"ის, რაც ჩემი ფიზიკური შეზღუდვა მეგონა, ჩემი ძალა აღმოჩნდა“ - კვირის პალიტრა

"ის, რაც ჩემი ფიზიკური შეზღუდვა მეგონა, ჩემი ძალა აღმოჩნდა“

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი­ ჯერ პარალიმპიურმა კომიტეტმა და თბილისის მერიამ, ახლახან კი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2025 წლის პარასპორტსმენად დაასახელა. ამბობს, რომ ეს სასიამოვნო ამბავი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ახლა მორიგი ასპარეზობისთვის ემზადება, რომელიც 20 თებერვალს იტალიაში გაიმართება. როგორ იხსენებს დღეს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა, როგორი ემოციით გადის ფარიკაობის ბილიკზე და როგორ აქცია ფიზიკური შეზღუდვა მთავარ ძალად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1997 წლის 11 მაისი.

- ფარიკაობა არის...

- ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ენერგია, მხოლოდ სპორტი არ არის, ის ძალაა, რამაც შემქმნა და ძლიერ ადამიანად ჩამომაყალიბა, შემძინა ბევრი დადებითი თვისება და ბედნიერი წუთი.

- დიდი ასპარეზობების წინ...

- ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი ჩარჩოში არ მოვაქციო. მოლოდინები­ არ შევუქმნა. არც გამარჯვებაზე ვიფიქრო, არც - დამარცხებაზე. რა თქმა უნდა, ეს ფიქრები გონებაში მაინც შემოდის, მაგრამ არ ვუღრმავდები.

- როდესაც საფარიკაო ბილიკზე ვდგები...

- ფორმას რომ ვიცვამ და გავდივარ, საკუთარ თავს ვეუბნები, ახლა ის მომენტია, როცა უნდა გაიმარჯვო! 2025 წელი ნამდვილად წარმატებული იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში, ბრინჯაოს მედალი ავიღე. სხვა შეჯიბრებებზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოვიპოვე.

nina-1771184386.jpg

- ინტუიციას...

- ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა მქონია შემთხვევები, რაღაც გამიფიქრებია და ზუსტად ისე მომხდარა.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- მსახიობი. იმ პერიოდში ფილმები­ ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც ახლა. კარგ ფილმს რომ ვნახავდი, ვინტერესდებოდი, როგორ ცხოვრობდნენ მასში­ მონაწილე მსახიობები, როგორები იყვნენ კადრს მიღმა? ეს თვისება ახლაც მაქვს, როცა ფილმი მომეწონება, მის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად ვეცნობი. პროფესიით არქიტექტორი ვარ, ბავშვობიდან ვხატავდი და არჩევანი ამ ფაკულტეტზე შევაჩერე.

- ჩემზე ამბობენ...

- ჯიუტიაო. მეც ასე ვფიქრობ!

- ვჯიუტდები, როცა...

- რაღაც ძალიან მინდა. მაშინაც კი, როცა ვიცი, შესაფერისი დრო და სიტუაცია არ არის და მოცდაა საჭირო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი `გუშინ უნდა"... ვჯიუტდები, როცა მეუბნებიან, რაღაც არ გამოვა, რომ ეს შეუძლებელია. ამ დროს ყველაფერს ვაკეთებ, რომ ის რაღაც გამოვიდეს. სიჯიუტე გარკვეულწილად მოტივაციადაც იქცევა ხოლმე. სპორტში ძალიან გამომადგა, მუხტი არ დამაგდებინა.

- დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა...­

- ტოკიოს პირველი პარალიმპიადა იყო. ფარიკაობაში ვარჯიში რომ დავიწყე, ამ საქმეს სერიოზულად არც ვუდგებოდი, მინდოდა ბედი არქიტექტურაში მეცადა. თავიდან მქონდა წაგებების სერია, რამაც გამიმძაფრა სურვილი, შემდეგი ასპარეზობები აუცილებლად მომეგო. მერე ძალიან შევიყვარე ეს სპორტი და დღეს ფარიკაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. პირველი ასპარეზობისთვის გამოუცდელი და ახალბედა ვიყავი, მაგრამ სწორედ მაშინ ავიღე ვერცხლის მედალი და თავადაც გაკვირვებული დავრჩი. ამ შემთხვევამ ჩემში დიდი რწმენა გააჩინა.

488663442-10012703555419858-5221517751761401663-n-1771184386.jpg

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ერთ პიროვნებას, რომელსაც ვერ დავასახელებ. როდესაც წარმატებას ვაღწევ, მე ვჩანვარ, მაგრამ ჩემ უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას: ოჯახი, მეგობრები, ჩემი საუკეთესო გუნდი, მწვრთნელები, ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ, რომ ჩვენ შეჯიბრებაზე წავიდეთ და მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიაროთ.

- ბედნიერი ვარ...

- ბევრი რამით, მაგრამ ყველაზე მეტად­ იცით რა მახარებს? დღეს იქ რომ ვარ, სადაც ყოფნას წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი. დაბადებიდან განუვითარებელი ბარძაყი მაქვს, ვერ წარმომედგინა, სპორტთან კავშირი თუ მექნებოდა. სწორედ ეს ფიზიკური მდგომარეობა აღმოჩნდა ჩემი წარმატების საწინდარი. ბედნიერი ვარ, ეს შესაძლებლობა რომ მომეცა.

ბავშვობიდან ფეხზე პროთეზი მაქვს, რადგან გამართული სიარული არ შემეძლო, იყო შემთხვევები, ქუჩაში უცნობი ადამიანები მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, შვილო, რა გჭირს? მაშინ ეს ძალიან მაღიზიანებდა. წლების განმავლობაში საზოგადოება შეიცვალა, ამ თემას მეც სხვაგვარი დამოკიდებულებით ვუდგები. ვინმე თუ მეკითხება, რა გჭირსო, ვფიქრობ, ამას დამაკნინებლად კი არ მეკითხებიან, უბრალოდ აინტერესებთ. შეიძლება ასეთი ინტერესი სხვა ადამიანის მიმართ მეც კი გამჩენოდა. საზოგადოებას დღეს გაცილებით დიდი მიმღებლობა აქვს.

- მაშინ მიმღებლობა არ იყო?

- ნაკლებად... პირდაპირ ვიტყვი, დეფექტიან ადამიანად გთვლიდნენ. დღეს ასე აღარ არის, მით უმეტეს ჩემი სპორტული წარმატების ფონზე. ახლა ჩემით ამაყობენ და სულ კომპლიმენტებს მეუბნებიან. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ პარასპორტსმენების წარმატებები შშმ პირებისთვის უდიდესი მოტივაცია შეიძლება აღმოჩნდეს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ღიმილი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ვიარო წინ და არ გავჩერდე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ბრძოლისუნარიანობა, მიზანდასახულობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ხანდახან სიზარმაცე შემომიტევს, დილით ადრე გაღვიძება მიჭირს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- შეცდომის მიღება და აღიარება. ადრე შეცდომას რომ ვუშვებდი, მერე საკუთარ თავზე ძალიან ვბრაზდებოდი, უარყოფითი ფიქრები მქონდა. ახლა ვისწავლე, როგორ ვაქციო გამოცდილებად.

- ვიბნევი...

- ბავშვებთან ურთიერთობისას. ჩემი ძმის შვილი 3 წლის არის, იმდენად განვითარებული ბავშვია (ვთვლი, რომ მისი თაობის ყველა ბავშვი ასეთია) ძალიან უცნაურ შეკითხვებს მისვამს, ვიბნევი, არ ვიცი, როგორ ვუპასუხო ისე, რომ სწორი გზა მივცე. ვაცნობიერებ, მისთვის ამ ასაკში მიღებული პასუხები რამდენად მნიშვნელოვანია.

- სიყვარული...

- მრავალმხრივია - ოჯახის წევრების, მეგობრების, მეორე ნახევრის... ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ძალიან დაბნეული ვიყავი.

- ახლა შეყვარებული...

- არ ვარ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- კარგმა მუსიკამ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ზედმეტად ემოციური ვარ. სხვა ადამიანის ტკივილიც კი გულთან ახლოს მიმაქვს. როცა შემიძლია თავად რამე გამოვასწორო, პრობლემაზე ვკონცენტრირდები, ვცდილობ რაღაც შევცვალო, მაგრამ ისეთი სიტუაციები, რომლის შეცვლაც ჩემზე არ არის დამოკიდებული, ძალიან ცუდად მოქმედებს, ვნერვიულობ.

- ბოლოს ვიტირე...

- ფილმზე, მელოდრამებს ხშირად ვუყურებ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ძალიან მიხარია, მაგრამ მრცხვენია და ვწითლდები.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- დაგვიანების გამო. არაპუნქტუალურობა ჩემი ცუდი თვისებაა.

- ვიტყუები...

- როდესაც რაღაც მაწუხებს და ამ დროს მეკითხებიან, როგორ ხარ? როდესაც პრობლემის წინაშე ვდგები, ვცდილობ, მარტო გავუმკლავდე და შემდეგ გავუზიარო სხვას. არ ვიცი, ეს რამდენად კარგი თვისებაა.

- თავისუფლება...

- ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფლების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- რომ გითხრათ, ძალიან ძვირად ღირებულ ნივთებს შევიძენდი ან ბევრს ვიმოგზაურებდი-მეთქი, ტყუილი გამომივა. ზუსტად ვიცი, ისევ ისე ვიცხოვრებდი, აუცილებლად ვიქნებოდი სპორტში. სხვა ადამიანებს მძიმე მდგომარეობას შევუმსუბუქებდი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ფულის სწორად ხარჯვა.

- მენატრება...

- ხანდახან სკოლის პერიოდი, როცა პატარა ვიყავი და არ მქონდა ისეთი პასუხისმგებლობები, როგორიც ზრდასრულ ასაკში.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა მშველის. თუ კონკრეტული პრობლემა მხოლოდ ჩემი გადასალახია, ამ შემთხვევაში საუკეთესო `წამალი" ბუნებაში ყოფნაა... ზღვა მიყვარს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- პატარა რომ ვიყავი, ჩემი მშობლები ხშირად მიმეორებდნენ - არა აქვს მნიშვნელობა ფიზიკურ შესაძლებლობებს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რასაც მოინდომებ! მათი როლი ჩემს ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია. ყველა ეტაპზე ჰქონდათ ნაფიქრი და გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოეცათ ჩემთვის სწორი მიმართულება. დღეს ჩემს წარმატებებს შორიდან რომ ვუყურებ, მახსენდება, ბავშვობაში როგორ ვთხოვდი ღმერთს, მოეცა შესაძლებლობა ჩემი მშობლებისთვის მადლობა გადამეხადა.

- წარმომიდგენია, დღეს თქვენით როგორ ამაყობენ. მათთან დიდი გამარჯვებების შემდეგ შეხვედრები როგორია?

- ძალიან ემოციური, ყველა ჩემს შეჯიბრებას უყურებენ, მირეკავენ, მამხნევებენ და ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც დედამ ვერ შეძლო ეყურებინა ჩემი ასპარეზობისთვის. პარიზის პარალიმპიადაზე იყო და ტრიბუნიდან გავიდა, იმდენად ნერვიულობდა.

- მორიგი ასპარეზობა...

- 20 თებერვალს პარაფარიკაობაში მსოფლიო თასი გაიმართება. ეს ინტერვიუ რომ გამოქვეყნდება, უკვე იტალიაში ვიქნები. გვექნება როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური (ირმა ხეცურიანთან და გვანცა ზადიშვილთან ერთად) შეჯიბრება. ვიმედოვნებ, ჩვენი გულშემატკივრების გახარებას შევძლებთ.

- დაბოლოს გეტყვით...

- ჩემი განვლილი გზა არ არის მხოლდო სპორტი და მედლები, აქ მთავარი ამბავი იცით რა არის? ის, რაც ჩემი ფიზიკური შეზღუდვა მეგონა, ჩემი ძალა აღმოჩნდა. ძალა, რომელმაც ჩემი ცხოვრების დიდი გამარჯვებები განაპირობა!

თამუნა კვინიკაძე