რაში აპირებდნენ უცხოელები სამი მილიონი დოლარის გადაყრას ანუ რა რადიოაქტიური მოწყობილობა ამოიღო სუს-მა - კვირის პალიტრა

რაში აპირებდნენ უცხოელები სამი მილიონი დოლარის გადაყრას ანუ რა რადიოაქტიური მოწყობილობა ამოიღო სუს-მა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს, 19 თებერვალს იუწყება, რომ მისმა თანამშრომლებმა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

„სუს-ის მიერ ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება "ცეზიუმ 137" -ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებულები ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის - ტერორისტული მიზნებისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადეს სუს-ში.

სუს-ის განცხადებას თან დაერთო „რადიოაქტიური კონტრაბანდისტების“ დაკავების ვიდეოკადრებიც, რომელშიც რამდენიმე წამით გამოჩნდა მანქანის საბარგულში ჩადებული ლითონის დანადგარი და ქილა მოყვითალე ფხვნილით -ორივე მათგანს დატანებული ჰქონდა რადიაციული საფრთხის ნიშანი, თუმცა სუს-ის განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა ტიპის დანადგარი იქნა ამოღებული და რისთვის იყო ის განკუთვნილი.

ვიდეოკადრებიდან თუ ვიმსჯელებთ, სუს-მა ამოიღო БГИ-А ტიპის გამა-გამოსხივების წყარო, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იწარმოებოდა და ეტყობა, იმ დროიდანაა შემორჩენილი ჩვენთან.

БГИ-А ტიპის დანადგარში მოთავსებულია "ცეზიუმ-137" (Cs-137) სახის ძლიერი რადიოაქტიური იზოტოპი, რომელიც დაცულია 45-90 მმ სისქის ტყვიის ფენით, რომ რადიაციამ ამ დანადგარის გარეთ არ გამოაღწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ: "შაბათ-კვირისთვის" დაანონსებული დიდი ომის დაწყება - დაიწყება თუ არა ირანში ახალი ამბოხება?!

თბილისის გავლით მოსკოვში რუსი ტოპ-გენერლის მოსაკლავად?!

"აპოკალიფსის იარაღზე" კონტროლი შეწყდა - ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ?!

"აქამდე გექნათ! ილონ მასკის „სტარლინკის“ კოდირებამ რუსი ოკუპანტების იერიშები ჩაშალა..."

БГИ-А ტიპის დანადგარი გამოიყენება მეტალურგიულ, ქიმიურ, ნავთობმომპოვებელ და სხვა სამრეწველო პროცესებში, როდესაც საჭიროა ლითონის სისქის, სიმკვრივის და სხვა პარამეტრების დადგენა, ასევე, რადიაციული დეფექტოსკოპიის ჩატარება იმის დასადგენად, ლითონის თუ არალითონის ნაკეთობაში ხომ არ არის ფარული ნაპრალები.

ამისთვის, БГИ-А ტიპის დანადგარს დგამენ შესასწავლ ობიექტთან და ხსნიან ამ დანადგარის მარჯვენა მხარეს (ფოტოს მიხედვით) დამონტაჟებულ სპეციალურ სარქველს, საიდანაც გამოტყორცნილი "ცეზიუმ-137"-ის გამა-გამოსხივების ნაკადი გადის ობიექტში და მის უკან დაყენებულ გამზომ ხელსაწყოზე აღირიცხება, თუ გამა-გამოსხივების რა ნაწილი იქნა შთანთქმული შესამოწმებელი ობიექტის მიერ, რის საფუძველზეც არკვევენ ამ ობიექტის სიმკვრივესა და სხვა პარამეტრებს.

მეორე რადიოაქტიური ნივთი, რომლიც სუს-ის ვიდეოკამერამ დააფიქსირა, არის მინის ქილა, მოყვითალო ფერის ფხვნილით, რომელიც დიდი ალბათობით, ურანის ოქსიდია, რომლის მსგავსი სუს-ს აქამდეც არა ერთხელ ამოუღია.

სუს-ის განცხადებით, „დაკავებულები გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება "ცეზიუმ 137"-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.“

კონტრაბანდული ბირთვული მასალების ფასებში ნამდვილად ვერ ვერკვევით, მაგრამ ძალზე დაუჯერებლად მოჩანს, რომ ეს საბჭოთადროინდელი ცეზიუმიანი აგრეგატი და ერთი ქილა ურანის ოქსიდი, სამ მილიონ დოლარამდე ფასობდეს „შავ ბაზარზეც“ კი...

საქმე ის არის, რომ БГИ-А ტიპის დანადგარის მოქმედების ვადა დროში შეზღუდულია და იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო წარმოებული, გასულია სამ ათეულ წელზე მეტი (ტექნიკური მონაცემები ამ დანადგარს ზედ დამაგრებულ ფირფიტაზე აწერია, მაგრამ სუს-ის ვიდოკადრებში ეს ფირფიტა სპეციალურადაა დაფარული), ხოლო "ცეზიუმ-137" იზოტოპის ნახევრად დაშლის პერიოდი კი სწორედ 30 წელს შეადგენს, რის შემდეგაც მისი გამოყენება, როგორც რადიოაქტიური ნივთიერების, სრულ აზრს კარგავს...

ანუ ძალიან დიდი ალბათობით, სუს-ის მიერ ამოღებულ БГИ-А ტიპის დანადგარში მოთავსებულ "ცეზიუმ-137"-ს (თუკი ის მართლაც 30 წლის წინ იყო მასში ჩადებული) არავითარი ფასეულობა აღარ გააჩნდა და მასში სამი მილიონი დოლარის გადამხდელი ან სრული უცოდინარი ან კიდევ დიდი სულელი უნდა ყოფილიყო...

ვიდეო: სუს-ის მიერ „რადიოაქტიური კონტრაბანდისტების“ დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები...