„ბაკურიანში დასვენება ჩაგვშხამდა“
ზაფხულში ზღვა და მთა, ზამთარში - თოვლი და სასრიალო კურორტები! ჩვენს ქვეყანაში იმდენად მრავალფეროვანი საკურორტო არეალია, რომ არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, სტუმრებისთვისაც საკურორტო ჰაბად უნდა იქცეს, რაც, საერთაშორისო ცნობადობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. შედეგად, თავად ადგილობრივები ვცდილობთ უცხო ქვეყანაში დასვენებას. რატომ ხდება ასე? რეალურად არა მხოლოდ მაღალი ფასების გამო, არამედ სხვა ფაქტორებითაც, რაც ჩვენი ქვეყნის ზამთრის კურორტების შემთხვევაში განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს. ბაკურიანი, გრანდიოზული ნაგებობებით დაქსელილი საკურორტო დაბა, ხშირად საცობების შედეგად წარმოქმნილი ნაცრისფერი გამონაბოლქვით არის დაფარული, მაგრამ ამ უნიკალურ კურორტზე უკონტროლო მშენებლობებსა და ავტომანქანების გადაჭარბებულ რაოდენობას ემატება არსებითი პრობლემა - მომსახურება. დამსვენებლები ხშირად ჩივიან, რომ სიძვირის მიუხედავად, ბინებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებმა და პერსონალმა "მომსახურება ვერ ისწავლეს", რის გამოც ყოველ ჯერზე დამსვენებელთა ნაწილი კურორტს იმედგაცრუებული ტოვებს, სოციალურ ქსელში კი ასახელებენ კონკრეტულ მისამართებს და მომხმარებელს ურჩევენ დასასვენებლად მათ არ მიმართოს.

"კვირის პალიტრა" უკმაყოფილო დამსვენებელს, თამარ ბლიაძეს დაუკავშირდა.
- საქმე ის არის, დამსვენებელთა უმეტესობა ბინას თუ სასტუმროს ნომერს ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოებით ვირჩევთ. ამ ფოტოზე კი, როგორც წესი, არც ჭუჭყიანი ფარდები ჩანს და არც მორყეული საწოლები, არც სააბაზანოში წინა დამსვენებლის დანატოვარი თმა... სოციალური ქსელით მოტყუებული დამსვენებელი ოთახის არჩევის შემდეგ პატრონს წინასწარ უხდის "ბეს" და როდესაც ბაკურიანში ჩასულს ბინა ასეთ მდგომარეობაში ხვდება, ცხადია, უკმაყოფილო და იმედგაცრუებული რჩება. სამწუხაროდ, თანხას არავინ დაგიბრუნებს, ამასთან, არც არავის აქვს საიმისო ნერვები და დრო, რომ იომოს, მით უფრო, ბავშვები თუ გახლავს... ანტისანიტარიასთან ერთად, ოთახში შესასვლელი კარის სახელური იმდენად მორყეული დამხვდა, იმდენად იყო მოჯანჯღარებული, რომ ჩემმა შვილებმა როგორც კი ხელი მოჰკიდეს, ბუდიდან ამოვარდა და გატყდა. რა თქმა უნდა, მეპატრონეს დავურეკე, როგორ მოვიქცე, ბავშვებს გარეთ რომ გავიყვან, ბინას ღიად ხომ ვერ დავტოვებ-მეთქი? აქეთ შემომედავა, სახელური რატომ გააფუჭე, მე კი არა, შენ უნდა იყიდო, მოვალ და გამოვცვლიო. მაშინ ვინანე, ბინაში შესვლისთანავე ფოტოები რომ არ გადავიღე და გამოვამზეურე, როგორ დამახვედრა ბინა და რა მდგომარეობაში იყო კარის სახელური. \მოგვიანებით, ეს შემთხვევა სოცქსელში გავახმაურე. ყველა ჩემსავით რომ იქცეოდეს, მომსახურების კულტურა უფრო მაღალ დონეზე გვექნებოდა. გახმაურებით სხვებსაც ვაფრთხილებთ, რომ ჩემსავით Aასეთ ბინაში არ ამოყონ თავი. ნეტავ, მეც გავეფრთხილებინე ვინმეს, რომ მე და ჩემს შვილებს დასვენება არ ჩაგვმწარებოდა. ვიცი, ჩემნაირი უკმაყოფილო ბევრი შეგხვდებათ.
- დაბალი ფასი ხშირად მიუთითებს, რომ ოთახი ისეთივე კომფორტული ვერ იქნება, როგორიც ძვირად ღირებული. მაგალითად, გუდაურის დამსვენებლები, სადაც დღე-ღამეში დასვენება საშუალოდ 300 ლარია, მსგავს პრეტენზიებს არ გამოთქვამენ.
- გუდაური მცირეშემოსავლიანი ოჯახების დასვენების ადგილი არ არის. თუმცა ბაკურიანშიც ძვირია დასვენება, მაგალითად, იანვრის არდადეგების დროს დღე-ღამე საშუალოდ 200 ლარი ღირს. თებერვალში ფასი დაბლა იწევს და სწორედ ამიტომ წავიყვანე ბავშვები - დღე-ღამეAში 100 ლარს ვიხდიდი. სამშვილიანი ოჯახისათვის არც ეს არის მცირე თანხა.
მოკლედ, დასვენება ჩაგვშხამდა... სამწუხაროდ, ჩვენი მენტალიტეტი მომსახურებაშიც არ შეცვლილა. ბაკურიანის ქუჩებშიც ვერ გაივლი ისე, ნაგავს რომ არ გადაეყარო. აქაურ პატარა მდინარესაც მუდმივად პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები მოაქვს. იმ გრანდიოზული დასასვენებელი კორპუსების მეპატრონეებზეც ვფიქრობ, ეს პატარა დაბა კორპუსებით რომ გაჭედეს და ჰაერი წაართვეს, ტერიტორიები მაინც გაესუფთავებინათ!