თონე ბორბლებზე - კვირის პალიტრა

თონე ბორბლებზე

"საცხობელი პურისა, საცხობელი კეცისა", - ასე უწოდებდნენ ძველ საქართველოში თონეს, რომელიც შეუდარებელი მოვლენაა: ის ყველას ახსენებს­ ბავშვობის ბედნიერ დღეებს და იმ საოცარ სურნელს, რომელიც მხოლოდ თონეს­ პურს აქვს! ჭიათურელმა ზურაბ მაჩიტიძემ­ მამაპაპურ თონეს ბორბლები გაუკეთა და ასე შექმნა ჭიათურის კოლორიტი - "თონე ბორბლებზე". ამ ორიგინალური მიგნების შემდეგ ბატონი ზურაბი მთელმა ჭიათურამ გაიცნო.

- 50 წლის ვარ და ჩემი თავი მშობლიური ჭიათურის გარეშე ვერ წარმომიდგენია. როგორც წესი, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვეჭიდები: აი-ტი-სპეციალისტი ვარ და რამდენიმე სკოლაში ვასწავლი, ამავე დროს, გრაფიკული დიზაინის მასწავლებელიც ვარ. ტურიზმის სფეროშიც მიმუშავია და ვიცი, რომ ჭიათურა ტურისტული თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო ქალაქია. ის მთელმა მსოფლიომ კაცხის სვეტითა და საბაგიროთი გაიცნო, მაგრამ ჭიათურაში კიდევ ბევრი რამ არის სანახავი.

- ბორბლებიანი თონის შექმნის იდეა როგორ დაიბადა?

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს იდეა ყოველთვის გულით დამქონდა და მხოლოდ 7 წლის წინ შევასხი ხორცი. ის ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან მოდის: ბავშვობაში სურამში მინახავს თონე საკისრებზე, ოღონდ ჩემს თონეს ყველგან წაიღებ, თუ მოინდომებ, სხვა ქალაქშიც. შთაგონება წლების წინ ნანახი სურამის თონე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ ადგილზე იდგა. მაშინ ეზოიანი სახლი არ მქონდა და სულ მინდოდა ჩემს შვილებს­ ნაკვერჩხლებზე შემწვარი კარტოფილის, თონის პურისა და ჭყინტი ყველის გემო სცოდნოდათ. ამიტომ კორპუსთან ახლოს სახლი შევიძინე. მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს: ნინო, დავითი და ილია. უფროსები 15-16 წლისანი არიან, ხოლო უმცროსი - 13 წლისაა. პურის ცხობა ძალიან აინტერესებთ, რამდენჯერმე თავადაც სცადეს გამოცხობა, მაგრამ ჯერ არ გამოსდით.

p-1771186083.cxoba.jpg

- როგორც ვიცი, თქვენს თონესთან ერთად ბევრს მოგზაურობთ.

- ჩემს თონესთან ერთად არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა: გვირილობას ქუთაისში მიმიწვიეს, მონაწილეობა მივიღე სავანობასა და საჩხერობაში, კარგად მახსენდება კაცხის სვეტზე გამართული ღონისძიება და რასაკვირველია, ჭიათურ-ქალაქობა... აგროტურის ფარგლებშიც ბევრ ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ამ თონის გამოჩენას ყველგან დიდი ინტერესით ხვდებიან. მე ბებია-ბაბუისგან გამიგონია, თონე არ უნდა გაანელო, თუ ჩამქრალია, იქ კერიაც ქრებაო... დღევანდელ სოფლებში თონე იშვიათად გვხვდება და ჩემი სურვილია, ხალხი ამ ლამაზ ტრადიციას დაუბრუნდეს. ბორბლებიანი თონე ამ იდეის პოპულარიზაციასაც ემსახურება. ჩემი თონის თავზე ბევრი სტუმარი მიმიღია, არაერთი ღონისძიება მომიწყვია და სულ არ ყოფილა საჭირო არც სკამი, არც მაგიდა, თონესგან ისეთი სითბო და დადებითი ენერგია მოდის, ვერაფერს შევადარებ. ხშირად მეუბნებიან, პური კი არ გვიკვირს, მაგრამ ასე, ხელდახელ გამომხცვარს სულ სხვა გემო აქვსო. ზოგი ცდილობს თავისი ხელით ჩააკრას, ზოგს ჩაუვარდება და მეც ვუხსნი, რომ არ იჯავროს - ამას კუტი პური ჰქვია და ისიც არ არის ცუდი გემოსი-მეთქი...

ჩემი თონის სანახავად უცხოელებიც ხშირად მწვევიან - პოლონელები, გერმანელები, შვეიცარიელები... მომავალში,­ როცა საოჯახო სასტუმროს გავხსნი, ბორბლებიანი თონე მისი განუყოფელი ატრიბუტი იქნება. ცხადია, ამას ფინანსები სჭირდება, ეტაპობრივად ვმუშაობ და ორ წელიწადში, ყველაფერს მოვაგვარებ. მანამდე კი ჩემს თონესთან ერთად ვმოგზაურობ: ბორბლების წყალობით თონე კაცხის სვეტზეც ამიტანია, ციცაბო გზაზე მანქანა რომ ვერ ავიდა, თოკგამობმული ავიტანეთ.

ალბათ, მკითხავთ, თონე სად დაამზადეო - ჭიათურაში, სოფელ ტყემლოვანაში არიან მეთუნეები, რომლებიც ქვევრებსაც აკეთებენ და თონეებსაც. ჩემი მეგობარი ამ სოფლის მკვიდრია და ჩემი იდეა რომ გავუმხილე, თონე მაჩუქა. რაც მთავარია, ჩემს თონეს ისეთი ბორბლები აქვს, არ ცვდება: ბაზრობაზე მეტროს ვაგონების ძველი ბორბლები ვნახე და მასალად გამოვიყენე.

- კიდევ რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მაინტერესებს სპელეოლოგია - ჭიათურის მუნიციპალიტეტში 115-ზე მეტი მღვიმეა. მათ შორის ბევრი ცნობილია: ბონდის, კოტიას, ძუძუანას მღვიმე... მე, ჯერჯერობით, 25 მღვიმეში ვარ ნამყოფი. ახლო მომავალში სპელეოლოგიური სკოლის გახსნას ვაპირებთ, რომ ტურისტებმა ჭიათურა მარტო კაცხის სვეტით კი არ გაიცნონ, არამედ ჩვენი უნიკალური მღვიმეებითაც. ამ საქმეში მხარში გამოცდილი სპელეოლოგები მიდგანან, ისინი საქართველოს მღვიმეებს პოლონელ სპეციალისტებთან ერთად სწავლობენ და ერთობლივი ფილმიც აქვთ გადაღებული. მათ შორის უნდა დავასახელო იური დავლიანიძე, ამ საქმიანობას ერთად ვეწევით. როდესაც საოჯახო სასტუმროს გავხსნი, ტურიზმის სფეროში უფრო აქტიურად ჩავერთვები და ჩემს ბორბლებიან თონეს უფრო მეტ უცხოელს გავაცნობ. თონესთან გაშლილი სუფრა და მის გარშემო მოყოლილი ისტორიები სულ სხვაა. უცხოელებისთვის ეს ეგზოტიკაც არის და დიდი სიამოვნებაც, მანამდე კიY ყველას ვთხოვ: არ დაიზაროთ ჭიათურაში ჩამოსვლა. ჩვენი ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ ნავით გაისეირნონ. ძალიან ლამაზი ტბები გვაქვს, სადაც ჩემი თონის წაღებაც შეიძლება. ყველა სტუმარს და დამსვენებელს ვპირდები, რომ აქ ჩამოსვლა სასიამოვნო მოგონებად დარჩება. თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, ჩვენი ქალაქი და მთელი საქართველო მომავალში გაცილებით ძლიერი იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე