”რუჩკებს” არ ენდოთ!” - კვირის პალიტრა

”რუჩკებს” არ ენდოთ!”

ინფრასტრუქტურისა და კიდევ რაღაცის მინისტრობის კანდიდატი ნარმანია ისედაც ცოტა ხნით იქნება მინისტრად, რადგან ივანიშვილი საერთოდ გაუქმებას უპირებს ამ უწყებას, მაგრამ სანამ იქნება, ორი სიტყვა ხომ უნდა უთხრას პარლამენტარებს? მაგრამ, როგორც ერთი მაღალ-მაღალი ბიჭი ამბობდა ხოლმე, ”ვერ მოგართვით” - ვერ შევიდა პარლამენტარებთან სათათბირო ოთახში, რადგან ქუთაისის პარლამენტში ”რუჩკები” არ მუშაობს!

დარჩა ასე: ეს გარეთ, დერეფანში, ისინი შიგნით - სათათბიროში და ის-ის იყო, სატელეფონო თათბირი უნდა დაეწყოთ, რომ ტექნიკურმა ჯგუფმა იყოჩაღა და კარი გააღო...

არადა, ჯერ კიდევ ამ ამბამდე ერთი დღით ადრე, ”ქართველ ინტელიგენტთა” ერთმა ჯგუფმა მშვენიერი მეთოდი მოიგონა: მინისტრებისა თუ მოადგილეების დასანიშნად სულაც არ არის საჭირო თათბირები და ”რუჩკების” მტვრევა”: დაწერ წერილს, მოაწერინებ ხელს საკუთარ და მამის საძმაკაცოს და მოითხოვ ”კაკ მინიმუმ”, მინისტრის მოადგილეობას!..

ალბათ მიხვდით, რაზეც ვსაუბრობ და ვინც რადიო ”პალიტრაში” ჩემს გადაცემას (”პროვოკატორს”) ადევნებს ხოლმე თვალყურს (უფრო სწორად - ყურს, ხოლო თვალს - palitratv.ge-ს), ისიც ემახსოვრება, რომ ორშაბათს სწორედ ასეთი ”კოლექტიური წერილის” გამო ვბრაზობდით მე და ჩემი მსმენელები (”ნუ დასცინი სხვასაო” - მეორე დღესვე რა დამემართა, ამის შესახებ ბოლოს გეტყვით), მაგრამ კაცმა რომ თქვას, რა უჭირს, ასე ხომ საქმე უადვილდება ახალ ხელისუფლებას?! ჰოდა, მეც გადავწყვიტე, დავეხმარო.

მაშ ასე, ”პროვოკატორის” ღია წერილი იმას, ვისაც ეს ეხება:

”დიდი ხანია ვითმენ არაერთი (არამედ ორი) მთავრობის მიერ ჩემი აზრისა და კრიტიკის იგნორირებას და აჰა, მოხვედით თქვენ, რომლებმაც უნდა აგვიხდინოთ ყველა ოცნება და ”ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრი”. ამიტომ, ამდენი თმენის სანაცვლოდ, გთხოვთ მინისტრების მოადგილეებად დანიშნოთ შემდეგი პიროვნებები (ხელს ჩემ გარდა მოაწერენ თვითონ ეს ადამიანები და ჩემი მკითხველებიც):

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ - მამაჩემი (თუმცა, მასთან ჯერ არ შემითანხმებია. მგონი, მინისტრობა უნდოდა): მას შემდეგ, რაც პენსიაში გავიდა, სოფელში გადაბარგდა და გაახარა თხილის ნერგები, უყვარს ბუხართან ჯდომა და ძველი ამბების გახსენება; ჰყავს უჯიშო ძაღლი, სახელად ”ფოკუსა”, რომელსაც ძალიან კარგად უვლის; ინფარქტის შემდეგ არ ეწევა და სმითაც ორ ჭიქას თუ დალევს, ისიც - ხანდახან.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ - ჩემი უმცროსი შვილი: ფეხბურთზე დადის, ცურავს, ”ბარსელონას” გულშემატკივარია და იცის, რომ ”ლელო” სპორტული გაზეთია; ჯერ მხოლოდ 12 წლის არის, ამიტომ გთხოვთ, როდესაც სრულწლოვანი გახდება, იმ დარგის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანოთ, რომლისადმი მიდრეკილებასაც გამოიჩენს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილედ - ან პაპაჩემი, ან ბაბუაჩემი (ერთი აღმოსავლელია, მეორე - დასავლელი, ამიტომ ვუწოდებ ასე): ორივე ნაომარია, ასე ვთქვათ, ”დენთის სუნნასუნთქი”; პაპა ”რაზვედჩიკიც” ყოფილა (ბებიაჩემი ასე ამბობდა); ბაბუა სტალინს ახლდა ”თეირან 43”-ში; მართალია, ორივე იმ II მსოფლიო ომში დაიღუპა თითქმის 70 წლის წინ, მაგრამ მაინც დანიშნეთ, რაააა!.. მით უმეტეს, რომ ეს ზუსტად ვაჟა-ფშაველას მიერ აღწერილი შემთხვევაა - ”ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია!”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ - ჩემი ბავშვობის ძმაკაცი: მაშინ პოპულარული თამაში იყო ”პაროლობანა”. ორ გუნდად ვიყოფოდით, ორივე თავის პაროლს იგონებდა და რომელიმე ”მტერთაგანის” დაჭერასა და პაროლის ”თქმევინებას” ვინც დაასწრებდა, ის იყო მოგებული. ზოგი კალმახელიძის ზედამხედველივით აწვალებდა ტყვეს, მაგრამ ამ ჩემმა ძმაკაცმა ისეთი შეღიტინება იცოდა, გული უწუხდათ და მაშინვე ”ფქვავდნენ” პაროლს! უმუშევარია ახლა ასეთი ნიჭიერი კადრი - წამება აიკრძალა და ეჭვმიტანილი გიჟი ხომ არ არის, საკუთარი ნებით აღიაროს დანაშაული?!

აქ ადგილი აღარ მაქვს და პირადად მოგწერთ (ცხადია, ხელმოწერებითურთ), დედაჩემი და ჩემი ცოლიც რომ დაგენიშნათ ვინმეს მოადგილედ, ცოტა ადრე რომ მოვიდეს სამსახურიდან და ბავშვებს ცხელი საჭმელი დახვდეთ...

კარგი, ჯერ ეს იყოს... ხომ ხედავთ, ჩემთვის არაფერს გთხოვთ!

P.S. ორშაბათს რომ მე ვიშაყირე და მერე სერიოზულადაც გავბრაზდი თაკო ჩარკვიანის მინისტრის მოადგილეობასთან დაკავშირებულ ”ღია წერილზე”, სამშაბათს უკვე ლალი მოროშკინას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის მოთხოვნის წერილი გამოქვეყნდა და რაც მთავარია, მას ხელს მეც ვაწერდი!!!

რა თქმა უნდა, მკითხეს, - ხომ კარგი იქნება, სუბარმა თავის მოადგილედ რომ დანიშნოსო და, - კი-მეთქი. ჰოდა, დამხვდა ”გაშანშალებული” ხელმოწერა საინფორმაციო სააგენტოს საიტზე!

კიდევ ვიმეორებ: რაც მოროშკინამ ამ ერთი თვის მანძილზე ციხეებთან დაკავშირებით აკეთა, დაფასებისა და პატივისცემის ღირსია. ვადასტურებ, რომ ჩემი აზრით, ის საუკეთესო კადრია ამ თანამდებობაზე, მაგრამ ეს ”ღია” და ”კოლექტიური” წერილები არ მინდა და მომკალით!