ჩაშლილი გაერთიანებიდან „ავტორეფორმამდე“ ანუ ვაქციოთ მანქანა ისევ ფუფუნების საგნად?!
საქართველოში ყოველი კვირა სიურპრიზებს გვთავაზობს - ზოგისთვის სასიამოვნოს, ზოგისთვის უსიამოვნოს. ალბათ, უკვე მოგვენატრა ცოტა მოსაწყენი ცხოვრება, რომ ოდნავ ამოვისუნთქოთ. ბოლო 6 წელია პოლიტიკურ-საზოგადოებრივი "ექშენის" პირობებში ვართ, გარშემო კი გიჟური გეოპოლიტიკაა. საქართველოს გარშემო სამყარო იცვლება და არის რეალური საფრთხე, რომ ჩვენს წვენშივე ჩახარშულები თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩეთ. ახლა რაც შეეხება გასული კვირის სიურპრიზებსა თუ მოულოდნელობებს.
გაერთიანება არ შედგა, მაგრამ...
მთავრობამ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაიფიქრა. კერძოდ, ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შერწყმის წინააღმდეგი იყო და მმართველი გუნდი ხელების გადაგრეხაზე აღარ წავიდა. საბოლოოდ ასეთი ვარიანტი გადაწყდა - სტუ-ს აღარ ექნება ჰუმანიტარული ფაკულტეტები და წმინდა ტექნიკურ საკითხებზე“კონცენტრირდება. სამაგიეროდ, სტუდენტთა კვოტა გაიზრდება თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. ალბათ, ეს კარგია, რადგან სტუ-ს, პრინციპში, თავისი ძირითადი ფუნქციები დაკარგული ჰქონდა. ასევე, გაიზრდება კონკურენცია აბიტურიენტთა შორის.
თუმცა მნიშვნელოვანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკითხი, რომელსაც მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულება დაუტოვეს და 2026-2027 წლების სასწავლო წელს 300 სტუდენტსღა მიიღებს. "ილიაუნში" სწავლის მაღალი ხარისხი იყო სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, თორემ ევროპამდე და ამერიკამდე ბევრი რომ გვაკლია, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. ასევე, "ილიაუნს" ჰქონდა სპეციფიკური ფაკულტეტები... მოკლედ, განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, გასატარებელი იყო. თუმცა ამას, ალბათ, სჭირდებოდა წინასწარ ხანგრძლივი კვლევა, კონსულტაციები და საბოლოოდ ოპტიმალურ მოდელზე შეთანხმება. ნაჩქარევი რეფორმა შესაძლოა ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს განათლების სისტემას.
ავტომობილების „რეფორმა“
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა. თქვენი მონა-მორჩილი არც ავტოიმპორტიორია და არც ექსპერტი, თუმცა არის რიგითი მოქალაქე, რომელიც ამ თემით დაინტერესებულია.
მოკლედ, თუ თქვენ წელს მანქანის ყიდვას გადაწყვეტთ, უნდა ჩამოიყვანოთ მინიმუმ 2020 წელს გამოშვებული მანქანა მაინც. ეს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საშუალო ან საშუალოზე ოდნავ დაბალი ხელფასები აქვთ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - ანუ ამ წლოვანების მანქანა რომ ჩამოიყვანო ნორმალურ მდგომარეობაში, საშუალო კლასის, 13-დან 20 ათასამდე დოლარი გჭირდება. კი ბატონო, უფრო იაფად შეგიძლია დამტვრეული ან ჩაძირული ავტომობილი ჩამოიყვანო, მაგრამ გაკეთება დაახლოებით იგივე გიჯდება (თქვენს მონა-მორჩილს აქვს ამის გამოცდილება).
გაცხადებული მიზანი გზებზე გადატვირთულობის მოხსნაა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, მაგრამ მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად და ოპერატიულად უნდა მუშაობდეს, თუმცა ამ მხრივაც პრობლემებია. თქვენს მონა-მორჩილს ამ დროისთვის მანქანა არ ჰყავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს და ზოგჯერ ვაგზლის მოედნიდან სააკაძის მოედნამდე მოსვლას ერთი საათიც კი მონდომებია, ძირითადად, ავტობუსის ლოდინის გამო. პიკის საათებზე აღარაფერს ვამბობ.
მოდი, ვნახოთ, თავად ავტოიმპორტიორები რას ამბობენ:
"ერთ-ერთი არგუმენტი გამონაბოლქვი და ეკოლოგიაა. კი ბატონო, კარგია, მაგრამ ამ გადაწყვეტილების აზრს ვერ ვხვდები, იმიტომ, რომ ამ წლოვანების მანქანები, ერთი და იგივე მოდელი რომ ავიღოთ, ავტომობილების 95%-ს, 2018 და 2022-წლიანს, ერთი სისტემური გამონაბოლქვი აქვს. ევრო 7-ზე რომ გადავდიოდეთ, გავიგებდი, მაგრამ ახალ სტანდარტზეც არ გადავდივართ და აქ წლოვანება არაფერ შუაშია. თუ გამონაბოლქვის გამო ხდება, ხომ გვაქვს ტექდათვალიერება, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს. ამით უარეს შედეგს მივიღებთ. კარგი იქნებოდა, კომუნიკაცია ჰქონოდა სახელმწიფო აპარატებს ჩვენთან. მაგალითად, თქვენ გინდათ მანქანის შეძენა და ვერ ასწრებთ, მოხდება ის, რომ ამერიკაში საწყობები გადაიტვირთება. უკვე ეტყობა, რომ ხალხი პანიკაშია და აუქციონზე მანქანებში ძვირს იხდიან. შეიძლება ამის გამოგზავნაც ვერ მოხერხდეს, იმიტომ, რომ კონტეინერების ჩატვირთვას ადამიანური რესურსი სჭირდება და ა.შ. - ანუ შეიძლება ჩატვირთვა ვერც მოესწროს, იმდენი მანქანა წამოვიდეს ამ 2-3 კვირაში", - ამბობს ავტოიმპორტიორი ჯაბა გოგინაშვილი BPN-თან საუბრისას.
"ჩვენთან კონსულტაცია არავის გაუვლია. მეტიც, როდესაც მსგავსი ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს და 2013 წლის ქვემოთ გამოშვებული მანქანების აკრძალვაზე იყო საუბარი, ჩვენ ჩართული ვიყავით და ამის წინააღმდეგ წავედით. ჩვენი ჩართულობით ეს ტექნიკური რეგლამენტი 5-ჯერ გადავადდა და როდესაც მიხვდნენ, არასწორად მიდიოდნენ, მეექვსედ თვითონ შეცვალეს, ჩვენგან დამოუკიდებლად. ნათქვამია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო - რა შედეგი მივიღეთ? მოუმზადებელი დოკუმენტი იყო, ავტოპარკი იმდენად არ განახლებულა, რომ რადიკალურად შეცვლილიყო ვითარება, არ გაუმჯობესებულა ეკოლოგია. თუ 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების შეზღუდვამ ნაყოფი არ გამოიღო, პირიქით, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდექით, ახლა უფრო მკაცრი რეგულაციის შემოღებაც იქნება სასიკეთოდ შედეგიანი?! არა ვართ ამაზე თანახმა, ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს ძალიან ბევრ რამეზე იმოქმედებს ნეგატიურად, როგორც ბაზარზე, ისე მომხმარებლის ჯიბეზე.
წარმოიდგინეთ, ამ დადგენილების შემდეგ, თუ მანქანა 7 წლის იქნება, ავტოიმპორტიორი რეექსპორტზე ვერ გაიყვანს და მერე რა ქნას? დაშალოს?! ეს მოკლავს ბაზარს. გამოდის, რეექსპორტისთვის მოყვანილი მანქანაც აღარ იქნება 6 წელზე დიდი ხნის. დამატებით ამას, რამდენი ადამიანია, ვისაც 500 და 1000 ლარის შემოსავალი აქვს, 4 და 5 წლის მანქანა რომ უკეთესია, ამას მთავრობა მეუბნება? მე არ ვიცი, რომ უკეთესია?! მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსები არ მაძლევს ამის საშუალებას, იძულებული ვარ შედარებით მეტი ასაკის მანქანა ვიყიდო. ძველი ავტომობილი არც ევროპაში და არც სხვაგან არ ნიშნავს, რომ ცუდია. მთავარი ტექნიკური მდგომარეობაა. შეიძლება 2007-წლიანი მანქანა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე დამტვრეული, ავარიულ მდგომარეობაში 5-6 წლის ავტომობილი. ამიტომ ტექნიკურად უნდა შევამოწმოთ ავტომობილები და არა ასაკის მიხედვით", - ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე BPN-თან საუბრისას.
"რა თქმა უნდა, შეიძლება იმის გამართლება, რომ ახალი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა და გარემოს ნაკლებად ვნებს, მაგრამ ამ საკითხის მყისიერი ეფექტი ის იქნება, რომ გაძვირდება ქვეყანაში არსებული ძველი მანქანები, გამომდინარე იქიდან, რომ თუ იმპორტი აიკრძალა, მათ დამატებითი ფასი დაედება. შესაბამისად, ვისაც უნდა მანქანის შეძენა, მოუწევს უფრო მეტი ხარჯის გაწევა.
რაც შეეხება საცობების პრობლემის ამ გზით მოგვარებას, ის უკვე იმდენად მასშტაბურია ქვეყანაში, რომ თუ ადგილზე რამე გადაწყვეტილებები არ იქნება შემოთავაზებული, ახალი მანქანების შემოყვანით არსებული პრობლემა ვერ მოგვარდება...
"ქართულმა ოცნებამ" შეგვაჩვია, რომ ის პროცესში ცვლის გადაწყვეტილებებს, მარტივ 2- და 3-სვლიან კომბინაციებს ათამაშებს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამიტომაც ჯობს დაველოდოთ კანონის საბოლოო ვერსიას, იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, საბოლოოდ დათმობაზე წავიდეს და კი არ აიკრძალოს იმპორტი, არამედ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის შეძენის შემთხვევაში იმპორტიორმა მეტი გადასახადი გადაიხადოს და ამ გზით ვითომ დათმობაზე წავიდეს, არადა, აღმოჩნდეს, რომ მისი პირველადი მიზანი სწორედ გაძვირება იყო.
2025 წელი ძალიან მძიმე წელი იყო მსხვილი ავტოიმპორტიორებისთვის, რომლებიც ყიდიან ახალ ავტომობილებს, ბევრს მოუწია თავისი გეგმების უკან დაწევამ. შეიძლება, უბრალოდ, იმუშავა ავტოიმპორტიორების ლობიმ, რომელთა დიდი ნაწილი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან, როგორც მინიმუმ პარტიის დამფინანსებლები. შესაბამისად, ამით "კოჭი გაუგორა" "ქართულმა ოცნებამ" ამ ჯგუფებს და რაც უფრო აიკრძალება ძველი ავტომანქანების იმპორტი, რაღაც მხრივ წახალისდება ახალი ავტომობილების შეძენა. უბრალოდ, აქ კიდევ ერთ საკითხს უნდა დავუკვირდეთ - პრობლემა ის არის, რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ახალ ავტომობილს, ანუ პრობლემა ეკონომიკური მდგომარეობაა", - განაცხადა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა.
ანძის განათების დილემა
11 თებერვალს თბილისში ირანის საელჩომ ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. იმ დღესვე თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამას ისრაელის საელჩოს აღშფოთება მოჰყვა.
"მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
თბილისის მერიის განმარტებით, ანძის განათების საკითხზე თხოვნა ირანის საელჩოდან შევიდა. ზოგადად, ყველა პოლიტიკურ საკითხს "ზემოდან" უნდა შევხედოთ და გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ემოციებზე არ ეწყობა. ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი, მეზობლებთან ურთიერთობა, გარკვეული გათვლები და ეს ყველაფერი "მომწონს-არ მომწონზე" მაღლა უნდა იდგეს. "წადი, ახლა, დამეკარგე აქედან, შე ცუდო" - ასეთი რამ დიდ პოლიტიკაში არ მოსულა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების ნაწილის აღშფოთება, რადგან სულ რამდენიმე კვირის წინ იყო ირანში საზარელი მოვლენები, რომელთაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. საინტერესოა, შეიძლებოდა თუ არა უფრო დიპლომატიური გამოსავლის მოძებნა, მაგალითად, კარგად აეხსნა ქართულ მხარეს, რომ ანძის განათება ქვეყნისთვის დამატებით უსიამოვნებებს შექმნიდა და გაგებით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს.
გიორგი კვიტაშვილი