"ღამით ძალიან მაგრად იმუშავა, გამთენიისას ჩაეძინა… ახალი ჩაძინებული იყო და ამ დროს არტილერიის გამაყრუებელი ხმა გაისმა და..." - ბაჩო ბულისკირია: უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის ისტორია
დღეს საქართველოში უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაცემულ ბაჩო ბულისკირიას ჩამოასვენებენ. 40 წლის მებრძოლი დონეცკის ოლქში, ჩასოვ-იართან დაიღუპა. ბულისკირია ქვედანაყოფ „შერეკილებში“ ირიცხებოდა. როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა, თავიდან „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში იყო. 2023 წელს დაიჭრა და ფეხის ტერფის ნაწილი დაკარგა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 4 თვის წინ ქვედანაყოფ „შერეკილებს“ შეუერთდა. ის უპილოტო საფრენ აპარატებს მართავდა. მისი ქვედანაყოფის მეთაურის - ბაჩო ქაჯაიას თქმით, გამოცდილი მებრძოლი იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. 2016 წელს ავღანეთში ერთად იყვნენ.
„ვიდრე დაიღუპებოდა, ერთი დღით ადრე ერთად ვიყავით. მძიმე არტილერიის დაბომბვის დროს დაიღუპა. ღამით ძალიან მაგრად იმუშავა, გამთენიისას ჩაეძინა… დაღლილი იყო, ახალი ჩაძინებული და ამ დროს არტილერიის გამაყრუებელი ხმა გაისმა… ფეხზე სწრაფად წამოვარდნილა და ამ დროს გულმა უმტყუნა“, -ჰყვება ქაჯაია.
უფრო მეტს მის შესახებ მისი მეგობრები და თანამებრძოლები გვიყვებიან.
ევა ლომთაძე: - თავის პატარა, ოთხფეხა მეგობარს იმ ქალაქის სახელი - გალი დაარქვა, რომელიც შვიდი წლის ასაკში მას და ასობით ქართველს იძულებით დაატოვებინეს. საოცარი ადამიანი იყო. მე ის კიევში, 2023 წლის აგვისტოში გავიცანი, „ქართული ლეგიონის“ ბაზაზე. საოცრად გულიანი, კეთილშობილი ადამიანი იყო. მძაფრად აღიქვამდა საქართველოს მდგომარეობას, იმ დღეზე ოცნებობდა, როცა გალში, მშობლიური ქალაქის ქუჩებში გაივლიდა. უნდოდა რომ მის შვილებს ენახათ მისი მშობლიური კუთხე… ორი ვაჟი და მეუღლე დარჩა.
არჩილ ხოფერია: - მე მაქვს ბაჩოსთან ერთად საავადმყოფოში გადაღებული ფოტო, ფეხებში არიან დაჭრილები ბაჩო და ზურაბ ჯიბუტი. ორივე წევს, მე ბაჩოზე მაქვს ხელი ჩაკიდებული. არ ვიცი, რატომ. სამი წლის წინანდელია. ბიჭები დაიჭრნენ შეტევისას. ეს იყო ქართული ორგანიზებული ძალის შეტევა უშუალოდ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები, როგორც ხალხი, რომელსაც ყველაფერი ახსოვს, რომელიც არაფერს ივიწყებს, რომელიც მოქმედებს, როგორც კი საშუალება ჩნდება და მტერს ახსენებს, რომ არაფერი დამთავრებულა, მხოლოდ იწყება… ბაჩო იყო იმ მამაცების რიგში, ვინც ამ რეიდში მონაწილეობდა… მე, სამწუხაროდ, სამხედრო მეთაურობამ უარი მითხრა რეიდში მონაწილეობაზე და ალბათ, ამიტომაც არ ვუშვებ იმ ფოტოზე ბაჩოს ხელს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, უფლის ხელზე მტკიცე არაფერია და იგი ან გიცავს ან თავისთან მიჰყავხარ. ჰოდა, ახლა ისე მოხდა, რომ უფალმა ბაჩო თავისთან წაიყვანა. რატომ?! მხოლოდ თავად უწყის… მე არ ვიცი როგორი იყო ბაჩოს უკანასკნელი წუთები, მაგრამ ვიცი, როგორი იყო მისი ბრძოლა. მან მძიმე გზა აირჩია სამშობლოს მსახურების და ამ გზაზე დაუღამდა. ის გახდა მაგალითი მისი ორი ბოკვერისათვის და იმ ხალხისთვის ვისაც უყვარდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, სანამ ჩვენი დროც არ მოვა. მერე სხვები აიტაცებენ დაცემულ დროშას, ერთიანი განუყოფელი საქართველოსთვის!
გიორგი მურადაშვილი: - ბაჩო 2022 წლის 28 თებერვალს გავიცანი, „ქართული ლეგიონის“ ბაზაზე. გამუდმებით თავის გალზე ლაპარაკობდა, არასოდეს კარგავდა იმედს, რომ საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა. ჟინიანი ბიჭი იყო, კარგი და კეთილი გული ჰქონდა, დღეს რომ ცოცხალი ვარ, მისი დამსახურებაა. ალყიდან გამომიყვანა… ეს ამბავი დონეცკი-ავდეევკის ფრონტზე მოხდა: მე და ორი უკრაინელი წავედით პოზიციებზე. ბაჩო მძღოლი იყო. დაგვტოვა პოზიციებთან ახლოს და დაბრუნდა ბაზაზე. ჩვენ წავედით, შევასრულეთ დავალება და გავეშურეთ დანიშნულების ადგილისკენ. საღამოს 5 საათზე იმ ადგილას უნდა მივსულიყავით, სადაც ბაჩომ დაგვტოვა. რუსებმა დაიწყეს ძლიერი დაბომბვა, ისროდნენ ყველაფრიდან, დაიწყეს წინსვლა და 150 მეტრით მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც ბაჩომ დაგვტოვა. ჩვენც მივდივართ შეხვედრის ადგილზე და როგორც იქნა, მივადექით მიტოვებულ სახლს. ჩავედით სარდაფში და ველოდებოდით ევაკუაციას. ძალიან ცოტაც და რუსები უკვე წრეს შეკრავდნენ მიტოვებული სახლის გარშემო. მხოლოდ ერთი მხრიდან იყო გასასვლელი გზა. მე და ორი უკრაინელი შევთანხმდით, რომ ტყვედ არ ჩავბარდებოდით და ხელყუმბარა მოვამზადეთ. ამასობაში ისევ გვესმის რუსული საუბრები, ძალიან ახლოდან და უფრო გვიახლოვდებიან. უკვე მათი რაციების ხმებიც გვესმის. ჩვენ როგორც შეგვეძლო, ვიმალებოდით, ოთხ ტანკს და ორმოცამდე რუსს წინააღმდეგობას ვერ გავუწევდით. ერთადერთი რაც მოვახერხეთ ის იყო, რომ რაციით მივაწვდინეთ ხმა შტაბს, ვუთხარით, რომ თითქმის ალყაში ვიყავით და ვერ გამოვდიოდით, კოორდინატები გადავეცი და ჩვენებმა რუსული პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს. ბაჩომ, როგორც კი გაიგო, რომ მე ალყაში ვიყავი და დახმარება მჭირდებოდა, პიკაპით შემოვარდა დიდი სისწრაფით. უკრაინულმა არტილერიამაც იმუშავა, მტერი გაიფანტა… ამ დროს მესმის ბაჩოს ყვირილი - „სადა ხარ, გიო?“ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ასეთ დროს ქართველის ხმას რომ გაიგებ. ეს ცის გახსნასავით იყო… 30 წამში ამოვარდით სარდაფიდან და სწრაფად დავტოვეთ იქაურობა. მას შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ ბაჩომ სიცოცხლე მაჩუქა. აი ასეთი გმირობის ჩადენა შეეძლო ბაჩოს. არასოდეს უთქვამს უარი არც ერთ ოპერაციაზე. ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მისიას. ის ჩვენი თაობის გმირია.
ვისარგებლებ შემთხვევით და „კვირის პალიტრის“ საშუალებით სამძიმარს ვეტყვი მის ოჯახს, სრულიად საქართველოს. ყველამ იცოდეთ, ჩვენ კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!
ხათუნა ბახტურიძე