რეპორტაჟი პარლამენტის ძველი შენობიდან - კვირის პალიტრა

რეპორტაჟი პარლამენტის ძველი შენობიდან

რამდენიმე ხნის წინ, ვიდრე გამართლებული და გაუმართლებული რეფორმების მოყვარული მთავრობა პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატივით გამოვიდოდა, ჟურნალისტები შენობაში აკრედიტაციით შევდიოდით... ახლაც მაშინდელივით ინტერვიუზე მივდიოდი და ტურნიკეტთან ბარათითი ხელში ვიდექი, - შენობაში დარჩენილი დაცვა გაოცებული მიყურებდა, - რა გნებავთ?.. ვისთან მიდიხართო? - მეკითხებოდნენ... ისე სრულიად საფუძვლიანი კითხვა იყო, ხელოსანს არ ვგავდი და გამოშიგნულ და დაცარიელებულ შენობაში რატომ უნდა შევსულიყავი. საშვთა ბიუროში ორი ქალბატონი ზის, უხერხულად იღიმიან, - ვინც მაგრები ვართ, დავრჩითო. კიდევ კარგი ჩემი რესპონდენტი, დიმა ლორთქიფანიძე მალევე მოვიდა და ტექნიკურ პერსონალს შინაურულად მიესალმა. ერთი ტურნიკეტი მუშაობს, შიდა. იქ შესვლამდე პირადობის მოწმობდა მთხოვეს, ნომერი ჩაიწერეს და რაღაც საბუთზე ხელი მომაწერინეს. ადრეული ბავშვობა გამახსენდა, დედამ მოაწერა ხელი ასე რაღაც ქვითარს, როცა ბაბუაჩემის სამსახურში შევედით. ბაბუა ერთ-ერთი საწარმოს მთავარ ბუღალტრად მუშაობდა და ეტყობა, სამსახურებრივი ეტიკეტი ამის დაცვას ითხოვდა...

- კიბით უნდა ვისარგებლოთ, რადგან ლიფტი არ არსებობს. - უხერხულად იღიმის ჩემი რესპონდენტი და მიხსნის, რომ მეოთხე სართულზე უნდა ავიდეთ. - "უკანასკნელი მოჰიკანივით" ვარ დარჩენილი ამ შენობაში, - ამბობს და გამოშიგნულ შენობაში კიბის საფეხურებს მივყვებით. ვთხოვე, იქაურობა დამათვალიერებონოს. საიდანღაც ჩაქუჩების ხმა ისმის, ერთროულად რამდენიმე კაკუნებს და ცარიელ შენობაში ექო გუგუნივით ისმის. მეორე სართულზე რამდენიმე მუშას მოვკარი თვალი, რაღაცებს ეზიდებოდნენ. - კაბინეტებიდან ინვენტარი ჯერ კიდევ როდის გავზიდეთ, ორ-სამ დღეში გავიტანეთ ყველაფერი - სად წაიღეს, არ ვიცით, სატვირთო მანქანებში ჩავტვირთეთ. ჩვენ ვინ გვეტყოდა, სად მიჰქონდათ... - დაბნეულად მპასუხობენ და საქმეს განაგრძობენ.

გადაჭრილი კაბელები ნაწლავებივით არის გამოჩრილი კედლებიდან. სამუშაო ოთახები ცარიელია. დერეფანში მხოლოდ კორპუსებისა და ფლიგელების მიმანიშნებელი ისრები დარჩენილა. სამუშაო კაბინეტები ცარიელია. მხოლოდ კედლები დ იატაკია.

- ფანჯრებიდნ ჟალუზებიც კი ჩამოუცლიათ. დენი და ინტერნეტი გათიშულია, მაგრამ მაინც მოვდივარ სამუშაოდ, იმიტომ, რომ ჩემი კაბინეტი ერთადერთია, რომელიც გადარჩა. ვუთხარი, უფლებამოსილებას ვერ შევიწყვეტ, უნდა ვიმუშაო-მეთქი და მართლაც, ხელი არაფრისთვის უხლიათ. - მიხსნის ჩემი მეგზური.

დერეფნებში დაფენილი ხალიჩა აღარ არსებობს. ალაგ-ალაგ, კუთხეში მიყრილი ნივთები მომხვდა თვალში. რამდენიმე ღია კარში უპატრონოდ დარჩენილი ქოთნის ყვავილი ჩანდა. ფოთლებშეყვითლებული "მცოცავი" და "ჭორიკანა"... კარებთან კუთხეში, დიდ, შუშიან ჩარჩოში ჩასმული ვაჟა-ფშაველას პორტრეტი "დარჩენია" ვიღაცას. ეტყობა, ისე ჩქარობდა ახალ კაბინეტში შესვლას, სათაყვანებელი კლასიკოსიც არ გახსენებია, რომლის ფოტოც, კაცმა არ იცის, გულწრფელი თაყვანისცემის გამო ეკიდა კედელზე, თუ კოლეგებისთვის თავის მოსაწონებლად... ყველაფერს ღია ფანჯრებიდან შემოსული ქუჩის მტვერი მოსდებია. ალაგ-ალაგ კედლებიც ჩამოფხეკილია.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზსაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენ ოთახებს. სხდომათა დარბაზის გასაღები ვიღაც კომენდანტს აქვს და იქ შეხედვის საშუალება არ მოგვეცემა, თუმცა ალბათ ასე სჯობს... როგორც ჩემი მეგზური ამბობს, მათი დემონტაჟიც განხორციელდა. არავინ იცის, რა ბედი ელის პარლამენტის შენობის ნულოვან სართულზე მდებარე სამლოცველოს და იუნკერების საფლავებს.

- მაგიდები და პრეზიდიუმი აგლიჯეს, დალეწეს და დარბაზებიდან დაშლილ მდგომარეობაში გაიტანეს... ორივე დარბაზში დემონტაჟი განხორციელდა და ახლა იქიდან ოვალური მაგიდები, ტრიბუნები, პრეზიდიუმი და სხვა ნარჩენები ფიცარ-ფიცარ გააქვთ. გატანილია დარბაზებში განთავსებული ნივთები. - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე. დაცვის თანამშრომლების თქმით, ეს დავალება იმ კომპანიამ გასცა, რომელსც პარლამენტის დაცლის ნება დართეს. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი ხელისუფლება პარლამენტის შენობაში სასტუმროს აშენებას აპირებდა და მსურველი უცხოური კომპანიისგან, 25% უკვე აღებული აქვს.

არადა, მგონი ყველა ქართველმა იცის, რომ თავის დროზე I რესპუბლიკის სახელობის დარბაზს ეს სახელწოდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის პატივსაცემად მიანიჭა, როგორიც იყო 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება...

პარლამენტის I რესპუბლიკისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები, საკომიტეტო მოსმენებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს ეთმობოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)