სამუშაოდ ქცეული ჯოჯოხეთი: "როდის დამთავრდება ომი? ეს უაზრო კითხვაა" - The New York Times
„როდის დამთავრდება ომი? ეს უაზრო კითხვაა“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) სტატია, რომლის ავტორი, ეროვნებით უკრაინელი ჟურნალისტი ნატალია გუმენიუკი უკრაინის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების განწყობას გადმოგვცემს. „ომის განვლილი წლების გაკვეთილი გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ჩვენს საშველად არ ჩქარობს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ხსნა ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. უკრაინამ მოსკოვის დანაკარგები ისე უნდა დაამძიმოს, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდეს, გადაწყვიტოს: ბრძოლა უკვე აღარ ღირს, კრემლისთვის უკრაინის დაპყრობა შეუძლებელია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
უკრაინელი ჯარისკაცისათვის, როგორც წესი, გამაღიზიანებელია კითხვები, რომელიც მომავალს ეხება. როცა მე ვკითხე კაპიტან ნიკოლაი სერგს - იგი არმიაში სამსახურამდე ესტრადის მსახიობად მუშაობდა - ეთქვა, თუ როგორი განწყობა ჰქონდათ ჯარისკაცებს, მან ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, მეორე მსოფლიო ომის საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი ვიქტორ ფრანკლის გამონათქვამის პერიფრაზირებით მიპასუხა: „პირველად ვერ გაუძლეს ისეთებმა, რომლებსაც ეგონათ, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა, შემდეგ გატყდნენ ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ ომი, პრინციპში, ორი-სამი წლის განმავლობაში დასრულდებოდა, ახლა კი უძლებენ ისინი, ვინც იბრძვის და ომს, უბრალოდ, თავის სამუშაოდ თვლის“.
ვიქტორ ფრანკლის წიგნი „ადამიანი აზრის ძიებაში“, რომელიც პირველად 1946 წელს გამოიცა, დღეს უკრაინაში სამხედრო ბესტსელერად არის გადაქცეული. ნიკოლაი სერგმა წიგნი თავის ჯარისკაცებსაც მოუტანა, რომ წაეკითხათ და საბრძოლო სული შეენარჩუნებინათ.
2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა უკრაინის საზღვარი გადალახეს და კიევს შეუტიეს, პირველ საათებშივე საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, ჩვეულებრივი ცხოვრება ულმობლად იქნა დარღვეული. იმ დროს ყველას ეგონა, რომ რაღაც ისეთი აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, რომ მთელი მსოფლიო, უბრალოდ, ვალდებული იყო, უკრაინას მტრის მოსაგერიებლად დახმარებოდა.... მაგრამ ომის განვლილი წლების გაკვეთილი ნათლად გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ჩვენს საშველად არ ჩქარობს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ მიგვანიშნა, რომ მისი პრიორიტეტია, ომი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს, ნებისმიერი პირობებით ანუ ისე, როგორც მოხერხდება. ევროპა, რომელიც შეშფოთებულია საკუთარი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის რყევით, თვითონაც ძიებაშია და ცდილობს გაიგოს, როგორ დაიცვას თავი რუსეთის ღია აგრესიისაგან.
და რაც უფრო ნათელი ხდებოდა, რომ უკრაინელებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდათ, ჩვენ მით უფრო ვმშვიდდებოდით. ვხედავდით, რომ დაპირებები უფრო მეტი იყო, ვიდრე - შესრულება, იმედები გვიცრუვდებოდა, მაგრამ იმავდროულად ეს დაგვეხმარა იმაში, რომ გაგვეცნობიერებინა - აღთქმული იარაღის დიდი ნაწილი საეჭვოა, მიგვეღო. შესაბამისად, დავრწმუნდით: აუცილებელია, რომ ჩვენ თვითონვე ვიმოქმედოთ საკუთარი თავდაცვის განმტკიცებისთვის.
ომის დაწყებისთანავე ხშირად დავდიოდი უკრაინის სხვადასხვა ოლქში, ვხვდებოდი თანამემამულეებს და ვესაუბრებოდი. დავინახე, რომ ომი უკვე აღარ აღიქმებოდა დროებითი მოვლენად, არამედ - სრულფასოვანი და ხანგრძლივი რეალობა გახდა. უდავო ფაქტია, რომ როგორც უნდა გამოიფიტოს უკრაინის არმია, უკრაინელი ჯარისკაცები ევროპაში მაინც ყველაზე გამოწრთობილები იქნებიან. ჩვენთვის რეალობაა ის ფუტურისტული დრონები, რომლებიც ჯარისკაცთა სანგრების თავზე დაფრინავენ და ბომბებს ყრიან. ჩვენთვის რეალობაა ის საშინელებები, რასაც ევროპელები მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში უყურებენ და რაც მათ მხოლოდ პირველი და მეორე მსოფლიო ომების ისტორიულ კინოქრონიკაში უნახავთ.
აგვისტოში ფრონტის ხაზიდან 10 კილომეტრში ვიყავი და როცა გზაზე ავტომობილით მივდიოდით, თავი ფილმის - „შეშლილი მაქსის“ გადაღებისათვის მომზადებულ დეკორაციებში მეგონა: ჩვენ გამჭვირვალე პლასტიკატით „გადახურულ“ დერეფანში შევედით, რომელიც რუსული დრონებისაგან დასაცავად იყო მომზადებული - გზისპირა ბოძებიდან სიმაღლეზე გაჭიმული თვითნაკეთი ბადით. ორმოებიანმა გზამ ტყეში მიგვიყვანა, სადაც დრონების ქვედანაყოფის ჯარისკაცებთან გვიანობამდე დავრჩი და ღამის გათენება მომიწია. დრონებით შემტევი პოლკი „ვამპირის“ ტიპის დრონებს იყენებს, რომლებიც უკრაინული ტექნოლოგიით არის შექმნილი. მათ შეუძლიათ 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მუხტის ტარება 15 კილომეტრის მანძილზე. შეხვედრის დროს გავიცანი 23 წლის ჯარისკაცი, რომელსაც მეტსახელად „ლეგატს“ ეძახდნენ (მოსახმობი სიგნალით). მან მითხრა, რომ გასული წლის თებერვალი კიევში თავი დაანება იურისპრუდენციის შესწავლას (მაგისტრატურას), რადგან საერთაშორისო სამართლის აღარ სჯერა. ასევე ვესაუბრე 32 წლის ხარკოველ ყოფილ მშენებელს, რომლის მეტსახელი იყო „კაპა“. მან არმიაში სამსახური მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა მიხვდა - უმჯობესი იყო თვითონ ნებაყოფლობით ჩაწერილიყო, სანამ მობილიზაციით გაიწვევდნენ. დავინტერესდი, თუ რა იყო მათი აღჭურვილობიდან და შეიარაღებიდან ამერიკული ან ოდესმე ჰქონდათ თუ არა რომელიმე ამერიკული წარმოების სამხედრო ამუნიცია. მათ, ორივემ საკმაო ხანს იფიქრეს, მაგრამ ვერაფერი გაიხსენეს. მათთვის საომარი მოქმედებები ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება და არავის აქვს იმის იმედი, რომ ომი უახლოეს ხანში დამთავრდება.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: რაკეტა "ფლამინგოს" პროექტი ჩაიშალა?! - უკრაინის სამხედრო მრეწველობის დილემა
"ტრამპი - ევროპის მთავარი მტერი?!" - Financial Times
მოგვიანებით პოკროვსკის გარეუბანში, დონეცკთან ახლოს შევხვდი 39 წლის უმცროს სერჟანტს პავლო ვიშებაბას - ყოფილ ვეგანს და ცხოველთა უფლებების დამცველს, არმიაში სამსახურამდე, რომელსაც „მინოტავრს“ ეძახდნენ. მისი თქმით, თავდაპირველად, სანამ ქვედანაყოფი ანტიდრონულ ბადეებს „გადაიფარებდა“, თაგვების მომრავლების მიუხედავად, კატების ყოლაც კი ეკრძალებოდათ, რადგან რუსული დრონების თბოვიზორები მათ ხედავდნენ და შეიძლებოდა პირადი შემადგენლობის ადგილსამყოფელი გამჟღავნებულიყო. თანაც ირგვლივ ყველაფერი დანაღმული იყო რუსების მიერ. რამდენიმე კვირის წინ ქვედანაყოფმა რობოტიზებული სისტემები მიიღო, რომლებიც მათ ნაღმტყორცნების წინახაზზე გატანაში დაეხმარათ და მაღალი ეფექტი აჩვენა. ახალმა ტექნოლოგიებმა ბრძოლის ველზე სიტუაცია პოზიტიურად შეცვალა და განწყობა აამაღლა. უკრაინის არმიისათვის იოლი გახდა პოზიციების დაცვა და რუსებს პრობლემები შეუქმნა.
მე ვესაუბრე უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ანდრეი ზაგოროდნიუკს, რომელიც ამჟამად უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსად მუშაობს. მისი აზრით, ომისადმი უკრაინის გრძელვადიანი მიდგომა უნდა იყოს „სტრატეგიული ნეიტრალიზაცია“: უკრაინა უნდა ეცადოს, რომ რუსეთის ოპერაციები უაზრო გახადოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინა ეძებს პრაგმატულ, შესაძლებელ და იაფ ხერხებს, დაასუსტოს რუსეთის პოზიციები და მოსკოვის დანაკარგები ისე დაამძიმოს, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდეს, გადაწყვიტოს: ბრძოლა აღარ ღირს, კრემლისთვის უკრაინის დაპყრობა შეუძლებელია.
ნიკოპოლის მილების ქარხანაში, რომელიც 10 კილომეტრითაა დაშორებული რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, დავინტერესდი და ამწის მემანქანეს - ევგენი ბელოუსოვს ვკითხე, თუ მისი აზრით, როდის დამთავრდებოდა ომი. მისი ამწის კაბინა მთლიანად „გადახურულია“ ანტიდრონული ბადით, ფანჯრებზე ფიცრები და ფანერებია აკრული, ამწის კორპუსს დრონის რამდენიმე ნამსხვრევიც აქვს მოხვედრილი, მაგრამ მუშაობა გრძელდება. „კითხვა როგორც ასეთი, უაზროა“, - მიპასუხა ევგენი ბელოუსოვმა, - „იმიტომ, რომ ყველაფერს წყვეტს არა „როდის“, არამედ „როგორ“, ანუ მთავარია, ომი როგორ დასრულდება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ