გამოცხადდება თუ არა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია?! - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი: "პუტინის ბალტიისპირეთზე თავდასხმა ძალზე რეალურია"
2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. კრემლი აშკარად უახლოვდება იმგვარ მყიფე ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ არ ჰქონია. ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად რუსეთის მთავრობამ გადასახადები გაზარდა, სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსება კი შეამცირა. გვესაუბრება პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი:
- დასავლეთის პრესაში უკვე ხშირად წერენ, რომ სანქციებმაც ძალზე შეარყია რუსეთის ეკონომიკა. თქვენი აზრით, ყოველივე ეს მოახდენს თუ არა გავლენას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე?
- ეს ორი პროცესია: ჯერ პუტინის თავში რა მოხდება და მეორე –- პუტინთან და პუტინის გარეშე პროცესები როგორ გავლენას მოახდენს ბრძოლის ველზე. დარწმუნებული ვარ, პუტინზე ეს არანაირ გავლენას არ ახდენს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასთან შელამაზებული ამბები მიდის და ჰგონია, რუსული ჯარი წინ მიიწევს. პუტინმა იცის, რომ პრობლემებია ეკონომიკაში, რომ ნავთობის, საზოგადოდ, ენერგორესურსების გაყიდვა კატასტროფულად დაცემულია, მაგრამ ის ასევე დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკა იმ დონემდე "გაქაჩავს", რომ ამ ეტაპს შედარებით ნაკლები ეკონომიკურ-ფინანსური დანაკარგით გაივლის. ამიტომ ომის შეწყვეტას ის არანაირად არ გადაწყვეტს. მას ჰგონია, უკრაინა ახლა ძალიან ახლოს არის დანებებასთან და გააგრძელებს უკრაინის ენერგოსისტემაზე, მათ შორის ენერგეტიკულ მომარაგებაზე თავდასხმას, პარალელურად ფრონტის ხაზზე შეტევას. რადგან მასკმა "სტარლინკის" მეშვეობით ქვედანაყოფებს ინტერნეტკავშირი შეუწყვიტა, რუსები იძულებული არიან გადავიდნენ გაცილებით ნაკლები ხარისხის რუსულ ალტერნატივაზე. ამ ფაქტორების გამო რუსების შეტევების ტემპი და მასშტაბურობაც საგრძნობლად დაცემულია. მიუხედავად ამისა, პუტინის დიდ სურათში არაფერია შეცვლილი, მიაჩნია, რომ ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე. ტრამპმა ხომ განაცხადა, რომ ივნისში უნდა მოეწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. მომდევნო 2-3 თვეში ცვლილება არ იქნება არც ფრონტის ხაზზე და არც კრემლის პოლიტიკაში უკრაინასთან.
მაის-ივნისისთვის (შესაძლოა აპრილშიც), პირობითად, რუსეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მობილიზაცია გამოაცხადოს, ან როგორც ადრე, ნაწილობრივი ან ფარული მობილიზაცია დაიწყოს (ისევ გარკვეული კატეგორიის ჯგუფების ვითომ სამხედრო კომისარიატებში რეგისტრაციისთვის გამოძახება და სინამდვილეში მათი გადანაწილება ქვედანაყოფებში). შეიძლება ეს მექანიზმი ამუშავდეს და საკითხავია, რამდენად საკმარისი იქნება, რომ შეუვსოს დანაკარგები, ან რამდენად მიხვდება ხალხი, რომ ეს ფარული მობილიზაციაა და შესაბამისად, არ უნდა გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში. თუ სტანდარტული, ღია და ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოცხადდა, ეს იქნება ძალიან დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი. რუსეთისთვის შეიძლება ეს აღმოჩნდეს სწორედ ის მომენტი, როცა პუტინის რეჟიმის დასასრული დაიწყება.
რუსეთში რამე რომ მოხდეს, უნდა იყოს მთელი რიგი ფაქტორების თანხვედრა. ამ ფაქტორების თანხვედრაში ძალოვანი სტრუქტურები არ არიან ჩართული, ან რომელიმე ძალოვანი სტრუქტურა არ იზიარებს ხალხის უკმაყოფილებას, მაშინ ჩათვალეთ, რომ არაფერი მოხდება და შეიძლება რუსეთი ჩრდილოეთ კორეამდეც მივიდეს. ეს სულაც არაა თეორიის სფეროდან მოტანილი. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ხალხის მასობრივ უკმაყოფილებას და ქუჩაში გამოსვლას გამოიწვევს, მაგრამ რა შედეგს მოიტანს, თუ ძალოვანი სტრუქტურები ისევ პუტინის ერთგული დარჩებიან? პუტინი, ყველაფერს იღონებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ფინანსური წყურვილი დაკმაყოფილებული იყოს. დაახლოებით 650 მლრდ დოლარი, რომელიც კერძო საბანკო ანგარიშებზეა დადებული, ხალხის ფულია და ის მზადაა ამ თანხის ნაწილობრივი ექსპროპრიაცია მოახდინოს სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კერძო ფინანსურ რესურსებს ნაწილობრივ შეზღუდავს და ადამიანს, რომელსაც ანგარიშზე 1000 დოლარი აქვს და სურს მისი გამოტანა, 1000-ის ნაცვლად მისცემენ 600 დოლარს, 400 დოლარი კი გაყინულია. ეს 250 მლრდ არის ომის დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში.
დამატებით თუ პოლიტიკური ფაქტორიც ამუშავდა და ჯამში, უკვე ძალოვანი სტრუქტურებიც უკმაყოფილო არიან პოლიტიკური ან სავარაუდო შედეგით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი მომწიფებულია მასობრივი უკმაყოფილების მასობრივ გამოსვლებში გადაზრდისთვის, საბოლოოდ კი გადატრიალებისთვის.
- თქვენ ხშირად ავითარებდით აზრს, რომ პუტინი ბალტიისპირეთს დაარტყამს. ბოლო ხანს რუსეთი უკრაინას აღარ აიძულებს მისთვის მისაღებ პირობებზე წავიდეს მოლაპარაკებებზე. არის თუ არა რუსეთისგან მოსალოდნელი ავანტიურების საფრთხე?
- კვლავაც მიმაჩნია, რომ ბალტიისპირეთზე თავდასხმა ძალზე რეალურია, იმიტომ, რომ ეს სცენარი, ანუ პირდაპირი დაპირისპირება ნატოსთან, პუტინს ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს, რომ მობილიზაცია გამოაცხადოს. ეს აძლევს მას პრეტექსტს და საბაბს, რომ თავი აღარ გაიმართლოს და თქვას, ჩვენ გაცილებით დიდ მტერს შევეჯახეთ და ჩვენ რა რესურსიც გვაქვს, ამით ვეღარ გავქაჩავთ, საჭიროა მეტი ხალხიო, და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება. ამას კი ივნისში, ან წლის მიწურულს, დეკემბერში ველოდები.