ევროპული ბიუროკრატია უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საკითხში, ერთმანეთს უპირისპირდება... - კვირის პალიტრა

ევროპული ბიუროკრატია უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საკითხში, ერთმანეთს უპირისპირდება...

ევროკავშირი, რომელიც სულ ცდილობს, რომ დაამტკიცოს, რომ ერთიან პოლიტიკურ „სალ კლდეს“ წარმოადგენს, სინამდვილეში ვერ წყვეტს ისეთ ოპერატიულ საკითხებს, რასაც უკრაინის კონკრეტული სახეობის შეიარაღებით დაუყოვნებლივ მომარაგება ჰქვია...

გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში კვლავ განიხილებოდა გაყინული რუსული აქტივების ამოღებისა და მათი საშუალებით უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესყიდვის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც თურმე უშედეგოდ დამთავრდა... საფრანგეთისა და გერმანიის დაპირისპირების გამო...

გერმანული მასმედია იუწყება, რომ დაპირისპირებაში მოვიდა საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ბერლინის წინადადება, რომელიც 90 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გაყინული რუსული აქტივების აშშ-დან იარაღის შემდგომი შესყიდვებისთვის გამოყენებას ითვალისწინებდა, კვლავ ჩაიშალა. კერძოდ, პარიზი ეწინააღმდეგება ამ იდეას; პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაჟინებით მოითხოვს, რომ გაყინული აქტივები, ძირითადად, ევროპაში წარმოებული იარაღის სისტემების მიწოდებისთვის იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია Der Spiegel-ის სტატიაში.

დასავლურმა მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია საფრანგეთსა და გერმანიას შორის კონფლიქტის შესახებ, რომელიც გამოწვეულია პარიზის სურვილით, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის სესხის სახსრები გამოყენებული იქნას უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ექსკლუზიურად ევროკავშირის ქვეყნებიდან. Politico-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, შეამციროს ამერიკული იარაღის შესყიდვები უკრაინისთვის ნატოში მზარდი უთანხმოების ფონზე და კონტრაქტები ევროპულ კომპანიებს მიენიჭოს.

2-mak-1771181661.png
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ 90 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გაყინული რუსული აქტივებით უკრაინისთვის ევროპული თუ ამერიკული წარმოების შეიარაღება იყიდონ…

საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ასეთი აქტიურობა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი მხოლოდ ევროპულ საიარაღო კონცერნებსა და ფირმებს შეუკვეთონ და ეს მილიარდები არ გავიდეს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, გასაგებია, რადგან ამის უკან ცნობილი ევროპული საიარაღო მაგნატები დგანან, რომლებისთვისაც ნებისმიერი ომი და მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ფართომასშატაბიანი და ოთხ წელში გაწელილი ომი, საუკეთესო საშუალებაა დიდი ფინანსური მოგების სანახავად, მას შემდეგ, რაც სამი ათეული წელი ევროპის უმრავლეს ქვეყანას საერთოდ მივიწყებული ჰქონდა საკუთარი არმიების გადაიარაღება და ბევრი სამხედრო ქარხანა ევროპაში დაიკეტა კიდეც.

თავის მხრივ, უსაშველოდ გაძვირებული საარტილერიო ჭურვებისა თუ რაკეტების მასიურად გაყიდვის შედეგად დიდი ხეირის ნახვა ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსაც სურს, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე ფაქტობრივად შეაჩერა უკრაინისთვის შეიარაღების ჩუქება და მხოლოდ მას შემდეგ ხვდება ამერიკული „პეტრიოტის“ ანტისარაკეტო რაკეტები უკრაინის ცის დასაცავად, როდესაც ევროპული ქვეყნები ამ რაკეტების მორიგი პარტიის საფასურს გადაურიცხავენ ამერიკელებს.

ა.წ.-ის 20 იანვარს რუსული „ისკანდერებით“ კიევის თბოსადგურების უპრობლემოდ განადგურება და უკრაინის დედაქალაქის „გამყინვარების პერიოდში“ დაბრუნება, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმას დააბრალა, რომ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ დროულად არ გადარიცხა საჭირო თანხა და ამერიკელებმაც დააგვიანეს „პეტრიოტის“ ანტირაკეტების უკრაინაში გამოგზავნაო...

როდესაც ფულს ევროპული ქვეყნები იხდიან, ბუნებრივია, რომ მათ ხელისუფალთ სურთ პირველ რიგში ევროპული მწარმოებლები დაასაქმონ, რაც მათ პოლიტიკურ ქულებს ჩაუწერს პოტენციური ამომრჩეველების თვალში, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ასეთი ძვირფასი დრო იკარგება იმის გასარკვევად ვინ, სად, რა და რამდენად იყიდოს, უკრაინის დამცველები ასე საჭირო ანტირაკეტებისა თუ საარტილერიო ჭურვების გარეშე რჩებიან იმ აგრესორ რუსეთთან, რომელმაც შეძლო და ომის მეოთხე წლის თავზე გააორმაგა რაკეტების და გააოთხმაგა საარტილერიო ჭურვების წარმოება...