რუსეთი საქართველოს "შედარებით მეგობრულ" ქვეყნად მიიჩნევს - ახალი კვლევა
რუსეთი საქართველოს „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ შედგენილ „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმის მეგობრულობის“ 2025 წლის რეიტინგში წერია, რასაც Sova ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტი საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული.
2024 წელს საქართველოს რეიტინგი 12-დან 15 ქულამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს ქვეყანამ 19.4 ქულა დააგროვა, რაც მას „შედარებით მეგობრული/არამეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმის“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში ათავსებს.
ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას არც „ალიანსი“ შეიძლება, ეწოდოს და არც „ღია განხეთქილება.“ ეს უფრო პრაგმატული, „მართვადი“ მეზობლობაა, რომელიც ამ ეტაპზე „საქართველოს სტრატეგიულ პროდასავლურ (თუმცა ევროკავშირთან კონფლიქტურ) ორიენტაციას არ ცვლის.“
ურთიერთობის გაუმჯობესებას ინსტიტუტი მიაწერს საქართველოს ეკონომიკურ საკითხებზე კომუნიკაციას, ასევე, რუსეთის, ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულებას, მედიასთან კომუნიკაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის უმნიშვნელო ზრდას.
რუსი ყოფილი ძალოვნები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით „მიუღებელი“ პოზიცია აქვს, თუმცა ქვეყანა კვლავ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება „ძირითად რიგ სფეროებში და ოპოზიციურ ან რისკის შემქმნელ ჰუმანიტარულ ფაქტორს არ წარმოადგენს.“