ვენდეტა "სისხლიანი აგვისტოს" გამო? - რა მოხდა 25 წლის წინ მოსკოვში და რა შეიძლება აკავშირებდეს ამ ამბავს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან?
თბილისის პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ბრალდების მხარის მტკიცებით, 22 წლის ტექნოლოგიური სტარტაპერის სიცოცხლე 25 წლის წინ მოსკოვში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას შეეწირა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის ამბავი ორ გავლენიან "კანონიერ ქურდს" შორის არსებულ მტრობაზე, რომელიც მამებმა დაიწყეს და ერთ-ერთი "ქურდის" შვილებმა გააგრძელეს.
ვინ იყო დავით კაკულია, იგივე "დათო თბილისკი"?
დავით კაკულია კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. იგი 1963 წელს თბილისში დაიბადა და მისი ცხოვრების გზა ადრეულ ასაკშივე დაუკავშირდა ქურდულ ტრადიციებს.
კაკულია "კანონიერ ქურდად" 1991 წელს, 28 წლის ასაკში აკურთხეს. მისი "ნათლიები" იმ დროის კრიმინალური „ელიტის“ წარმომადგენლები იყვნენ: ავთანდილ ჩიხლაძე („კვეჟო“), რობერტ კალანდაძე („რობერტა“), ნოდარ ფარიზიანი („ნონო“) და პაატა ჩლაიძე („პაატა ბალშოი“).
1993 წელს იგი მოსკოვში, სასტუმრო "მოსკოვში“ აიყვანეს ცხრაკაციან დაჯგუფებასთან ერთად, სადაც კრიმინალური სამყაროს სხვა „ვარსკვლავებიც“ ფიგურირებდნენ. საქმე ეხებოდა მსხვილი ბიზნესმენების გატაცებასა და წილების გამოძალვას. ეს იყო პერიოდი, როცა ქართული კრიმინალური კლანები მოსკოვის ცენტრს სრულად აკონტროლებდნენ. სწორედ აქედან დაიწყო მისი სერიოზული კონფლიქტები სხვა კლანებთან, მათ შორის იმათთან, ვინც მოგვიანებით „სოხუმის კლანად“ ჩამოყალიბდა. კაკულიამ სასჯელი არაერთხელ მოიხადა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ციხეებში. 2001 წელს მან თბილისის ე.წ. „რესბალნიცა“ დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მისი ცხოვრების უკანასკნელი დრამა გათამაშდა.
მოსკოვი, 25 აგვისტო: საბედისწერო აფეთქება
2001 წლის 25 აგვისტოს, დღის პირველ საათზე, მოსკოვში, ვუჩეტიჩის ქუჩაზე, დავით კაკულიას ავტომობილში ხელნაკეთი ყუმბარა შეუგდეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ „დათო თბილისკიმ“ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
მაშინდელი რუსული მედია კაკულიას მკვლელობას განიხილავდა, როგორც "სისხლიანი აგვისტოს" ნაწილს. იმ კვირაში მოსკოვსა და რუსეთის სამხრეთში კიდევ ორი გავლენიანი „ქურდი “ მოკლეს (გუდრონი და თენგიზ სუხუმსკი).
რუსული საგამოძიებო საიტები წერდნენ, რომ დაპირისპირება ეხებოდა მოსკოვისა და უკრაინის ბიზნეს-ობიექტების კონტროლს. კვარაცხელია უფრო „დიპლომატიურ“ და ფინანსურ სქემებზე ორიენტირებულ ჯგუფს წარმოადგენდა, კაკულია კი – ძალისმიერ ფრთას. მათ შორის მოხდა "ქურდული შეკრება", სადაც კაკულიამ კვარაცხელიას პრეტენზიები წაუყენა, რამაც სიტუაცია გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ექსპერტიზის დეტალები
ასაფეთქებელი მოწყობილობა დატენილი იყო 200 გრამი ტროტილითა (TNT) და ლურსმნებით, რაც მაქსიმალურ გამანადგურებელ ეფექტს იწვევდა. კაკულიას სახე და თვალები დაეწვა, მიიღო კიდურების მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება. იგი მეორე დღეს, გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.
საინტერესოა, რომ კაკულიას ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ანალოგიური ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მიანიშნებდა, რომ კრიმინალური ომი უკვე დაწყებული იყო და კაკულია თავადაც ემზადებოდა თავდასხმისთვის, თუმცა მოწინააღმდეგემ დაასწრო. ვრცლად