"ბაჩო ახალაიას საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა პაატა ბურჭულაძესთან საუბრის ჩანაწერი ყალბია" - ანი ნადარეიშვილი - კვირის პალიტრა

"ბაჩო ახალაიას საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა პაატა ბურჭულაძესთან საუბრის ჩანაწერი ყალბია" - ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი ყალბია.

ამასთან, როგორც ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 4 ოქტომბრის მოვლენებთან ბაჩო ახალაიას კავშირის შესახებ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს.

“საქმეში დევს თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერი არის ყალბი და ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ ჩანაწერის საფუძველზე არ დაუკავებიათ ბაჩო. ადამიანები ამბობდნენ თუ ეს ჩანაწერი არსებობს, მასზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოსო, მაგრამ ამ ჩანაწერის შესახებ დასკვნას, რომელიც საქმეში დევს, მიზანმიმართულად არ ასაჯაროებენ. ადვოკატებსაც გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და ჩვენით ვერ ვასაჯაროებთ ამას, მაგრამ ახლა გავიგე, რომ ჟურნალისტებს მოუპოვებიათ და მაინც გამოქვეყნდება ეს დასკვნა.

მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, საერთოდ მოწმეც არ ჰყავთ და ზუსტად აქედან გამომდინარე ხურავენ სასამართლო პროცესებს, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე.

პირდაპირ დასკვნა უდევთ, რომ ავთენტური არ არის ჩანაწერი. საქმის მასალებში დევს მთელი 4 ოქტომბრის მასალები, ანუ იმ ადამიანების, ვინც დაკავებულები არიან. ბაჩო ახალაიას ნაწილში საერთოდ არაფერი დევს. სახლიდან წაღებული ნივთების ექსპერტიზა მიმდინარეობს და დაამატეს მხოლოდ ის, რომ რაღაც დისკებში ვერაფერი ნახეს, ფილმების და მუსიკების გარდა. მეტი საერთოდ არაფერი დევს. ამიტომ არის ზუსტად დახურული პროცესები“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა