სახიფათოა ჯანმრთელობისთვის! - კვირის პალიტრა

სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება მოხდება

საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტი აიკრძალება. შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირება. "ქართული ოცნების" ამ ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მოხდება ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნება და ბიომეურნეობების განვითარება.

გიორგი გაჩეჩილაძე, პარლამენტარი, კოალიცია "ქართული ოცნების წევრი: "გენმოდიფიცირებული სათესლე მასალების, პროდუქციის შემოტანა საქართველოში უკონტროლოდ ხდება. დღეს ასეთი პროდუქცია თავისუფლად იყიდება ბაზარზე და არც რამე აღმნიშვნელი აქვს იმისთვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს რას, ან რისგან მოყვანილ პროდუქციას მიირთმევს. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა ისიც კი არ იციან თუ რამდენად საზიანოა ასეთი პროდქცია მათი ჯანმრთელობისთვის. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, როგროც ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის, ასევე ბიომრავალფეროვნებისთვის, ეკოსისტემისა და ადამიანის სიცოცხლისთვის.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა ჩაატარა ექსპერიმენტი თაგვებზე, რომლებსაც საკვებად მხოლოდ გენმოდიფიცირებულ სიმინდს და ხორბალს აძლევდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თითქმის ყველა მღრღნელს სიმსივნე განუვითარდა. ამის გამო ევროკავშირში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით მკაცრი ზომების გატარებას გეგმავენ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, ეს საკითხი გათვალისწინებულია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებული პროდუქციის შეზღუდვისა და ნედლეულის შემოტანის აკრძალვის საკითხი აისახა გარემოს დაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში. ასე რომ, ამ ინიციატივის რეალიზება აუცილებლად მოხდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად აიკრძალება სოფლის მეურნეობაში გენმოდიფიცირებული თესლების გამოყენება. რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი განიხილება: შესაძლოა ასეთი პროდუქციის შემოტანა საერთოდ აიკრძალოს, ან მისი მარკირება მოხდეს, რათა მყიდველმა იცოდეს, რისგან არის დამზადებული პროდუქტი, რომელიც დახლზე დევს და რამდენად სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ბაზა ფაქტობრივად მზად არის. საქართველო მიერთებულია "კარტახენას ოქმს", რომელიც გაეროს დოკუმენტია და უშუალოდ ეხება გენმოდიფიცირებული ნედლეულისა და პროდუქციის საკითხებს. ჩვენ ყველა თვალსაზრისით მზად ვართ, რომ ეს ეროვნული იდეა განხორციელდეს.

როგორც უკვე გითხარით, აქამდე ეს პროცესი აბსოლუტურად უკონტროლო იყო. რამდენი ხანია, რაც "მწვანეთა პარტია" არსებობს და ჩვენც კი არ ვიცით საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციიდან, ნედლეულიდან რომელია გენმოდიფიცირებული. ამას სჭირდება ძალიან მკაცრი სისტემის შექმნა, სპეციალური მაკონტროლებელი ლაბორატორია და ვფიქრობ, ეტაპობრივად ამის შექმნა შესაძლებელია.

- თუ არის ცნობილი, ძირითადად საიდან შემოდის გენმოდიფიცირებული პროდუქცია საქართველოში?

- ეს შეიძლება იყოს არგენტინა, შეერთებული შტატები, ჩინეთი. საკმაოდ ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ასეთ პროდუქციას აწარმოებს.

- ასეთი პროდუქციის შეზღუდვა, აკრძალვა ხომ არ გააძვირებს ფასებს სასურსათო პროდუქტებზე?

- თუ ჩვენი სოფლის მეურნეობა გადავა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა ასეთ პროდუქციაზე და ჩვენ შეგიძლია ამ პროდუქციის ექსპორტიორებიც გავხდეთ. თუ გაიზრდება ადგილობრივი წარმოება, ეს ფასებზე უარყოფითად ნამდვილად არ იმოქმედებს.

- თუ არის ცნობილი,რამდენად მასშტაბურად გამოიყენებოდა გენმოდიფიცირებული სათესლე მასალები საქართველოში? თუ მოხდება ამ ზიანის დათვლა, რომელიც ამ სათესლე მასალების გამოყენებით მიადგა ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას?

- არ მგონია, რომ ეს ზიანი ძალიან მასშტაბური იყოს, რადგან ჩვენ "მწვანეთა პარტია" და სხვა არსამთავრობო გარემოსდამცველები ყოველთვის ფხიზლად ვიყავით ამ საკითხებთან დაკავშირებით. გახსოვთ ალბათ როგორი ხმაური ატყდა ამერიკული სიმინდის შემოტანასთან დაკავშირებით, მაგრამ საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ის არა გენმოდიფიცირებული, არამედ ჰიბრიდული იყო. თუმცა, საქართველოში არსებობს ჰიბრიდული სათესლე მასალის შემოტანის გამოცდილებაც. მაგალითად, 1996 წელს, ერთ-ერთმა კომპანიამ შემოიტანა კარტოფილის გენმოდიფიცირებული თესლი და აპირებდნენ სამცხე-ჯავახეთში დაეთესათ. მაშინ "მწვანეთა პარტია" პარლამენტში ვიყავით, შევიტყვეთ ამის შესახებ და ვაიძულეთ, უარი ეთქვათ ამ ჩანაფიქრზე. ხმაურის ატეხვის შიშით, საქართევლოში მასშტაბურად ასეთი თესლის შემოტანასა და გამოყენებას ერიდებოდნენ, თუმცა პატარ-პატარა კერები სოფლის მეურნეობაში, სადაც ასეთი სათესლე მასალა გამოიყენება, ალბათ არსებობს".

(სპეციალურად საიტისთვის)