მოგზაური ხელოსნები და ძველი ოდების სევდა
"დღეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი წყევლადაა ქცეული. გაუმართავი ბიუროკრატიის გამო შენობის მფლობელს ერთმევა დამოუკიდებლად რამის შეკეთების შესაძლებლობა. სახელმწიფოც არ აკეთებს და ასე, თვალსა და ხელს შუა ინგრევა ამ სტატუსის მქონე ნაგებობები", - ამბობს ილუსტრატორი დათო სიმონია. მან ორი წლის წინ ოდების კვლევა დაიწყო და დღემდე ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინა:
- სამეგრელოში ბევრი ოდა-სახლია შემორჩენილი. როცა ვათვალიერებდი, ვხვდებოდი, ეს მხოლოდ სახლები კი არა, რაღაც უფრო მეტი რამ იყო. იმის გარკვევა მომინდა, როდიდან დაიწყო მსგავსი სახლების აშენება, რა იდეა იყო ჩაქსოვილი ფუნქციური თუ სტილისტური დეტალების უკან, ვინ აშენებდა მათ და ა.შ...

აბაშის სოფლებში საოცარი ოდებია. საოცრად ლამაზები და სამწუხაროდ მიტოვებულები. რაც უფრო სახასიათოა ოდა, მით უფრო მამახსოვრდება. ერთი ოდა აბაშის ცენტრშია და ვინმე გრიშა ცომაიას სახლი ყოფილა. ახლა ვის ეკუთვნის, არ ვიცი. რომ ვნახე, გამიკვირდა, ქალაქის ცენტრში ასეთი განძი რომ დგას და ინგრევა. არადა, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. ტურისტებიც სწორედ ასეთ ავთენტურ, უნიკალურ სანახაობებს ეტანებიან. ასეთი კოხტა, მეტყველი და კონცეპტუალური რამის ნახვას სხვაგან ვერ შეძლებენ. მოგვიანებით არქივში ამ სახლის ძველი ფოტოც ვიპოვე.
საუკეთესო მდებარეობის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინწრის ხეობის დასაწყისში მდებარე ოდას გამოვყოფდი. სტუმარს ინწრის ერთ-ერთი მღვიმიდან მილით მოყვანილი ყინულოვანი და უგემრიელესი წყალი შეუძლია დალიოს. ჰაერი სუფთაა, ხედები - საამური და იქვე მდინარეცაა საბანაოდ. ოდის აივანი და შუშაბანდი ულამაზესი ორნამენტებითაა გაფორმებული.

- ამ ოდებში დღეს ცხოვრობენ?
- აბაშის ცენტრში ოდა აშკარად მიტოვებულია, სახურავი ჩანგრეულია და საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ინწრის ხეობასთან ოდაში კი ცხოვრობენ.
ოდა-სახლები ერთ სტილში და კონკრეტული წესებითაა აგებული, ამიტომ ადვილი მისახვედრია, რომ არსებობდა ხელოსანთა სკოლა. ამ სკოლის წარმომადგენლებს მოგზაურ ხელოსნებს ეძახდნენ და ძირითადად რაჭველები ან ლაზები იყვნენ. "მოგზაურებს" იმიტომ ეძახდნენ, რომ მთელ საქართველოში შეკვეთით აშენებდნენ სახლებს და მერე გარანტიასაც უტოვებდნენ მფლობელს. ერთხელ აკითხავდნენ თავის ნახელავს და თუ რამე იყო შესაკეთებელი, აკეთებდნენ. როგორც ვხვდები, მოგზაური ხელოსნებისთვის ფული არ იყო პრიორიტეტი. ეს იყო ცხოვრების ერთგვარი წესი, რომლის მთავარი ამოცანა შრომა და სიკეთე იყო. მოგზაური ხელოსნები ხელობას უფასოდ ასწავლიდნენ ღარიბ და ობოლ ბავშვებს. როგორც ამ საკითხის მკვლევრები ამბობენ, ეს იყო უნივერსალურად განსწავლული, ნიჭიერი და მადლიანი ხალხი, რომელსაც ეხერხებოდა როგორც ხეზე მუშაობა, ისე მევენახეობა და სხვა ხელობები. ისინი ინტელექტუალურადაც საინტერესო სიმაღლეზე იდგნენ, რაც ჩანს კიდეც მათ შერჩეულ სიმბოლოებში, რითიც სახლებს აფორმებდნენ. ეს სიმბოლოები ზოგჯერ ასტრალურია, ზოგჯერ ზოომორფული, ზოგჯერ მცენარეების მოტივს უტრიალებს და თილისმის ფუნქცია აქვს. მოგზაურ ხელოსნებზე ინფორმაცია მწირია, ამიტომ მინდა ეს საკითხი გამოვიკვლიო და კონკრეტული პიროვნებები აღმოვაჩინო.

- რას აკეთებს დღეს სახელმწიფო უნიკალური ოდების გადასარჩენად?
- არაფერს. სახელმწიფოს რაც შეუძლია გააკეთოს, ეს არის გამორჩეული ოდა-სახლებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება, რაც იძლევა საშუალებას, სახელმწიფომ იზრუნოს ნაგებობის შენარჩუნებაზე, პოპულარიზაციასა და პოტენციალის განვითარებაზე. დღეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი წყევლადაა ქცეული და ყველა ერიდება. გაუმართავი ბიუროკრატიის გამო შენობის მფლობელს ერთმევა დამოუკიდებლად რამის შეკეთების შესაძლებლობა. სახელმწიფოც არ აკეთებს და ასე, თვალსა და ხელს შუა ინგრევა ამ სტატუსის მქონე ნაგებობები. აბაშაში ორი სახლი ვნახე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით. არც ერთი სახელმწიფო უწყება არ საუბრობს ოდა-სახლების მნიშვნელობაზე, ანუ არა მხოლოდ არ უვლიან, არც ახსოვთ და ვერც იაზრებენ, რამხელა საგანძური გვაქვს.