონტროლი არის მთავარი საკითხი - შეძლებს ამას შეერთებული შტატები თუ რუსეთი. ევროკავშირი ამ ეტაპზე ამას ვერ ახერხებს. რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია, თუმცა კვლავ ფაქტორია. თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, სამხრეთ კავკასიის დაკარგვა მისთვის სტრატეგიული მარცხი იქნება, ამიტომ ის შეეცდება პოზიციების შენარჩუნებას. ამ ვითარებაში საქართველომ უნდა გამოიჩინოს გონიერება და გააძლიეროს საკუთარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც დღეს სუსტი და დაქსაქსულია.
ხათუნა ბახტურიძე