სკანდალური სტატია: რაკეტა "ფლამინგოს" პროექტი ჩაიშალა?! - უკრაინის სამხედრო მრეწველობის დილემა
„უკრაინულმა რაკეტა „ფლამინგომ“, რომელსაც კიევის მთავრობა აქტიურად აქებდა, საბრძოლო პირობებში საკმაოდ არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით - „რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს“: ჩაიშალა თუ არა ფართოდ პროპაგანდირებული უკრაინული ფრთოსანი რაკეტის, „ფლამინგოს“ პროექტი?“ (ავტორი - ტობიას მაიერი). როგორც ირკვევა, „ფრინველად“ მონათლული რაკეტა „წიწილა“ აღმოჩნდა, დამზადებული მოძველებული ტექნოლოგიის გამოყენებით.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იყო დრო, როცა უკრაინელი სამხედროები ამაყად აცხადებდნენ, რომ მათი ახალი რაკეტა „ფლამინგო“ მალე მტრისათვის თავზარდამცემი იქნებოდა, მაგრამ ახლა მასზე ლაპარაკი შესამჩნევად ჩაწყნარდა. როგორც ჩანს, პროგრამის არადამაკმაყოფილებელი შედეგები შეიძლება სულ სხვა მიზეზებით არის განპირობებული, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
უკრაინამ, რომელიც გერმანული რაკეტის - „ტაურუსის“ მიღების ლოდინით დაიღალა, განაცხადა, რომ თვითონ ააწყობდა ფრენის შორი რადიუსის მქონე ფრთოსან რაკეტას. ამის სიგნალები ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულის ბოლოს გახდა ცნობილი. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად მონაწილეობდა ახალი სამხედრო ტექნიკის სარეკლამო კამპანიაში, რომელმაც „ფლამინგოს“ სახელი მიიღო.
სავარაუდოდ, ვარდისფერი ლივრეის (შეფერილობის) მქონე სამხედრო ნაწარმის ფრენის სიშორე 3 ათასამდე კილომეტრი უნდა ყოფილიყო. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებდა, „ფლამინგო“ უკრაინის ყველაზე საუკეთესო რაკეტა უნდა ყოფილიყო, რომლის მასობრივად წარმოება 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა ამჟამად ამ პროექტის ირგვლივ შექმნილი ეიფორია ნელ-ნელა „ორთქლდება“.
„ფლამინგო“: იშვიათი გაშვებები და დაბალი ეფექტიანობა“
გასული წლის მაისიდან სამხედრო მიმომხილველებმა ღია წყაროებით დააფიქსირეს, რომ „ფლამინგო“ უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენეს: ცხრა დაფიქსირებული გაშვებიდან მხოლოდ ხუთი ჩაითვალა მეტ-ნაკლებად წარმატებულად.
ასეთი იმედგამაცრუებელი მაჩვენებლების გამართლებას იმით ცდილობდნენ, რომ რაკეტა იაფფასიანია და მარტივი კონსტრუქცია აქვს ანუ მართალია, სამიზნეს ზუსტად ვერ ანადგურებს, მაგრამ მისი გაკეთება იოლია და ბევრი ფულიც არ იხარჯებაო. ასეა თუ ისე, უკვე საკმაო დროს გავიდა საამაყო განცხადებიდან და „ფლამინგოს“ სერიული წარმოება ჯერაც არ დაწყებულა.
როგორც შეიარაღების გერმანელი ექსპერტი ფაბიან ჰოფმანი ამბობს „ტაგესშპიგელთან“ საუბარში, პროექტის წარმატების მიმართ დიდი ეჭვები არსებობს: „ფლამინგოს“ წარმოების პროგრამასთან დაკავშირებით რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს“.
სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისები
რაკეტის ეფექტიანობის საბოლოო შეფასება დღეს გართულებულია - კიევი საბრძოლო გამოყენებასთან დაკავშირებულ მონაცემებს სიდუმლოდ ინახავს. რაკეტის დამპროექტებელი კომპანია „ფაიარ ფოინთი“ (Fire Point) ჯერჯერობით სიჩუმეს ინარჩუნებს და მასმედიის მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობს. შესაბამისად, სამხედრო ანალიტიკოსი გუსტავ გრესელი ვარაუდობს: „რადგანაც ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“ ომის დროს ისეთი მასშტაბებით არ გამოიყენება, როგორითაც იგეგმებოდა, ეს ნიშნავს, რომ მას პრობლემები აქვს“.
მართლაცდა, რატომ გამოიყენება ასე იშვიათად მტრისათვის თავზარდამცემი რაკეტა რუსეთის ობიექტებისადმი შეტევისათვის? აშკარაა, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებმა შეძლეს გაშვებული რაკეტების დიდი ნაწილის გაუვნებელყოფა, რადგანაც ისინი მსხვილგაბარიტიანებია და ნაკლებად მანევრირებადი. „უკრაინას რომ ბევრი რაკეტა ჰქონდეს გაშვებული, რუსები ნამსხვრევებს აუცილებლად იპოვიდნენ და ყველას აჩვენებდნენ... ესე იგი, კიევს რაკეტის მიმართ ისეთი იმედი და ნდობა აღარ აქვს, როგორიც ჰქონდა“, - ამბობს ექსპერტი.
როგორც ჩანს, რაკეტის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ადრე მცირე ზომის დრონების აწყობაზე იყო დასპეციალირებული, თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არასწორად შეაფასა. უბრალო დრონებიდან სრულფასოვანი ფრთოსანი რაკეტის შექმნა Fire Point-ისათვის ძალიან რთულ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ 2022 წელს არის დაარსებული. სხვათა შორის, საწარმო იმ ფინანსური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რომელიც უკრაინაში ახლახან გახმაურდა და რომელსაც სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გამომძიებლები იძიებენ: იკვეთება ფართო კორუფციის ფაქტები, რომ კომპანია თავის მიერ აწყობილ დრონებს მომატებულ ფასებს ადებდა და სახელმწიფო ფინანსებს უკანონოდ ითვისებდა. მართალია, „ფაიარ ფოინთი“ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს, მაგრამ „ფლამინგოს“ იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
ასევე დაგაინტერესებთ: "ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ
"ტრამპი - ევროპის მთავარი მტერი?!" - Financial Times
რუსეთის დარტყმები და ტექნოლოგიური დამოკიდებულება დასავლეთზე
ექსპერტი გუსტავ გრესელი, ასევე, მიუთითებს გარეშე ფაქტორებზეც, რომლებსაც შეიძლებოდა, გავლენა მოეხდინა უკრაინული რაკეტის წარუმატებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კიევი „ფლამინგოს“ ავტონომიურად წარმოებას ცდილობდა, მისი დამოკიდებულება დასავლეთზე ტოტალური რჩება.
რაკეტების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ რუსეთის არმია ზუსტად ურტყამს „ფლამინგოს“ წარმოებით დაკავებულ სამხედრო საწარმოებს, რომლებიც ლვოვის და როვნოს ოლქებშია განლაგებული. „ამ ზამთარს რუსებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე სამხედრო ობიექტი გაანადგურეს, რომლის თაობაზე კიევი დუმილს ინარჩუნებს", - ამბობს გუსტავ გრესელი, - „ჩვეულებრივად, ასეთი სიჩუმე იმას მოწმობს, რომ სამხედრო საწარმოებს რაღაც მოუვიდათ ანუ რუსული რაკეტებით და დრონებით დაიბომბნენ“.
კიდევ ერთ პრობლემას აქვს ტექნიკური ხასიათი: „ფლამინგოს“ მოქმედების დაბალი სიზუსტე. რაკეტის გამოყენება მხოლოდ მსხვილგაბარიტიანი სამიზნეების წინააღმდეგ შეიძლება, მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ან სამრეწველო ზონების წინააღმდეგ, მაგრამ უძლურია გამაგრებული ზონებისა და ბუნკერების მიმართ. გუსტავ გრესელი ამაში დასავლეთის ბრალსაც ხედავს: აშშ და ევროკავშირი უარს აცხადებენ უკრაინისათვის თანამედროვე ინერციული სანავიგაციო სისტემების მიწოდებაზე. არადა, მათ გარეშე რაკეტები იძულებულნი არიან, ორბიტული თანამგზავრის სიგნალის მიხედვით იფრინონ, რომელიც ძალიან მოწყვლადია და არასტაბილური. შესაბამისად, „ფლამინგოები“ იოლად ხდებიან რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების „ლუკმა“.
ფაბიან ჰოფმანის თქმით, „ფლამინგო“ უკრაინის ერთადერთი ამბიციური პროექტი არ არის, რომელმაც სერიული წარმოების ფაზამდე ვერ მიაღწია. პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს: ხმამაღალი მარკეტინგული კამპანიებისა და პოლიტიკური პიარის მიღმა კიევის თავდაცვის სექტორის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა და ღრმა კორუმპირებულობა იმალება.
მოამზადა სიმონ კილაძემ