რამდენად არის შესაძლებელი, რომ მამას შეეზღუდოს ბავშვის ნახვის უფლება?
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
15 წელია ვმკურნალობ ბავშვს, უამრავი ფული დავხარჯე. ისევ უნდა დავიწყოთ მკურნალობა, მაგრამ ხელფასით ვერ ვაგროვებ საჭირო თანხას. ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა შემეძლოს საპენსიო დანაზოგის აღება ან მე, ან ჩემს მეუღლეს? თუ აუცილებელია ინვალიდი გავხდე, მოსავლელი ვიყო, რომ ჩემი მოჭრილი თანხით ვისარგებლო? სასამართლოში რომ შევიტანო სარჩელი და მოვითხოვო ჩემი დანაზოგის გატანა, აქვს აზრი?
- არსებობს საპენსიო დანაზოგის მიღების მხოლოდ რამდენიმე საფუძველი: საპენსიო ასაკის მიღწევა, პირის შესაძლებლობების შეზღუდვა, საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრეობით გადაცემა და საქართველოს სამუდამოდ დატოვება. სამწუხაროდ, კანონი არ ითვალისწინებს თქვენს შემთხვევაში საპენსიო აქტივის მიღებას.
აპრილში მისრულდება 60 წელი. მაქვს თუ არა საპენსიო დანაზოგის ერთად გატანის უფლება?
- დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საპენსიო აქტივების მიღების შესაძლებლობა გაქვთ მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევთ.
მინდა ბინის დაგირავება, მაგრამ ის ბანკში ყოფილა ჩადებული. როგორც მეპატრონე მეუბნება, ბინას ოფიციალურად დამიტვირთავს იპოთეკით საჯარო რეესტრში. ახლობელმა კი მითხრა, რომ ასეთი გარიგება სარისკოა, რადგან მე მეორე რიგის იპოთეკარი გამოვდივარ. რა რისკებს შეიცავს ასეთი ტიპის გარიგება?
- თქვენი ახლობელი სწორია, ვინაიდან თქვენ გამოდიხართ მეორე რიგის იპოთეკარი, რაც ნიშნავს, რომ პირველ რიგში დაკმაყოფილდება პირველი რიგის იპოთეკარი, ხოლო აღნიშნულის შემდგომ შესაძლოა ვეღარ მოხდეს თქვენი თანხის ამოღება და თქვენი დაკმაყოფილება.
ამ ზაფხულს შევიძინე ბინა ბათუმში, "ორბის" კორპუსში. ჯერ კორპუსის საძირკველიც არ არის აშენებული და ბინა სამი წლის შემდეგ უნდა ჩაგვბარდეს. შევიტანე პირველადი შენატანიც, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში, რომ ამ კომპანიას ჰყავს ბევრი დაზარალებული - ახალგაზრდა ქალი ვიდეოში 500-ზე მეტ დაზარალებულზე საუბრობს. თურმე წლებია ელოდება ბინის ჩაბარებას და ჯერ კარკასიც არ არის დასრულებული. მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოვჩნდე და უფრო დიდ ვალში არ ჩავვარდე, შემიძლია თუ არა კომპანიას მოვთხოვო ხელშეკრულების გაუქმება და შეტანილი თანხის უკან დაბრუნება?
- მსგავსი შემთხვევისას აუცილებელია იურისტს აჩვენოთ ხელშეკრულება და დეტალურად გაიაროთ ხელშეკრულების პირობები. შეიძლება ხელშეკრულება შეიცავდეს ხელშეკრულების მოშლის პირობებს, თუმცა საამისოდ ხელშეკრულების მოშლის ინიციატორისთვის რაიმე სახდელს ითვალისწინებდეს. ბევრი დეტალი შეიძლება იყოს, ამიტომ აუცილებელია ხელშეკრულების დეტალურად განხილვა.
მყავს შვილი, რომელსაც მამის გრაფაში არ უწერია მამის სახელი და არც გვარი აქვს მისი. მაშინ მოიმიზეზა, რომ არ ჰქონდა პირადობა და ამიტომ ვერ აძლევდა გვარს. არ ვიყავით ოფიციალურ ქორწინებაში. მინდა დავაკისრო ალიმენტის გადახდა, რადგან არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. რა პროცედურების გავლა მომიწევს და აქვს თუ არა აზრი დავას?
- უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით მამობის დასადგენად, ასევე სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოთ ალიმენტი. მას შემდეგ, რაც მამობა დადგინდება, სასამართლო იმსჯელებს ალიმენტზე.
ვარ თანამესაკუთრე ძმასა და დედასთან ერთად სოფელში საკარმიდამო ნაკვეთის, სადაც დგას სახლიც. მინდა უარი ვთქვა ჩემს წილზე, რა პროცედურებია გასავლელი და იქნება თუ არა რეესტრში გადასახდელი ამ პროცედურის ღირებულება?
- შეგიძლიათ თქვენი წილი აჩუქოთ რომელიმე თანამესაკუთრეს, ან ორივეს. ცხადია, საკუთრების რეგისტრაცია ფასიანია საჯარო რეესტრში.
სოფელში საკუთარ ეზოში მაქვს წლების წინ დარგული ხეები, რომლებიც მინდა მოვჭრა, ზოგი გამხმარიც არის, მაგრამ მითხრეს, რომ ამისთვის ნებართვა მჭირდება. მართალია თუ არა და ვის უნდა მივმართო? როგორც მეზობელმა მითხრა, თავის ნაკვეთში ხეების მოჭრისთვის 2.000 ლარით დაუჯარიმებიათ.
- საქართველოს ტყის კოდექსი არ ვრცელდება იმ ხეებზე, რომლებიც არ წარმოადგენს სახელმწიფო ან მუნიციპალური ტყის ფონდს და მდებარეობს კერძო საკუთრებაში არსებულ ეზოში. თუმცა, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია თქვენი მიწის სტატუსი, უმჯობესია მიმართოთ თქვენი სოფლის მუნიციპალიტეტს განცხადებით და მოითხოვოთ ნებართვა ხეების მოჭრაზე.
ტვინში მაქვს კისტა ანუ ეპილეფსი. შემიძლია თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანა?
- "საპენსიო სააგენტოს შესახებ" კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: 60 წლის ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში), მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა, როდესაც ის აღწევს საპენსიო ასაკს (საქართველოს კანონმდებლობით, ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის 60 წელია), ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს. მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს თანხის ერთჯერადი ან ეტაპობრივი გატანა. თუ თქვენ გაქვთ ინვალიდის სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დანაზოგის გატანა მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადის საფუძველზე საპენსიო სააგენტოში; ან წარადგინოთ ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი და განცხადება; ან ფორმა #100 და წესით, უნდა გააიგივონ ეს მდგომარეობა შშმ პირობასთან.
შპს-ს სახელზე მაქვს სესხი ბანკში, რომელსაც ვეღარ ვამუშავებთ, ვეღარ ვახერხებთ შემოსავლების მიღებას, შესაბამისად, შპს-ს სესხს ვეღარ ვიხდი. რა ბერკეტი აქვს ბანკს ჩემს წინააღმდეგ, შეუძლია თუ არა ჩემი პირადი ანგარიშების დაყადაღება? თანამსესხებელი არა ვარ არც ერთ სესხზე, სრულად კომპანიის სახელზეა სესხი.
- მოცემულ შემთხვევაში სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება შპს-ს, მთელი მისი ქონებით. ამიტომ, თუ კრედიტორი დაიწყებს სამართლებრივ პროცედურებს, ნებისმიერი სამართლებრივი ბერკეტი გამოყენებული იქნება შპს-ს მიმართ.
- მამა იყო მოძალადე, ჩემზე ძალადობდა და ეს გახდა ჩვენი დაშორების მიზეზი. ჰქონდა შემაკავებელი ორდერი და იჯდა ციხეშიც. მალე ციხიდან გამოსვლა უწევს და მინდა აეკრძალოს ჩემს შვილთან მოახლოებაც, რადგან მოძალადე და მანიპულატორია. მეშინია, რომ ბავშვზეც ფსიქოლოგიურად იძალადებს ის და მისი ოჯახიც. რა შემიძლია გავაკეთო?
- მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრა დამოკიდებულია რიგ ფაქტობრივ გარემოებებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. ვინაიდან თქვენ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ეს გარემოება პირდაპირ ვერ გახდება მამის ბავშვთან ურთიერთობის წესის განმსაზღვრელი. მსგავსი ტიპის დავებზე ყოველთვის ექცევა ყურადღება ბავშვის სურვილს, რამდენად სურს მას მამასთან ურთიერთობა. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, ან თავად მამას უთხრათ, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისცემთ ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობას.