"თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს წერილით არ მოუმართავს" - კახა კალაძე - კვირის პალიტრა

"თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს წერილით არ მოუმართავს" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ანძის ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ფერებში განათება,ხდება მაშინ, როდესაც თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ.

„თბილისის სატელევიზიო ანძის განათება ხდება ასე - ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოდან მოგვმართავენ ოფიციალური წერილით და მუნიციპალიტეტი ანათებს მათი ქვეყნის დროშის შესაბამის ფერებში. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. არ ყოფილა მომართვა მათი მხრიდან, შესაბამისად, არ გაგვინათებია“, - განმარტა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მმართველი ხელისუფლების წევრების არყოფნა ხომ არ უკავშირდება კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მათი მისამართით კრიტიკულ განცხადებებს კი არ აკეთებს, არამედ საქართველოს კონსტიტუციას იცავს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა