გიორგი ჟვანია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად სააკაშვილს, ბარამიძეს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს ასახელებს - კვირის პალიტრა

გიორგი ჟვანია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად სააკაშვილს, ბარამიძეს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს ასახელებს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სცენის ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა ,- ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც არსებული მტკიცებულებების მეშვეობით, საქმეს ძალიან სწრაფად მოჰფენს ნათელს.

"ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იყო აბსოლუტური ტყუილი და საპირისპიროს მეტყველებს ის მტკიცებულებები, რაც არსებობს. ზურას თანაგუნდელები, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე დღემდე ამბობენ, რომ დარწმუნებული არიან ზურას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სინამდვილეში. არც ბარამიძეს და არც მაჭავარიანს არ ჰქონიათ სურვილი, როცა შეკითხვები დავსვი, მოსულიყვნენ და დაინტერესებულიყვნენ, საიდან გამიჩნდა ეს კითხვები. ისინი ყოველთვის იყვნენ რუპორები და აკეთებდნენ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა – ხელისუფლებას კი სურდა სიმართლის მიჩქმალვა", - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.

მისივე თქმით, გიორგი ბარამიძეს ბევრი ინფორმაცია აქვს, რადგან "ის უშუალოდ მონაწილეობდა სუფრის სცენის ინსცენირებაში".

"იმ ბინაში მიიტანეს საკვები, ბორჯომი, კონიაკი, როცა უბედური შემთხვევის სცენა დადგეს. ამას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი და მასში მონაწილეობდა ბარამიძე. ბუნებრივია, მას მოუწევს პროკურატურასთან ამაზე საუბარი. ვინ დაგეგმა ეს, ამას გამოძიება დაადგენს. არის კვალის წაშლის მცდელობა, დადგება პრობლემა მოწმეებთან დაკავშირებით და გაუჩინარდება ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ სიმართლეს მაინც დავადგენთ. მომხდარის უბედურ შემთხვევად გაფორმებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე. სხვები არ ვიცი", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

მისივე თქმით, ვერსიის დონეზე იცის იმ ადამიანის ვინაობაც, რომელმაც ხათუნა ხოფერიას უთხრა – "ამ ხელებით დავახრჩე ზურაბ ჟვანია" და ამ ვერსიას შესაბამის ორგანოებს გააცნობს.

"საქმის მასალების გაყალბება პირადად ზურაბ ადეიშვილს ევალებოდა. ის აძლევდა მითითებებს თანამშრომლებს, რა მიმართულებით წაეყვანათ საქმე. ადეიშვილის, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბარამიძისა და დაცვის წევრების ჩვენებები გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.