„უკრაინელების კონტრშეტევას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსებისთვის „სტარლინკის“ გამორთვამ“ - კვირის პალიტრა

„უკრაინელების კონტრშეტევას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსებისთვის „სტარლინკის“ გამორთვამ“

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში დაფუძნებულმა „"ომის შესწავლის ინსტიტუტმა" განაცხადა, რომ რუსეთის არმია Starlink-ის თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებისთვის იყენებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფიოდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა Space X-თან ერთად მუშაობს, რათა რუსეთის მიერ დრონებისთვის Starlink-ის ინტერნეტსისტემის გამოყენება შეეჩერებინა. მანვე ილონ მასკს ამ საკითხზე სწრაფად რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მოუწოდა ილონ მასკს შეუწყვიტოს რუსეთს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისზე წვდომა. "ჰეი, დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის შტარლინკ-ის გამოყენებაში? ომის დანაშაულებზე ფულის გამომუშავებამ შეიძლება თქვენი ბრენდი დააზიანოს", - დაწერა რადოსლავ სიკორსკიმ X-ზე.

Starlink-ის გათიშვამ, როგორც ჩანს, ძალიან შეაფერხა რუსეთის შეიარაღებული ძალები, სამაგიეროდ, უკრაინელებმა შეძლეს კონტრშეტევაზე გადასვლა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან საუბარს უკრაინის ფრონტზე მიმდინარე სიახლეებით ვიწყებთ:

- უკრაინელებმა კარგად გამოიყენეს ამინდი - თოვლი, ყინვა და ნისლიანი დღეები. მათ კონტრშეტევის საშუალება მიეცათ რამდენიმე, ძირითადად, გულიაი-პოლეს მიმართულებით, სადაც წარმატებას მიაღწიეს, გარკვეული ნაწილის კონტროლი დაიბრუნეს, ასევე, დაიკავეს მიმდებარე ტერიტორია. იგივე მოხდა კუპიანსკის მიმართულებაზე.

უკრაინელების კონტრშეტევას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსებისთვის "სტარლინკის" გამორთვამ. ახლა რუსების შეტევითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირებულია, ის ქაოსური გახდა, ვინაიდან კავშირი უჭირთ. რუსებმა ტელეგრამ-მესენჯერიც შეზღუდეს და ამაზე სულ გაგიჟდნენ ფრონტის ხაზზე, ვინაიდან პრობლემები დაემატათ და ერთიანი მართვის მაგივრად, ქაოსია, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსების შეტევითი მოქმედებები. ამის საპასუხოდ რუსებმა ისევ ქალაქებზე გაახშირეს დარტყმები, გააგრძელეს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა. სამაგიეროდ, უკრაინელები ურტყამენ ბელგოროდს და იქ იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ბელგოროდის გუბერნატორმა ითხოვა, იქნებ კიევზე დარტყმები შეამცირონ, რადგან უკრაინელები მერე ბელგოროდს ურტყამენ და უმძიმეს მდგომარეობაშია ეს დიდი ქალაქიო.

- როდესაც რუსეთს Starlink-ი გაუთიშეს, ფრონტზე რუსების შეტევების ტემპი დაეცა. რა პერსპექტივა აქვს რუსეთს მის გარეშე?

- "სტარლინკი" ფარავდა უკრაინის ტერიტორიას, აქ შედიოდა ოკუპირებული ტერიტორიებიც და ფრონტის შეხების ე.წ. ნულოვანი ხაზიც. ამით სარგებლობდნენ რუსები - "სტარლინკის" ანტენები სხვადასხვა ქვეყნიდან კონტრაბანდულად შემოჰქონდათ და ათავსებდნენ ჯარებში. ზამთრის კამპანიის მათი წარმატება ზუსტად ამას უკავშირდებოდა. ისინი "სტარლინკს" დრონებზე აყენებდნენ და მისი საშუალებით მართავდნენ. როდესაც ეს გამჟღავნდა და უკრაინელებმა "სტარლინკს" აცნობეს, მან უკრაინელებს ე.წ. თეთრი სიები მოსთხოვა, სადაც იქნა შეყვანილი ყველა ის ტერმინალი, რომელთაც უკრაინელები იყენებდნენ, დანარჩენები კი გათიშეს. ამის გარდა, თუკი, ვთქვათ, ობიექტი "სტარლინკის" გამოყენებით მოძრაობდა დაახლოებით 75კმ/საათის სიჩქარემდე, მას სურათის მიღებას უზღუდავდნენ, ხოლო თუ 90კმ/საათამდე იყო სიჩქარე, საერთოდ უთიშავდნენ. ასე რომ, რუსებს "სტარლინკი" გაეთიშათ და ახლა ცდილობენ დაზიანებული, ჩამოგდებული უკრაინელების დრონებიდან მოხსნან ანტენა და თვითონ გამოიყენონ, მაგრამ როგორც უკრაინელები აცხადებენ, მათ "სტარლინკთან" ერთად შემუშავებული აქვთ კონტროლის ზომები. ფაქტობრივად, "სტარლინკის" გათიშვას შედეგიც მოჰყვა - უკრაინამ შეძლო კონტრშეტევაზე გადასვლა, რუსებმა კი, პირიქით, შეამცირეს საომარი მოქმედებები, შეიზღუდა მათი შესაძლებლობები. რუსების ტაქტიკა, რომელიც დაფუძნებული იყო უკრაინელების თავდაცვის სიღრმეში 3-5-კაციანი ჯგუფების შესვლაზე, რომელსაც მხარს უჭერდა დრონებით, ახლა მაქსიმალურად შეიზღუდა.

- დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.

- უკრაინისთვის ბრიტანეთი აწარმოებს ჰაერისა და ხმელეთის ბალისტიკურ რაკეტებს, დრონებს; შვედეთმაც დაიწყო უკრაინისთვის დრონების წარმოება. იაპონიას უკრაინისთვის უკვე დახარჯული აქვს 13 მილიარდი დოლარი და კიდევ ზრდის დახმარებას. საუბარია იმაზეც, რომ იაპონია უკრაინისთვის აპირებს ტექნოლოგიური დახმარების გაწევას. იაპონიური ტექნოლოგია და უკრაინული გამომგონებლობა მნიშვნელოვანი სიმბიოზია. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ იაპონიამ გაააქტიურა კურილის კუნძულების საკითხი. კონსტიტუციური შეზღუდვები, რომლებიც იაპონიას უკრძალავდა ქვეყნის გარეთ საომარ მოქმედებებს და ქვეყნის გარეთ იარაღის გაყიდვას უზღუდავდა, ამის გადახედვა იწყება.