საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე?! - „თუ ასე გაგრძელდა, ვინღა დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში?“ - კვირის პალიტრა

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე?! - „თუ ასე გაგრძელდა, ვინღა დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში?“

ბოლო პერიოდში დადგინდა, რომ ქვეყანაში ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ახალშობილთა, რაც, როგორც სოციოლოგები ამბობენ, ერის დაბერების ნიშანია. ამ საკითხზე ვესაუბრეთ სოციოლოგ პაატა აროშიძეს:

- ბოლოდროინდელი სტატისტიკური­ მონაცემები, ძირითადად, 2025 წლის შეჯამებაა. როდესაც წლის ბალანსში 60-65 წელზე ზემოთ პირები აჭარბებენ შობისუნარიან მოსახლეობას, ეს უკვე პრობლემაა სოციალური, დემოკრატიული თუ ეკონომიკური.

დემოკრატიული კუთხით განხილვა გულისხმობს, რომ როცა ახალშობილთა სიმრავლე არ აჭარბებს გარდაცვლილთა სიმრავლეს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში ბუნებრივი ზრდა არ არის. როდესაც დემოგრაფიული მაჩვენებელი უარყოფითია, როდესაც შობადობა უფრო ნაკლებია, ვიდრე გარდაცვლილი, ეს ნიშნავს, რომ 15-16 წლის შემდეგ დაბადებული ბავშვები შევლენ დასაქმებული მოსახლეობის ნაწილში, რის გამოც გაჩნდება დეფიციტი. როცა ბიზნესები უჩივიან კადრების დეფიციტს, ამის მიზეზი ბევრია, რადგან ზოგი კადრებს განათლების დონით არჩევს, ზოგი ეროვნებით, ზოგი იმით, თუ რამდენად შეეფერება მისი უნარ-ჩვევები სამუშაოს. ფაქტია, რაოდენობრივად უკვე კადრების ნაკლებობაა. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, რომელიც პრიორიტეტული დარგია, დასაქმებულები უმეტესად ხანში შესული ხალხია. სოფელში სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ერთ სოფელში საბავშვო ბაღში 3 ბავშვია და 10 კაცი მუშაობს. ამ პრობლემას ემატება ემიგრაციაც. ეს მოსახლეობა მაშინ, როცა ის მაქსიმალურად შრომისუნარიანი და კონკურენტუნარიანია, ცხოვრების უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ ატარებს. ეს ყველაფერი საბოლოოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, დემოგრაფიასა და ყველა სხვა პრობლემაზე. ამიტომაც იბადება კითხვა, რამდენიმე წლის შემდეგ ეროვნული რაოდენობა იქნება უფრო მეტი თუ ჩამოსულთა?

- რა ფაქტორები განაპირობებს შობადობის შემცირებას და ახალგაზრდების ნაკლებად ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში?

- შობადობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, სოციალური პრობლემები, ძირითადად, ახალგაზრდებიდან მოდის. ამჟამად ახალგაზრდები სხვანაირები არიან. მაგალითად, თუ ახალგაზრდა 90-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა, მერე ჩამოდიოდა ქალაქში და იღებდა განათლებას, შემდეგ უკან ბრუნდებოდა, დღეს თუ ახალგაზრდა მიდის სოფლიდან, ის ცდილობს თავი ქალაქში დაიმკვიდროს.

რაც შეეხება უცხოეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს, საზღვარგარეთ ყოველთვის არ არის იმის ფუფუნება, რომ განათლების მიღების შემდეგ იქვე დარჩე. ამიტომ ბრუნდებიან უკან, მაგრამ მათი აკადემიური განათლების რეალიზაცია ვერ ხერხდება სოფელში, შეიძლება მათი პროფესია სრულიად უსარგებლო გამოდგეს იქაურობისთვის, ამიტომაც იძულებული არიან ან პროფესია შეიცვალონ, ან დამკვიდრდნენ ისევ და ისევ ქალაქში.

- არსებობს პროგნოზი, თუ რა სურათი შეიძლება მივიღოთ 20-30 წლის შემდეგ?

- უპირველესად უნდა გავეცნოთ დღეს არსებულ სტატისტიკას და ასევე გაეროს მონაცემებს. საზოგადოდ, ჩამორჩენაა დემოგრაფიაში, ეკონომიკაში. შეიძლება ასევე გახშირდეს ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლა განათლების მისაღებად და უმეტესობა სამშობლოში აღარ დაბრუნდეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო გახდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც მომავალ თაობას დარჩენა და ცხოვრება მოუნდება. იმედია, წლების შემდეგ საქართველოს ეროვნული მოსახლეობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები. ამ შემთხვევაში ყველამ უნდა დასვას კითხვა, თუ ასე გაგრძელდა, ვინღა დავრჩებით საქართველოში?

კესო ხოსიტაშვილი