„პოლ მაკკარტნიმ თავის დაბადების დღეზე დაბადების დღე მომილოცა“
25 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში მომღერალ ოთო ნემსაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია და სოლო კონცერტი იგეგმება. ამჯერად კი ის მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს და ადამიანებს იხსენებს.
"ურეკავდა, ოთარი ვარ რამიშვილი, რა არის კაცო, შენ ამ ბიჭის რა არ მოგწონსო?"
- არასდროს დამავიწყდება ბევრი პიროვნება და ამბავი ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ გამორჩეულად მინდა ოთარ რამიშვილზე ვილაპარაკო. ადამიანზე, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი მეგობარი გიორგი ძამუკაშვილი ოთარ რამიშვილის მოსწავლე იყო, ძალიან ბევრი წლის წინ სწორედ მან მიმიყვანა ოთართან სახლში და შეიძლება ითქვას, რომ იმ დღიდან დავმეგობრდით. საოცარი კაცი იყო, უდიდესი იუმორით და კიდევ უფრო დიდი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული. მართალია, ჩემზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ იმდენად უშუალო გახლდათ, ასაკობრივი სხვაობა შესამჩნევი არ იყო - ოთარს ნებისმიერ ადამიანთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. სწორედ ასეთი თავისუფალი და ღისეული ადამიანები ქმნიან ღირებულ მუსიკას.
- როგორი იყო თქვენი შეხვედრები, რაზე საუბრობდით?
- ჩემი დანახვა სულ უხაროდა, ხშირად ვხვდებოდი. მე პატარა ბიჭი, ის ბუმბერაზი ხელოვანი და ვინმეს შეიძლებოდა ეფიქრა, ამხელა კაცი ამ პატარა ბიჭთან როგორ შეიძლება ძმაკაცობდესო? ჩვენი მეგობრობა რომ შედგა, ეს პირველ რიგში მისი დამსახურება იყო. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე ჰქონდა.
იხსენებდა, როგორ გამოჰყავდა წლების წინ ციხიდან ხალხი, მას რამდენად დიდ პატივს სცემდნენ. მხიარულ ამბებს თავისებური იუმორით ამდიდრებდა, რომელსაც საჯაროდ ვერ მოვყვები. უზომოდ საინტერესო კაცი იყო. მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. იცით, რას აკეთებდა? თუ გაიგებდა, ჩვენი რომელიმე მეგობრის შეყვარებულის მამას ეს ბიჭი არ მოსწონდა, პირდაპირ ურეკავდა - ოთარი ვარ რამიშვილი, რა არის კაცო, შენ ამ ბიჭის რა არ მოგწონსო? ისინიც დაბნეულები პასუხობდნენ... ეს კიდევ არ ეშვებოდა, ამიხსენი ერთი, რა არ მოგწონსო? მერე კი ამ ყველაფერზე თავადაც იცინოდა, მაგრამ ამ გართობა-გართობაში, ამბები გულთან იმდენად ახლოს მიჰქონდა, საქმეში სრული სერიოზულობით ეშვებოდა. ნამდვილი თბილისელი კოლორიტი იყო.
- ციხიდან გამოყვანის ამბები ახსენეთ, ამაზე რას გიამბობდათ?
- კომუნისტების პერიოდს იხსენებდა, მათ ოთარ რამიშვილი საშინლად არ მოსწონდათ, მაგრამ მაინც შეძლო პროტესტიც გადმოეცა და სცენაზეც დაემკვიდრებინა თავი. თურმე იმ წლებში, როცა იცოდა, ვიღაც უკანონოდ იყო დაკავებული, წინასწარი დაკავების საკნებში მიდიოდა და ხელმძღვანელობას ეუბნებოდა, ეს კაცი უნდა გამატანოთო. ის ხალხში უდიდესი სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობდა. ასეთ ამბებს გვიყვებოდა, მერე იტყოდა, გადმომიღეთ გიტარაო და დაკვრას იწყებდა. კასეტებზე ჰქონდა სიმღერები ჩაწერილი და ზუსტად იქ ვიპოვე "კოცნით ამოგიშრობ მაგ ცრემლიან თვალებს", რომელზეც შემდეგ ზვიად ბოლქვაძემ იმუშავა და სიამოვნებით შევასრულე. ოთარ რამიშვილის ბევრი სიმღერა ძალიან პოპულარულია, მაგრამ მისი შემოქმედების ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. დიდი და ძალიან ღირებული მუსიკალური ნაშრომები აქვს, დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბევრი შედევრია.
მეუღლე გულნაზ რამიშვილი იყო მისი უდიდესი მხარდამჭერი. ყველა ხელოვანმა ინატროს მსგავსი მეუღლე. ჩვენ ახლაც ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოთარი რაც შეიძლება დიდხანს გვყოლოდა და დღესაც ყველაფერს აკეთებს, მისი ხსოვნის უკვდასაყოფად.

- თქვენთან ერთად ჩაწერილი დუეტი, მისი ბოლო სიმღერა აღმოჩნდა, არა?
- ეს იყო გალაკტიონის გენიალურ ლექსზე შექმნილი სიმღერა "თოვლი". ჩვენი დუეტი ინტერნეტში ახლაც იძებნება და ბედნიერი ვარ, რომ ჩანაწერი დამრჩა. იმ პერიოდში, როცა სიმღერის ჩაწერას ვაპირებდით, ძვირად ღირებული სტუდიის თანხა არ მქონდა და შედარებით მოკრძალებული გარემო შევარჩიე, რომელიც ჩემი მეგობრების იყო. ეს ამბავი ოთარს მორიდებით ვუთხარი, გამამხნევა, არა უშავს, მამა, წამოდი, ჩავწეროთო. უკვე სიარული უჭირდა, მანქანით მე არ გამომყვა, მეგობარი გამომივლის, ჩემი ძმაკაცები მომხედავენო. სტუდიაში ერთად მოვიდნენ, თან ამბობდა, რაღა დროს ჩემი სიმღერააო.
სტუდიის წევრები ფართობს ქირაობდნენ. მეპატრონე ხშირად მიდიოდა და ქირაზე აწუხებდა. იმ დღესაც საჩხუბრად შემოვიდა, ოთარი ვერ იცნო, გვერდი აუარა და ჩხუბი დაიწყო. მერე იქ ამბავი ატყდა... ოთარმა უთხრა, ახლა ჩადი და ბიჭებს ლუდი ამოუტანე, თორემ... აღარ გავაგრძლებ, 2-მეტრიანი კაცი 25 სანტიმეტრამდე დააპატარავა. დაუბარა, ბიჭებს თავი დაანებე, 5 თვე აქ აღარ მოხვიდეო... საოცარი კაცი იყო.
მუსიკის შექმნის პროცესზე არასდროს საუბრობდა. ის ახალი სტილი, ფლამენკოს ელემენტები, რომელიც საქართველოში ოთარ რამიშვილმა დაამკვიდრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო. მან მოსწავლეებს უდიდესი ინსპირაცია მისცა. გიორგი ძამუკაშვილზე ვიტყვი, ბარსელონაში ეწევა მუსიკალურ საქმიანობას და ბევრ კარგ კონცერტზე დიდ გიტარისტებთან ერთად უკრავს.
მუსიკაში ეს ადამიანი იყო ჩემი დიდი ინსპირაცია და ჩემი პირველი ალბომი "ფიქრების ზღვა" სწორედ ოთარ რამიშვილის ხსოვნას მივუძღვენი.
მისგან ბევრი რჩევა მიმიღია, მაგრამ ერთი ნათქვამი გამორჩეულად მახსოვს - "ჯერ მუსიკა და მერე ფული". ვცდილობ, ასე ვიცხოვრო, ჩემთვის ჯერ მუსიკაა და მერე ყველაფერი დანარჩენი.

"ეს ადამიანი დღემდე მაჯადოებს"
- მუსიკოსი, რომელმაც ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ახლაც ახდენს, ზვიად ბოლქვაძეა. ზვიადი ჩემი მეგობარია და ამ ურთიერთობით ვამაყობ. ის არის კაცი, რომელსაც შეიძლება ქართული კულტურის გასაღები თამამად ანდო, ამაყად შეინახავს. ზვიადის გუნდთან და კაპელასთან მუშაობა ცალკე მუსიკალური სიმაღლეა. ჩვენ ერთად ოთარ რამიშვილის მუსიკაზე დიდხანს ვიმუშავეთ, საოცარი ვერსიები შექმნა...
ამ ადამიანთან პირველი შეხვედრა გამორჩეულად მახსოვს. თბილისის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში შევედი, დიდი წითელი როიალი იდგა და ამ როიალთან ერთი კაცი იჯდა. სხვა საერთოდ არავინ იყო. ეს ამბავი იმდენად ბევრი წლის წინ ხდება, მაშინ ზვიად ბოლქვაძის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, მიყურებს თვალებში და როიალზე მელოდიას უკრავს. მივხვდი, ზუსტად ჩემი მელოდია იყო... იმ დღეს უზომოდ გამაოცა. მას აქვს უნარი, გასაღები ნებისმიერი ადამიანის ხასიათს მოარგოს. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. რომ გავიცანი, ბატონ ზვიადს ვეძახდი, ერთ დღეს მითხრა, რა "ბატონო", "ბატონო", ნუ გაახურე საქმეო.
რაღაც პერიოდის შემდეგ რუსთაველის თეატრში მის კონცერტს დავესწარი, წარმოდგენიდან გამოსული იმდენად დიდ ემოციებში ვიყავი, რუსთაველიდან პეკინამდე სრულიად გაშტერებულმა ფეხით ვიარე. ეს ადამიანი დღემდე მაჯადოებს. მინდა მადლობა ვუთხრა მას ყველაფრისთვის.
დაუვიწყარი ზარი
- 18 ივნისს ჩემი დაბადების დღეა. მეგობრებმა მოინდომეს გრანდიოზული დაბადების დღე გადაეხადათ. მოულოდნელად მაწვდიან ტელეფონს და... ხაზზე პოლ მაკკარტნია. ჩვენ ორივე 18 ივნისს ვართ დაბადებული. იქვე თუ არ დავეცემოდი, არ მეგონა, ვერ ვიჯერებდი. ჩემმა კერპმა თავის დაბადების დღეზე დაბადების დღე მომილოცა. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე იყო.
"მსოფილოს ნომერი პირველი გენიოსი"
- ერთ დღეს სრულიად შემთხვევით ქუჩაში დიდებული გია ყანჩელი შემხვდა. მსოფლიოს ნომერი პირველი გენიოსი, ჩავეხუტე, როგორ მიყვარხართ-მეთქი... თავადაც მომეფერა, მეც მიყვარხარ, შვილო, აკეთე მუსიკა, ჩემთან მოდიო... ვერაფრით მივეცი ჩემს თავს უფლება გია ყანჩელთან მივსულიყავი და მისი რომელიმე სიმღერა მემღერა. დღემდე ძალიან ვნანობ, მაგრამ მაშინ ძალიან მერიდებოდა. არადა, ჩემი დიდი ოცნების ახდენა იქნებოდა. ერთმანეთს რომ დავშორდით, ბატონი გია წავიდა, გაუყვა ქუჩას, მე ვიდექი და ვუყურებდი. ზამთრის დასასრული იყო, მიდიოდა ქუჩაში და ამდენ ხალხში ისე ირეოდა, გეგონებოდა, რიგითი მოქალაქე იყო, არაფრით გამორჩეული და განსხვავებული... დავფიქრდი, განა შეიძლება, ამ ქვეყანაში გია ყანჩელი ასე გაატარო? კალთებზე არ ჩამოეკიდო და მადლობა არ უთხრა?
თამუნა კვინიკაძე