პირველი მატჩი მაყურებლის გარეშე - კვირის პალიტრა

პირველი მატჩი მაყურებლის გარეშე

ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის (2026/2027) წილისყრა გაიმართა და სხვა ჯგუფების შემადგენლობასთან ერთად საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა. ჩვენი ნაკრები მესამე კალათში იყო განთესილი (სლოვენიასთან, ირლანდიასა და რუმინეთთან ერთად) და ვეტერანი ფრანგი ნახევარმცველის პატრიკ ვიეირას "იღბლიანმა" ხელმა გადაწყვიტა, რომ ვილი სანიოლის გუნდს უნგრეთის, უკრაინის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან მოუწევს ერთა ლიგის პლეი-ოფში გამსვლელი პირველი ადგილისთვის ბრძოლა. გაგვიმართლა? რთული სათქმელია. თუმცა, თუ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის სხვა ჯგუფებს გადავხედავთ, აშკარაა, რომ შეიძლებოდა უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეებიც შეგვხვედროდა.

მაგალითად, მეორე კალათიდან აგვცდნენ შვეიცარიისა და ავსტრიის ძალიან ძლიერი ნაკრებები (რომლებიც არათუ უკრაინაზე, პირველი კალათის წარმომადგენელ უნგრეთზე ძლიერ გუნდებადაც მიმაჩნია), მეოთხე კალათის ბინადართაგან ჩვენს ჯგუფში არ მოხვდა შვედეთის ნაკრები, რომელსაც არცთუ სახარბიელო პერიოდის მიუხედავად, ამჟამინდელ გუნდშიც ჰყავს მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე ვარსკვლავი... მოკლედ, იყო ალბათობა, წილისყრას შედარებით რთულ ან ოდნავ უკეთეს მეტოქეებთან გავემწესებინეთ, თუმცა ქვეჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია და ვინც გვერგო, მათ უნდა ვეთამაშოთ!

ცუდი ისტორია

...კაცს ბანკიდან ურეკავენ: დავალიანება გაქვთ და თუ დროულად არ გადაიხდით, ისტორია გაგიფუჭდებათო. ცოლმა მიმატოვა და სხვას გაჰყვა, შვილები ნათესავებმა წაიყვანეს გასაზრდელად, საჭმელი რომ არაფერი მაქვს, ჩემი ერთადერთი ძაღლიც მეზობელთან გაიქცა, მთელი სოფელი დამცინის და ამაზე მეტად რა "ისტორია გამიფუჭდებაო?!"

საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებს ამდენი პრობლემა არა აქვს. თუმცა მომავალ მეტოქეებთან თამაშის კარგი ისტორიით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ამაზე მეტად მართლაც რომელი სტატისტიკა უნდა "გაგვიფუჭდეს", როცა უკრაინას, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას ჯამში თოთხმეტჯერ ვეთამაშეთ და... მხოლოდ ერთხელ გავიმარჯვეთ?! გასაგებია, რომ უარყოფითი ბალანსის უმეტესი ნაწილი უკრაინის ნაკრებთან თამაშებზე მოდის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - "ისტორიას" გამოსწორება სჭირდება!

ჩრდილოეთ ირლანდიას ერთადერთხელ ვეთამაშეთ - 2008 წლის 26 მარტს (ზუსტად თექვსმეტი წლის შემდეგ ეს დღე ისტორიული გახდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის!), ამხანაგურ შეხვედრაში "მწვანე-თეთრმა არმიამ" (ჩრდ. ირლანდიის ნაკრებისა და მისი ქომაგების მეტსახელია) 4:1 გაიმარჯვა.

აქამდე ორჯერ გვითამაშია უნგრელების წინააღმდეგ და თანაბარი ბალანსი (1-1) მინიმუმ 2 ოქტომბრამდე (მადიარებს სწორედ ამ დღეს ვესტუმრებით) შენარჩუნდება. დიახ, ქვეჯგუფის მომავალი მეტოქეებიდან ერთადერთი მოგება სწორედ უნგრეთის ნაკრებთან გვაქვს - შორეული 2001 წლის 1-ლ სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ 3:1 გაიმარჯვა. სამი თვით ადრე უნგრელებმა ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს და ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" 4:1 მოგვიგეს.

ურთიერთშეხვედრების ყველაზე ხშირი და იმავდროულად, ძალიან ცუდი ისტორია უკრაინის ნაკრებთან გვაქვს - 11 მატჩი, 4 ფრე, 7 წაგება! პირველად 1998 წელს ვითამაშეთ (ამხანაგური მატჩი - 0:4), ბოლოს - უეფას ერთა ლიგის წინა სეზონში: სერგეი რებროვის გუნდმა პოზნანში 1:0 მოგვიგო - ატალახებულ მოედანზე გამართულ იმ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი მუდრიკმა გაიტანა (მალევე, დოპინგ-სკანდალში გაეხვია და დღემდე დისკვალიფიცირებულია), ბათუმში გამართულ მატჩში კი მიქაუტაძის ერთადერთი გოლით ფრეს დავჯერდით - 1:1.

მოკლედ, წლევანდელი შემოდგომის მატჩებს ცუდი სტატისტიკით კი ვხვდებით, მაგრამ ნავსის გატეხის კარგი შანსიც გვეძლევა და დროა, "ისტორია გამოვასწოროთ", მით უმეტეს, საქართველოს ნაკრებისთვის უეფას ერთა ლიგა უმნიშვნელოვანესი ტურნირია. ევროპის ჩვენთვის სადებიუტო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ იქაური პლეი-ოფის გავლით მოვხვდით და რა გასაკვირია, რომ ქართველ ქომაგს "ამ ტურნირის მომგონი" არაერთხელ უდღეგრძელებია. უეფას ერთა ლიგის ეს გათამაშება რიგით მეხუთეა ჩვენთვის (ისევე, როგორც ევროპის ყველა ნაკრებისთვის) და იმედია, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც 2023-2024 წლების სეზონი. მართალია, მაშინ ჩ დივიზიონში ვასპარეზობდით და შედარებით სუსტი მეტოქეებიც გვყავდა, მაგრამ თუ პროგრესსა და სტაბილურ შედეგებზე გვაქვს პრეტენზია, ძლიერ ნაკრებებთან კონკურენციაც უნდა ვისწავლოთ.

შემოდგომამდე დიდი დროა და ჩვენს ნაკრებსა და მეტოქეებზე გაზეთის მომდევნო ნომრებში ვილაპარაკებთ, მანამდე კი მწვრთნელების კომენტარებს და ჩვენი ჯგუფის მატჩების განრიგს გაეცანით.

sakartvelo-partik-vieiras-igblian-xelshi-1771182876.jpg

ვიეირა და ვინ - რა

შესავალშიც ვახსენე, რომ ბრიუსელში გამარტული წილისყრისას, "ბ" დივიზიონის ბინადარი ნაკრებები ვეტერანმა ფრანგმა, პატრიკ ვიეირამ დააჯგუფა. შეგახსენებთ, ვიეირა და ჩვენი ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლი საფრანგეთის ნაკრებში წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. აი, რა თქვეს სანიოლმა და ჩვენი ქვეჯგუფის გუნდების დანარჩენმა მწვრთნელებმა წილისყრის შემდეგ:

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "უკრაინის სახით რთული მეტოქე გვყავს და ეს უეფას ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაშიც ვნახეთ. არც ისე დიდი ხნის წინ უნგრეთი A დივიზიონში თამაშობდა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი კარგი შედეგები აქვს და რთული მატჩები გველის. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ბრიტანული სტილის მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. სრული კონცენტრაციითა და მოტივაციით უნდა ვითამაშოთ და გამოვიყენოთ ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოებს. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედია, ამას სექტემბერში გვაჩვენებენ".

მარკო როსი (უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი არ არის ისეთი რთული, როგორც Aლიგის ბოლო გათამაშებაში გვქონდა, მაგრამ სამივე მეტოქის წინააღმდეგ განსაკუთრებით რთული მატჩები გვექნება. ჩვენს ორ მოწინააღმდეგეს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი - გაზაფხულზე გაირკვევა, შეძლებენ თუ არა მუნდიალზე გამგზავრებას ჩრდილოეთი ირლანდია და უკრაინა. საერთაშორისო დონეზე იოლი მატჩები არ არსებობს, ამიტომ არც ერთი მატჩი არ იქნება ადვილი. პირველ რიგში, ჩვენ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, განვითარება განვაგრძოთ. მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ძალიან ცოტა გუნდი იყო თავისუფალი, მაგრამ, ვფიქრობ, ივნისში კარგი მეტოქეები შევარჩიეთ ამხანაგური მატჩებისთვის. ფინეთს კარგი გუნდი ჰყავს, თანაც ჩემთვის განსაკუთრებული მეტოქეა, რადგან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ მქონდა დებიუტი. საკუთარ მოედანზე ყაზახეთის ნაკრებიც რთული მეტოქეა, ამიტომ, ვფიქრობ, ეს ორი მატჩი იდეალური იქნება ჩვენთვის, რათა გავიგოთ, სად ვართ და თამაშის ახალი ელემენტები, ახალი მოთამაშეები გამოვცადოთ".

სერგეი რებროვი (უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეჯგუფში ყველა გუნდი ძლიერია. მთლიანობაში თანაბარი და დაბალანსებული ჯგუფია და კარგად მომზადება დაგვჭირდება. სამწუხაროდ, ისევ საქართველოს წინააღმდეგ ვთამაშობთ. ნამდვილად არ მინდოდა უნგრეთთან თამაში, ეს პრინციპული თამაში იქნება. დიახ, უნგრეთში მიმუშავია, მაგრამ არ ვიცი, იქ როგორ დამხვდებიან, ჩემს გუნდზე ვფიქრობ".

მაიკლ ო’ნეილი (ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "თანაბრად დაკომპლექტებული, კონკურენტული ჯგუფია. ამ დონეზე ადვილი თამაშები არ არსებობს, მაგრამ მომავალი გამოწვევებისთვის მზად ვართ. ბოლო წლებში უკრაინას რამდენჯერმე შევხვდით, თუმცა 2016 წლის შემდეგ არ დაგვიმარცხებია. ძლიერი, ტექნიკური გუნდია, რომელსაც დიდი ტურნირების გამოცდილება აქვს და ვიცით, რომ ორივე თამაშში საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ. შესაძლოა საქართველო ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად სახიფათო მეტოქეა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს, ძლიერი იდენტობა და თავდაჯერება შეიძინეს. მათ თამაშს საფუძვლიანად გავაანალიზებთ, მომავალ მატჩებს მთელი კონცენტრაციითა და პატივისცემით ვუდგებით. უნგრეთის ნაკრები "ევრო 2016"-ს გვახსენებს და ეს გუნდი ზრდას მას შემდეგაც აგრძელებს. მაღალი ხარისხის, ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი ნაკრებია, ძლიერი საშინაო მხარდაჭერით, რაც ყოველთვის ართულებს მათთან თამაშს. საერთო ჯამში საინტერესო ჯგუფია. ერთა ლიგა ჩვენთვის ძალიან ღირებული ტურნირი აღმოჩნდა და ვეცდებით ყველა თამაშს ამბიციურად მივუდგეთ, რათა ჩვენს წინააღმდეგ თამაში რთული იყოს და ჩვენს გულშემატკივრებსაც შევთავაზოთ მატჩები, რომლებითაც იამაყებენ".

კალენდარი

უკვე ცნობილია ჩვენი ქვეჯგუფის მატჩების განრიგიც. ახალი ფორმატის თანახმად, საკვალიფიკაციო ეტაპი არა სამ, არამედ ორ სათამაშო "ფანჯრად" იყოფა, რაც ერთი შეკრების ფარგლებში ზედიზედ ოთხი მატჩის (ორი შინ, ორი - სტუმრად) გამართვას ნიშნავს, იმავდროულად, ერთად გატარებულ უფრო მეტ დროს და უკეთეს მომზადება/შეთამაშებას. რაც შეეხება სათამაშო კალენდარს, შესარჩევ ეტაპს ორი საშინაო შეხვედრით ვიწყებთ, ბოლო მატჩი კი სტუმრად გვიწევს (17 ნოემბერი, უკრაინა). თანაბრად დაკომპლექტებულ ჯგუფში, სადაც ყველა ქულა გადამწყვეტი იქნება, ჯგუფის ბოლო მატჩის გასვლაზე გამართვა ნაკრებთან, რომლისთვისაც არასდროს მოგვიგია, იდეალური სცენარი ნამდვილად არ არის. თუმცა ვერაფერს ვიზამთ იმის გარდა, რომ მანამდე გამართულ ხუთივე შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი უკრაინასთან მატჩამდე არ დავკარგოთ!

საკვალიფიკაციო ეტაპს ორი საშინაო მატჩით კი ვიწყებთ, მაგრამ პირველ შეხვედრას მაყურებლის გარეშე ვუმასპინძლებთ - სომხეთთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტების გამო უეფამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგვსაჯა, რაც პირველ საშინაო მატჩში ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშს გულისხმობს. თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ პირველ ტურში (25 სექტემბერი) მეოთხე კალათის წარმომადგენელ ჩრდილოეთ ირლანდიას ვმასპინძლობთ და თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, გაერთიანებული სამეფოს ქვეყნების ყველაზე სუსტ წარმომადგენელს მაყურებლის მხარდაჭერის გარეშეც უნდა ვაჯობოთ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ტრადიციულად უჭირს "აუცილებლად მოსაგებ" მატჩებში გამარჯვება, ინგლისის ჩემპიონშიპისა და პრემიერლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ჩრდილოეთი ირლანდია კი სულაც არ გახლავთ ხელწამოსაკრავი მეტოქე.

ირლანდიელებთან მატჩიდან სამ დღეში უხერხულ მეტოქე უკრაინას სავსე ტრიბუნების ფონზე ვუმასპინძლებთ და უსიამოვნო ტრადიციის დასრულებას შევეცდებით, ოქტომბრის დამდეგს კი ზედიზედ ორი გავლითი მატჩია - ბუდაპეშტსა და ბელფასტში. B ჯგუფის მატჩების სრული განრიგი კი ასეთია:

I ტური - 25 სექტემბერი

საქართველო - ჩრდ. ირლანდია

უნგრეთი - უკრაინა

II ტური - 28 სექტემბერი

საქართველო - უკრაინა

ჩრდ. ირლანდია - უნგრეთი

III ტური - 2 ოქტომბერი

უნგრეთი -საქართველო

უკრაინა - ჩრდ. ირლანდია

IV ტური - 5 ოქტომბერი

ჩრდ. ირლანდია - საქართველო

უკრაინა - უნგრეთი

V ტური - 14 ნოემბერი

საქართველო - უნგრეთი

ჩრდ. ირლანდია - უკრაინა

VI ტური - 17 ნოემბერი

უკრაინა - საქართველო

უნგრეთი - ჩრდ. ირლანდია