„დიახ, საგანგაშო მდგომარეობაა!“ - არასრულწლოვანთა დანაშაული: "ეს ბავშვები ხშირად კრიმინალური დაჯგუფებების დავალებების აღმასრულებლები არიან" - კვირის პალიტრა

„დიახ, საგანგაშო მდგომარეობაა!“ - არასრულწლოვანთა დანაშაული: "ეს ბავშვები ხშირად კრიმინალური დაჯგუფებების დავალებების აღმასრულებლები არიან"

გასულ კვირას პროკურატურამ ძალადობის უმძიმესი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა და ამხილა ის არასრულწლოვნები, რომლებიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ. მათ ბრალი დაუმძიმდათ. საზოგადოება დამნაშავეების საკადრისად დასჯას ითხოვს.

შოკის მომგვრელი იყო რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დაკავებული პირების ჩადენილი ქმედებებიც. დააკავეს 16 პირი, მათ შორის 10 არასრულწლოვანია. დაკავებულები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სხვადასხვა ასაკის პირებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ.

ცალკე პრობლემაა ქურდობები, ბავშვები მაღაზიებიდან მოპარულ პროდუქტებს­ ქუჩებში ყიდიან.

ელისო რუხაძე, უფლებადამცველი:

- მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა. არასრულწლოვნების დანაშაულებს სერიოზული წინა პირობები აქვს, რომელთაც არც სახელმწიფო იკვლევს, არც რომელიმე ორგანიზაცია. ბოლო დროს საუბარია ბავშვების აღზრდის პირობებზე­, არსებობს თუ არა გარანტი მშობლების სახით. დანაშაულს უმეტესად ქუჩაში მყოფი ბავშვები სჩადიან, როდესაც მესამე პირები,­ კრიმინალები ავალებენ. ბოლოდროინდელ გახმაურებულ ფაქტებზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების აღზრდის დიდი პრობლემაა. ოჯახშიც, სკოლაშიც, საზოგადოებაშიც, ყველგან, ძალადობა გამართლებულია. მოზარდებს მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, გოგოს გამო შეიძლება ადამიანი­ შეაშინო, დაჭრა, მოკლა და ამით შენი ეგო დაიკმაყოფილო.

დიდ დიღომში პატარა ანი იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმეზე ვავლებდით ახლახან პარალელს და გაგვიჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება ანის მკვლელობას ის ბოლო კადრები უკავშირდებოდეს, რომელიც დიდი დიღმის სკვერშია გადაღებული.

სახელმწიფო დანაშაულების პრევენციისთვის არაფერს აკეთებს!

არასრულწლოვანთა კოდექსი ლოიალურია, თუმცა არც იმდენად, რომ მოზარდმა ვერ შეიგნოს, რა მოჰყვება მის ქმედებას. პირველადი­ სასჯელი უნდა იყოს ლოიალური, მოზარდს უნდა მიეცეს შანსი, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბდეს. მასთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები, სკოლა, ოჯახი, რათა ბავშვმა გაიაზროს, რომ მის ქცევას გმობენ! რა თქმა უნდა, ბავშვსაც უნდა მოვუსმინოთ, უნდა გავიგოთ, ხომ არ სჩადის დანაშაულს თუნდაც თავის დამკვიდრებისთვის.

როგორც ვხვდები, იმ მოზარდებისთვისაც სხვა ადამიანების ჩაგვრა თავის დამკვიდრების ერთადერთი უალტერნატივო გზა იყო, მით უმეტეს, დაზარალებულის მშობლები ვერ ან არ იღებდნენ ხმას, ან არც იცოდნენ, რომ მათ შვილზე ასე სასტიკად იძალადეს. სხვათა შორის, ბევრი ბავშვის დედა არ არის საქართველოში, ემიგრაციაში არიან და ესეც სახელმწიფოს პრობლემაა. ბავშვები, ფაქტობრივად, ქუჩაში იზრდებიან, ან ზრდიან მესამე პირები, ბებია-ბაბუები, რომლებიც თავად უმწეონი არიან.

- გამოსავალი რა არის?

- საჭიროა პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. სახელმწიფომ ბავშვებს უნდა შეუნარჩუნოს მშობლები. საჭიროა ოჯახებში ძალადობრივი კონფლიქტების აღმოფხვრაზე მუშაობა, ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება, რათა ოჯახმა შეძლოს შვილის სწორად აღზრდა. დღეს მშობლების უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის, ოჯახებს არჩენენ და შვილებისთვის დრო თითქმის აღარ რჩებათ. თუ სოციალური ფონი არ შეიცვალა, ცალკეული უწყებები, ცალკეული ადვოკატები ან სხვები ამ პრობლემას ვერ დაძლევენ.

- ძალიან ხშირია ქურდობის ფაქტები - გასაგებია, რომ არ უნდა წავიდეს 15-16 წლის არასრულწლოვანი ციხეში, მაგრამ როცა ერთხელ ჩაიდინა ქურდობა, მეორეჯერ, მესამეჯერ და ამაზე არ არის რეაგირება, ეს სწორია?

- ეს ბავშვები ხშირად კრიმინალური დაჯგუფებების დავალებების აღმასრულებლები არიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მისცეს ამ ბავშვებს ოდნავ მაინც ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ბევრი მათგანის ოჯახს ძალიან უჭირს და ეს განაპირობებს იოლი ფულის დანაშაულის გზით შოვნის სურვილს, მით უმეტეს, დამშლელი და გამაკონტროლებელი არავინ არის. სახელმწიფომ სწორი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, თუ როგორ ებრძოლოს მოზარდთა დანაშაულებს.

როცა არასრულწლოვნის საქმე სასამართლოში მიდის, მოსამართლეც ლოიალურია, რადგან ამას კანონმდებლობა ავალდებულებს. როცა არასრულწლოვანი სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, 14-დან 16 წლამდელთათვის სასჯელი ნახევრდება, ხოლო 16-დან 18 წლამდე ერთი მეოთხედით მცირდება. რადგან მასობრივად ხდება ქურდობები და სხვა სახის დანაშაულები, სახელმწიფომ გადაწყვიტა 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი დააარსოს, მიაჩნიათ, რომ ეს კარგი მოდელი იქნება დანაშაულების პრევენციისთვის.

ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ ყოფილან ჩართული არც მოსამართლეები, არც ფსიქოლოგები და არც ბავშვების საქმეებზე სპეციალიზებული ადვოკატები, რასაც ბავშვთა უფლებადამცველების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. როგორც ვიცი, საბოლოო პროექტით ფსიქოლოგების ჩართულობაცაა გათვალისწინებული. ჩემი აზრით, ცენტრი არ უნდა იყოს სადამსჯელო სივრცე. ბავშვებს უნდა აუხსნან, რომ დანაშაულებში ჩართულობა მათი ცხოვრების დამახინჯების გზაა. ეს უნდა აუხსნან ძალიან ფაქიზად მათთვის კომპეტენტურმა პირებმა. როგორც ვიცი, სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება 10-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის და პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, მერე გამოჩნდება. როგორც ამას წინათ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უკვე აპირებენ ბავშვების განთავსებას ცენტრში. როცა გვეყოლება პირველი ბენეფიციარები, შედეგებზე მერე შეგვიძლია საუბარი.