დიდი სკანდალი ანუ როგორ გააგიჟა აფხაზები საველე მეთაურმა იაგანოვმა - "ქართველებისთვის ვერტმფრენი ლეგალური სამიზნე იყო, ქალებს და ბავშვებს ისინი არ ესრ - კვირის პალიტრა

დიდი სკანდალი ანუ როგორ გააგიჟა აფხაზები საველე მეთაურმა იაგანოვმა - "ქართველებისთვის ვერტმფრენი ლეგალური სამიზნე იყო, ქალებს და ბავშვებს ისინი არ ესროდნენ"

სოხუმში "აფხაზეთის გმირი" ჩერქეზი აქტივისტისა და საველე მეთაურის იბრაჰიმ იაგანოვის მიერ ლათის ტრაგედიაზე განცხადებას დიდი აღშფოთება მოჰყვა. სკანდალი ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც თიკთოკ-ზე გავრცელდა ინტერვიუ, რომელშიც იაგანოვი აფხაზეთზე საუბრობს.­ მისი თქმით, 1992-1993 წლების ომის დროს "ორივე მხარე კავკასიელი იყო" და "იცავდა­ ომის გარკვეულ წესებსა და ადამიანის უნივერსალურ უფლებებს". ინტერვიუში მან ახსენა ლათაში დატრიალებული ტრაგედიაც­ - 1992 წლის 14 დეკემბერს ქართული შენაერთების მიერ ბლოკირებული­ ტყვარჩელიდან გუდაუთაში მიფრინავდა რუსული მი-8 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც ქართული სამხედროების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი­ 87-ვე­ მგზავრი, მათ შორის 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი. ქალებსა და ბავშვებთან ერთად ვერტმფრენში იყო 12 მებრძოლი, რომლებსაც აფეთქების შემდეგ აფხაზებმა­ "აფხაზეთის გმირის" წოდება მიანიჭეს.

იაგანოვმა განაცხადა: "იყო შემთხვევა, როდესაც ლტოლვილებით სავსე ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მაგრამ უნდა ვაღიარო,­ რომ ეს ვერტმფრენი შეიძლებოდა სამხედრო სამიზნე ყოფილიყო, რადგან ჰუმანიტარული ვერტმფრენები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მოსამსახურეების ან იარაღის გადასატანად. ალბათ, გინახავთ დავით ფილიას ვიდეო, რომელიც იმ დროს პარტიზანულ ზონას მეთაურობდა,­ სადაც ის ჰყვება, თუ როგორ დაეშვა ვერტმფრენი, საიდანაც მამაცი, ლამაზი ყაბარდოელები გამოვიდნენ და ასევე ლტოლვილები, რომლებსაც ამ ვერტმფრენით გაფრენა სურდათ, შებრუნდნენ და სახლში წავიდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აფხაზურ მხარეს ამ ჰუმანიტარული ვერტმფრენით იარაღი და ჯარი გადაჰყავდა, რაც ომის დროს დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, ვინც ესროლა ამ ვერტმფრენს, რომ სცოდნოდა, ბორტზე ბავშვები და ქალები იყვნენ, არ გაისროდა".

ქართველმა წამყვანმა აღნიშნა, რომ ცნობილია აფხაზეთის წინააღმდეგობის მოძრაობის სამი ლიდერი, რომლებიც იმ ვერტმფრენში იმყოფებოდნენ: ასლან ზანთარია, ვლადიმირ ანცუპოვი და ყაბარდოელი ფელიქს ბეკალდიევი, რაზეც იაგანოვმა უპასუხა: "მე მათ ვიცნობდი, ეს სიმართლე ძნელია სათქმელად, მაგრამ ვერტმფრენი ლეგალური სამხედრო სამიზნე იყო".

სოციალურ ქსელებში აფხაზები ამ სამი მებრძოლის ბორტზე ყოფნას არ უარყოფდნენ, თუმცა უარყოფდნენ იარაღის არსებობას. აფხაზები აღშფოთებული არიან, რომ იაგანოვმა გაამართლა ვერტმფრენის ჩამოგდება და პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს დააკისრა ჰუმანიტარული რეისის სამხედრო მიზნისთვის გამოყენების გამო. საყოველთაო აღშფოთებას შეუერთდა დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბაც. მისი თქმით, იაგანოვმა შეურაცხყო უდანაშაულოდ დაღუპული ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ხსოვნა, ხოლო მისი სიტყვები "ბარბაროსული, მკრეხელური და უგულოა".

იბრაჰიმ იაგანოვი აფხაზეთში მებრძოლი საველე მეთაურია. მას რადიკალი აფხაზი­ ნაციონალისტები "საქართველოს აგენტად" მიიჩნევენ მას შემდეგ, რაც 2010 წელს თბილისში ჩამოვიდა და საქართველოსთან დიალოგი დაიწყო. იაგანოვი აცხადებს, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ შედგა და აფხაზებს მოუწოდებს, რომ მათთვის ჯობს ისევ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. 2024 წლამდე მისი ფოტო სოხუმის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმში იყო გამოფენილი, თუმცა შამილ ბასაევის სახელთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ფოტოები არქივში­ გადაიტანეს. 2023 წელს იაგანოვმა საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინას, რის გამოც რუსეთის "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანეს და მის წინააღმდეგ ტერორიზმის საჯაროდ გამართლების მუხლით სს საქმე აღძრეს. ამჟამად ის ევროპაში ცხოვრობს.

"ლათის ტრაგედიას აფხაზები წლებია პროპაგანდისთვის იყენებენ"

მიხეილ კვატაშიძე, ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას" თანადამფუძნებელი: - თიკთოკ-ზე ზუგდიდელი ირაკლი ბუკიას ორსაათიანი სტრიმი გაიმართა, სადაც სტუმრად მიწვეული იყო აფხაზეთში მებრძოლი იბრაჰიმ იაგანოვი. სტრიმში ერთვებოდნენ აფხაზეთიდან და თბილისიდან წარმომადგენლები, მათ შორის მეც და იაგანოვს კითხვებს ვუსვამდით. იაგანოვი 2010 წლიდან აკრიტიკებს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას. ის არაერთხელ ყოფილა თბილისში და კარგი კავშირები აქვს ქართველებთან. როგორც თავად ამბობს, აფხაზებზე იმედგაცრუება 1995 წლიდან დაიწყო, როცა დაინახა, რომ ვლადისლავ არძინბა დათმობებზე მიდიოდა რუსეთთან და მოსკოვმა დაიწყო სიტუაციის მართვა აფხაზეთში. იაგა­ნოვის თქმით, ჩერქეზები გამოიყენეს და აფხაზების დასახმარებლად იარაღის­ ხელში აღება შეცდომა იყო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფხაზეთს საქარ­თველოსთან შერიგების გარდა სხვა გზა არა აქვს, თუ სურს გადარჩეს, განვითარდეს და აფხაზმა ერმა არსებობა არ შეწყვიტოს.

აფხაზებმა პროვოკაციული კითხვები დაუსვეს, ნანობს თუ არა, რომ "აფხაზეთის გმირის" წოდება ჰქონდა. იაგა­ნოვმა უპასუხა, რომ სამჯერ დაიჭრა იმ ომში და ეს წოდება საკუთარი სისხლით მოიპოვა. ერთადერთი საკითხი, რამაც სოხუმში აღშფოთება გამოიწვია, ლათის ტრაგედიის შეფასება იყო. იაგანოვმა თქვა, რომ შვეულმფრენი ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენდა ბორტზე მებრძოლების ყოფნის გამო. ჩვენ სტრიმიდან ამოვჭერით ლათის მონაკვეთი, კიდევ რამდენიმე თემა და გავავრცელეთ. რამდენიმე დღეში აფხაზეთში გაჩნდა მოწოდებები, რომ იაგა­ნოვს "აფხაზეთის გმირის" წოდება ჩამოართვან. აფხაზეთში ლათის ტრაგედიას წლებია პროპაგანდისთვის იყენებენ, როგორც მაგალითს იმისა, რომ სისხლისმსმელმა ქართველებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი, სადაც უდანაშაულო ბავშვები და ქალები ისხდნენ. თუმცა შიდა დისკუსიებში არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც პერიოდულად თავად აფხაზებსაც წამოსცდებათ, თითქოს ვერტმფრენში მყოფ საველე მეთაურებს სხვა აფხაზ მეთაურებთან დაპირისპირება ჰქონდათ და ამ მეორე ჯგუფმა ინფორმაცია ქართველებს გადასცა, რათა მათი ხელით მოეშორებინათ ისინი. გასულ წელს დე ფაქტო არჩევნების დროს ერთ-ერთ კანდიდატთან შეხვედრის ვიდეოშიც ისმის აფხაზი ქალის განცხადება: "თქვენ ხომ იცით, ვინ გაგვყიდა ვერტმფრენის ჩამოგდების­ დროს, ეს ადამიანი ახლაც აფხაზეთში ცხოვრობს და რატომ არ ვთხოვთ პასუხს?" ქართული ოფიციალური ვერსია­ არ ვიცი. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი შესაძლოა ჩამოეგდო კვიციანის ბატალიონ "მონადირეს", როგორც სამხედროების გადამყვანი. არსებობს სხვა ვერსიებიც. ცხადია, ქართულ მხარეს ჰუმანიტარული ვერტმფრენის ჩამოგდება არაფერში აწყობდა - ეს ტრაგედიის გარდა, სერიოზული დარტყმა იქნებოდა იმიჯისთვისაც.

იაგანოვიც ამბობს, ქართველებს რომ სცოდნოდათ ბორტზე ბავშვები და ქალები იყვნენ, არ გაისროდნენო. თავად აფხაზებს ომის ბოლო დღეებში სამი ქართული სამოქალაქო თვითმფრინავი­ აქვთ ჩამოგდებული. ერთი სოხუმის აერო­პორტთან ახლოს ზღვაში ჩავარდა და დაიღუპა 28 კაცი. მეორეს, რომელიც თბილისიდან მოფრინავდა, ბაბუშერაში დაშვებისას რაკეტა ესროლეს და 100-ზე მეტი კაცი დაიწვა ცოცხლად. კადრებიც არსებობს, კაცი რომ ტირის აეროპორტში, რომლის ოჯახის წევრები დაიწვნენ. გადარჩენილი თვითმხილველები ჰყვებოდნენ, როგორც იწვოდნენ ადამიანები, მათ შორის ქალებიც, მესამე კი სოხუმიდან მიფრინავდა, არ მახსოვს, მესამე შემთხვევაში რამდენი დაიღუპა. აფხაზებმა ააფეთქეს კატერი, რომელსაც სოხუმიდან სამოქალაქო პირები მიჰყავდა.

- შესაძლოა იაგანოვს "გმირის" წოდება მართლაც ჩამოართვან?

- თუ წოდებას არ ჩამოართმევენ, ეყოლებათ მოქმედი "გმირი", რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. თუ ჩამოართმევენ, ეს უარყოფითად იმოქმედებს ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ისინი გამოიყენეს და შემდეგ სანაგვეზე გადააგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იქცა "აფხაზეთის გმირი" პროქართულ ლიდერად - იბრაჰიმ იაგანოვი: გზა სოხუმის შტურმიდან თბილისში სეირნობამდე

დიდი სკანდალი და ცემა-ტყეპა აფხაზეთში: მილიციის ოფიცერი „აფხაზური წესით“ გაასამართლეს - "ეს არის ტრადიციებისა და კრიმინალური სამყაროს გაგების ნაზავი"

„ფული მოგვეცით და ჩვენ გადავწყვეტთ, რაში დავხარჯოთ“ - რუსი პროპაგანდისტის სტატია, რომელმაც სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია

გასტერბაიტერები აფხაზეთში და აფრიკელი სტუდენტი, რომელიც ოჩამჩირეში შემზარავი მეთოდით მოკლეს

"აფხაზებს შეუდარებლად მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვიდრე ქართულ მხარეს"

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/ო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: - ლათაში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, თუმცა არის მნიშვნელოვანი "მაგრამ" - ტყვარჩელიდან ჰუმანიტარული რეისების დროს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება იდებოდა: აფხაზურ მხარეს შეჰქონდა ან გამოჰქონდა ტვირთი, გამოჰყავდა ავადმყოფები და ბავშვები და ეს ქართულ მხარესთან თანხმდებოდა. იგივე ეხებოდა სახმელეთო გზებსაც. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც ჰუმანიტარული მარშრუტები ბოროტად გამოიყენეს და იარაღი შეიტანეს. ლათის შემთხვევაში ქართულ მხარესთან შეთანხმება, რომ ვერტმფრენით ბავშვები გადაჰყავდათ, არ ყოფილა. ბორტზე ბავშვებთან ერთად სამხედროებიც იმყოფებოდნენ. თუ წინასწარ არ იქნება გაფრთხილება, როგორ უნდა იცოდეს ქართულმა მხარემ, ვინ ზის სამხედრო ვერტმფრენში? მხოლოდ ჩამოგდების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სამხედროებთან ერთად ბორტზე ქალები და ბავშვებიც ყოფილან. ქართულ მხარეს ეს რომ სცოდნოდა, როგორ ესროდა ბავშვებს. ჰუმანიტარულ რეისებს, ბავშვებისა და ავადმყოფების გამოყვანას, ქართული მხარე არასდროს შესწინააღმდეგებია, აფხაზებმა კი ბავშვები გამოიყენეს იმისთვის, რომ სამხედროების მანევრები შეენიღბათ.

წაიკითხე ვრცლად