სასკოლო კვების დილემა
საქართველოში სასკოლო კვება წლებია გადაუჭრელი პრობლემაა. გვახსოვს სახელმწიფოს არაერთი დაპირება სკოლაში უფასო სასკოლო კვების თაობაზე, შემდეგ კი იმედგაცრუება, რადგან 2021 წლიდან დღემდე უფასო სასკოლო კვების საკითხი თითქოს ყველას ახსოვს, თუმცა საკითხზე პასუხისმგებელ არც ერთ პირს საკანონმდებლო დონეზე პრობლემა არ გადაუჭრია. არადა, განათლების მინისტრები იცვლებიან, საკანონმდებლო დონეზე არაერთი ინიციატივა მიიღეს - განსაზღვრეს სავალდებულო ფორმების ტარების, მობილური ტელეფონების გამოყენების, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის საკითხები, თუმცა სკოლებში კვების საკითხი კვლავ უგულებელყოფილია.
საქართველოში სასკოლო კვება, როგორც ცალკე სახელმწიფო პროგრამა, სისტემურად რეგულირებული არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს რაიმე სახის ჩანაწერი, რომელიც სკოლებს ბუფეტების გახსნას დაავალდებულებდა, საქართველოს მასშტაბით არაერთი ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სასადილო არ ფუნქციონირებს, მოსწავლე იძულებულია საკვები სახლიდან წაიღოს, სკოლის მახლობლად იყიდოს ან სულაც საჭმლის განაწილება თანაკლასელს სთხოვოს.
როგორც პედაგოგები ამბობენ, 6 თუ 7 გაკვეთილის განმავლობაში მშიერი მოსწავლის გაკვეთილზე ჯდომა მათ კონცერტაციის უნარს უკარგავს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე. მეორე საკითხია სოციალური უთანასწორობა. რამდენად აქვს მოსწავლეს საშუალება, რომ ბუფეტში ჩასულმა დახლზე დაწყობილი პროდუქცია იყიდოს? - ეს კითხვა რელევანტურია განსაკუთრებით მაშინ, როცა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 583 212 ბავშვი იღებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი ცხოვრობს ოჯახებში, რომლებიც სახელმწიფო საარსებო დახმარებაზე არიან დამოკიდებული, ეს რიცხვი კი პირდაპირ უკავშირდება სკოლებში კვების პრობლემას, ბავშვთა სიღარიბესა და შიმშილის რისკს. 2026 წლის 2 მილიარდ 700-მილიონიან ბიუჯეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, როგორც ჩანს, უფასო სასკოლო კვებისთვის თანხები ვერ გამონახა.
მოძრაობა "ხმა" წლებია სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამას ითხოვს. მოძრაობის წარმომადგენლები ამ მიზნით უახლოეს მომავალში ხელმოწერებს შეაგროვებენ და პარლამენტში შეიტანენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქართული ოჯახის შემოსავლების დაახლოებით 40% საკვებზე იხარჯება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის მნიშნელოვანი ნაწილი საკვების დანაკლისს განიცდის და შესაბამისად, უფასო სასკოლო კვების საჭიროების სიმძაფრე ნათლად ჩანს.
"რაც უფრო ღარიბი ხარ, საკვებზე მით მეტს ხარჯავ - ეს მნიშვნელოვანწილად სიმართლეა, თითქოს სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი განაჩენია და მხოლოდ მაშინ გვეშველება, როცა ბიზნესი ისე გამდიდრდება, რომ მისი სიმდიდრე ყველასთან მიაღწევს. ევროკავშირის ქვეყნებში ოჯახები საკვებზე საშუალოდ 12-15%-ს ხარჯავენ. ჩვენთან ამხელა განსხვავება მაინც არ აიხსნება მხოლოდ ჩვენი სიღარიბით. მაღალი ფასების მიზეზებს შორისაა იმპორტზე დამოკიდებულება, ქსელური მარკეტების მონოპოლია, კარტელური შეთანხმებები ნავთობპროდუქტების ბაზარზე…ეკონომიკური აზრი და პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ჯერ ბიზნესს უნდა შეექმნას გამდიდრების ყველა პირობა და შემდეგ ის ყველას გაგვამდიდრებს, მაღალი ფასები ჩვენი სიღარიბის მთავარი მიზეზია. ამ აზრისთვის და პრაქტიკისთვის მიუღებელია უფასო სასკოლო კვებაც", - წერს მოძრაობა "ხმა".
ერთ-ერთი ბოლო არგუმენტი, რაც განათლების სამინისტრომ სკოლებში უფასო კვების პროგრამის შეფერხების მიზეზად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასახელა. უწყებაში განმარტეს, რომ კვების უზრუნველყოფისთვის საჭირო ნაბიჯებს მას შემდეგ გადადგამენ, რაც აღნიშნული საკითხი მოგვარდება. მანამდე წლების განმავლობაში სხვადასხვა მინისტრის დაპირება დაპირებად დარჩა.
ჯერ კიდევ 2021 წელს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, რომ სკოლებში უფასო კვების საკითხზე 2019 წლიდან მუშაობდნენ და პროექტი კვების მენიუსა თუ ფინანსური ნაწილის კუთხით გაწერილი იყო. განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წელს აღნიშნა, რომ პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდიც (Unicef) ჩაერთო. მოგვიანებით, 2023 წელს, ამას მოჰყვა გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში, რომ სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%), ხოლო არასდროს იკვებება ბავშვების 35%. იმავე წელს უწყების მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა განმარტა, რომ შეიქმნა პროგრამა, რომელიც სკოლების შესაძლებლობებს შეისწავლიდა, და მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც გაიწერა აკრძალული მზა კვების პროდუქტების სიაც (საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, ჩიფსები, ჟელიბონი, სოკო, მაიონეზი, დაკონსერვებული პროდუქტები...…მსგავსი დოკუმენტი 2017 წელსაც რეკომენდაციის სახით მიიღეს), სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და ა.შ. შეიძლება ითქვას, სხვა რაიმე ცვლილება აღარ განხორციელებულა.
მოძრაობა "ხმა" მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურაზე აპელირება, უბრალოდ, საბაბია და გამოსავალი შესაძლოა იყოს სკოლებში, სადაც ბუფეტი მუშაობს და შესაბამისი ინფრასტრუქტურაა, საკვები, ინდოეთის მსგავსად, ადგილზე დამზადდეს, ხოლო სხვა შემთხვევაში, პოლონეთის მსგავსად, გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთით მივიდეს.
ვიდრე უფასო სასკოლო კვებაში რაიმე სიახლე დაინერგება, საინტერესოა, რა ვითარება გვაქვს ახლა და ვინ აკონტროლებს, რას ჭამენ ბავშვები სკოლაში? სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ქრისტინე ჯულაყიძე ამბობს, თუ სკოლის სასადილო რეგისტრირებულია როგორც ბიზნესოპერატორი, ის ექვემდებარება უვნებლობის კონტროლს. თუმცა არ არსებობს ეროვნული კვებითი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს კალორაჟს, მენიუს, შაქრისა და მარილის ზღვრულ ნორმებს. სკოლის სასადილომდე სურსათის მიწოდების ჯაჭვი კი ასეთია: წარმოება, ნედლეულის შერჩევა, ტექნოლოგიური დამუშავება, HACCP კონტროლი, ტრანსპორტირება - ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და ცივი ჯაჭვის კონტროლი, მიღება და შენახვა სკოლაში, შესაბამისობის შემოწმება, შენახვის პირობების დაცვა, თერმული დამუშავება და გაცემის კონტროლი.
ნებისმიერ ეტაპზე დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მიკრობიოლოგიური რისკები: არასათანადო თერმული დამუშავება, შენახვის რეჟიმის დარღვევა, ჯვარედინი დაბინძურება, კვებითი რისკები: ჭარბი შაქარი, მარილი, ტრანსცხიმები და ულტრაპროცესირებული პროდუქტები, ალერგენების მართვა: ალერგენების არასათანადო იდენტიფიცირება ზრდის მწვავე ალერგიული რეაქციების რისკს. მაგალითად, ენერგეტიკული სასმელებისა და მაღალი შაქრის შემცველობის პროდუქტების თავისუფალი რეალიზაცია არ არღვევს უვნებლობის კანონმდებლობას, თუმცა ზრდის სიმსუქნისა და მეტაბოლური დარღვევების რისკს.
ამდენად, საქართველოში სასკოლო კვების პროგრამის საკითხი ბუნდოვანია. დაპირება ბევრია, თუმცა პროგრესი ნაკლები. მსოფლიო გამოცდილება კი მრავალმხრივია. მაგალითად, ფინეთში სასკოლო კვება 1948 წლიდან უფასოა. საფრანგეთში კი მოქმედებს სუბსიდირებული ტარიფები, რომელთა ოდენობაც ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული. იგივე სისტემაა იაპონიაშიც, თუმცა კვება განიხილება როგორც სწავლების ნაწილი და სისტემა ორიენტირებულია არა მხოლოდ კვებაზე, არამედ კვების კულტურის, ჰიგიენისა და სოციალური პასუხისმგებლობის შესწავლაზე.
დღეს მსოფლიოში 466 მილიონი ბავშვი სარგებლობს სასკოლო კვების პროგრამებით. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მიხედვით, ჯანსაღი კვება სკოლაში 2030 წლისთვის ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს. მსოფლიოში ქვეყნების უმეტესობა თანხმდება, რომ სკოლის კვება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საჭმლით მოსწავლეების უზრუნველყოფა, ეს არის ინვესტიცია სწავლის ხარისხისა და ჯანმრთელი თაობის სასარგებლოდ.
მარიამ ბუკია