"ეს სტალინისთვის! ეს ბერიასთვის!" - ქართველთა დასჯის ქრონიკა: რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა "სობჩაკის კომისიამ" - კვირის პალიტრა

"ეს სტალინისთვის! ეს ბერიასთვის!" - ქართველთა დასჯის ქრონიკა: რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა "სობჩაკის კომისიამ"

მე-20 საუკუნეს მრავალი ტრაგედია და სისასტიკე ახსოვს, რომლებსაც ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. განსაკუთრებით შემზარავია ის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მხუთავი გაზით, ორგანული თუ ლაბორატორიებში მიღებული შხამ-საწამლავებით, როგორც საცდელ ცხოველებს, ისე ანადგურებდნენ. თუ ნაცისტურ გერმანიაში იოზეფ მენგელე (1911-1979) ატარებდა სამედიცინო-ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ებრაელებზე, ბოშებსა და სამხედრო ტყვეებზე, საბჭოთა კავშირში გრიგორი მაირანოვსკი (1899-1964) ანადგურებდა ეგზოტიკური შხამებით „ხალხის მტრებს“. აღმოსავლეთში კი, იაპონელ მილიტარისტთა საიდუმლო რაზმი „731“, შირო იშიის (1882-1959) მეთაურობით ახორციელებდა ფართომასშტაბიან ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ ექსპერიმენტებს ჩინეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, სამივე ჯალათი გაექცა სამართლიან სასჯელს და საკუთრ საწოლში გარდაიცვალნენ.

ვფიქრობ, გადამეტებული არ იქნება, რომ 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანმიმართული დარბევა-დაჩეხვა და ნაცნობ-უცნობი ქიმიური ნივთიერებებით მოწამლვა, ზემოაღნიშნულ დანაშაულთა რიგში დავაყენოთ. ეს იყო საბჭოთა იმპერიის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაული, რომელიც კონკრეტულად ქართველების დასჯას ისახავდა მიზნად. ამას ადასტურებს თვითმხილველთა მონათხრობი იმის შესახებ, რომ საბჭოთა მედესანტეები და სპეცრაზმელები ხელკეტისა და ხელბარის მოქნევას თან აყოლებდნენ: „ეს სტალინისთვის“, „ეს ბერიასთვის“. გარდა ამისა ის ფაქტი, რომ დღემდე (!) დაუდგენელია, თუ რა და რამდენი სახის ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მაფიქრებინებს, რომ 9 აპრილს გამოყენებული იყო ახალი ნივთიერება, რომლის გამოცდა-ექსპერიმენტი სწორედ ქართველებზე მოაწყვეს. ამ ვერსიის მთავარ არგუმენტებს ქვემოთ გაგაცნობთ.

9 აპრილის ტრაგედია საბჭოთა კავშირში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესების დაწყებას დაემთხვა. 1989 წლის 26 მარტს ჩატარდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების არჩევნები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო, არჩევნის გაკეთება დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატს შორის. ამის შედეგად მაშინ ჯერ კიდევ ფორმალურად საბჭოთა კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოს შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც კომუნისტურ დიქტატურას ღიად თუ ფარულად აკრიტიკებდა.

მერწმუნეთ: საკუთარი აზრის საჯაროდ და თავისუფლად გამოთქმას მოკლებული საბჭოთა მოქალაქეებისთვის ყრილობის სხდომები, რომლებიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, დაძაბული დეტექტივივით საინტერესო საყურებელი იყო. მანამდე კი 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ საბჭოთა ხელისუფლებამ „საინფორმაციო ბლოკადა“ მოაწყო და დეზინფორმაციას ავრცელებდა.

1989 წლის 26 აპრილს მთავარმა საბჭოთა „დეზინფორმაციულმა მანქანამ“ – „ვრემიამ“ გადასცა ცნობა იმის შესახებ, რომ ვითომდა, გვამების გაკვეთის შემდეგ დადასტურდა, რომ გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი არ იყო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა. ეს მაშინ, როცა არც ერთ სასამართლო-სამედიცინო კომისიას და ექსპერტიზას მსგავსი დასკვნა ჯერ არ ჰქონდა გაცემული.

1989 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა ქალაქ თბილისში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის (ხელმძღვანელი პროფესორი თამაზ შავგულიძე) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ქვეკომისიის (რომელსაც აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი ხელმძღვანელობდა) მიერ გაწეულ სამუშაოთა დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო: „დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებმა გამოიყენეს მრავალი სახეობის „ჩერიომუხა”, რომლის შემადგენლბაში, ძირითადად, შედის ცრემლმდენი მომწამვლელი ნივთიერება - ქლორაცეტოფენოლი (ქაფი). აგრეთვე, გამოყენებული იყო მეორე ძლიერი გამაღიზიანებელი ნივთიერება - „სი-ესი”. 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა სამედიცინო გამოკვლევები არაფრით არ ეტევა მხოლოდ მოცემულ მომწამლავ ნივთიერებათა ფარგლებში. ავადმყოფებს შეენიშნებათ ფსიქიკური მოშლილობა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, სიკვდილის შედეგით. ამიტომ უყოყმანოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოყენებული იყო უფრო ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერებანი, რომლებიც გარდაუვლად ბლოკირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციფიკურ რეცეპტორებს. ათობით ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული, ზედა სასუნთქი გზების დამწვრობით, რაც ქიმიური მოწამვლის შემთხვევებისთვის დამახასიათებელია“ (ციტატის დასასრული). მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა „ქართული კომისიის“ დასკვნა ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაობიექტურად და მიკერძოებულად მიიჩნია. მათ მიერ მართული ჟურნალ-გაზეთები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ დემონსტრანტებმა პირველებმა შეუტიეს და ჯარისკაცები მხოლოდ თავს იცავდნენო. „საინფორმაციო ომს“ აშკარად ვაგებდით.

1989 წლის 25 მაისს, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების ყრილობა გაიხსნა თუ არა, ლატვიელი დეპუტატი ვილენ ტოლპეჟნიკოვი პრეზიდიუმის დაუკითხავად აიჭრა ტრიბუნაზე და 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად ფეხზე ადგომა მოითხოვა. ყველა დეპუტატი, მათ შორის - კომუნისტური პარტიის დიდ-პატარა ლიდერები და სამხედრო მეთაურები იძულებულნი იყვნენ, ფეხზე წამომდგარიყვნენ.

ამის შემდეგ ვ. ტოლპეჟნიკოვმა განაცხადა: „შემომაქვს სადეპუტატო შეკითხვა: ჩემი ამომრჩევლების დავალებით მოვითხოვ, რომ საჯაროდ გამოცხადდეს ახლა და აქ, სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, ვინ გასცა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემისა და მათ წინააღმდეგ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების ბრძანება და ასევე დასახელდეს ამ მომწამლავი ნივთიერებების სახელწოდებები“ (ციტატის დასასრული).

vilen-tolpezhnikovi-1771525509.jpg

ვილენ ტოლპეჟნიკოვი (1928-2008)

ეს ძალზე მნიშვნელოვანი მორალური გამარჯვება იყო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ -ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სიმართლის დადგენა და, ზოგადად, საბჭოთა კავშირის, ამ მართლაც რომ „ბოროტების იმპერიის“ შეცვლა სურდა. სწორედ ამ ყრილობაზე დაიწყო 9 აპრილის ტრაგედიისა და საბჭოთა ხელისუფლების დანაშაულის შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომი: ერთ მხარეს სიმართლე იდგა, მეორე მხარეს კი - კომუნისტური მაფია და საბჭოთა გენერლები.

სწორედ ამ ყრილობაზე შეიქმნა სპეციალური კომისია, ლენინგრადელი დეპუტატის, ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. ამ „კომისიამ“ შეძლო მრავალი მნიშვნელოვანი საიდუმლო დოკუმენტის მოპოვება. სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ერთ-ერთი უფროსის, არმიის გენერლის - მ. მოისეევის 1989 წლის 7 აპრილის საიდუმლო ბრძანება იყო, რომლის მიხედვითაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, გენერალ როდიონოვს დაექვემდებარნენ: სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები, სსრკ შსს-ის შინაგანი ჯარის სპეცრაზმი და მილიცია. ამ ჩამონათვალში საერთოდ არ იყო მოხსენიებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და მისი სპეცრაზმები: „ალფა“ და „ვიმპელი“, ამიტომ ოფიციალურად ისინი ვითომ არც ყოფილან თბილისში. ამის გამო, „სობჩაკის კომისიას“ კა-გე-ბესგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. მათ მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ სსრკ შსს-ის შინაგანი ჯარის სპეცრაზმმა გამოიყენა „სპეციალური ნივთიერებები“: „ჩერიომუხა“ და „სი-ესი“.

თუმცა 1989 წლის 31 მაისს სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა, სახალხო დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა განაცხადა: „... 7 აპრილს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე გუმბარიძემ შემატყობინა, რომ ესაუბრა ცენტრს და თბილისში ჩამოდის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჯარების რაზმიო“. ამის მიუხედავად „სობჩაკის კომისიამ“ არ გამოითხოვა დოკუმნტები კა-გე-ბედან. ზოგადად, ამ კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ისეთი წევრები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაინტერსებული სიმართლის დამალვით. კერძოდ: ვლადიმერ გოვოროვი - არმიის გენერალი, სამოქალაქო თავდაცვის უფროსი, სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საბჭოთა კოსმოსური მედიცინის ფუძემდებელი ოლეგ გაზენკო.

oleg-gazenko-1771525482.gif

ოლეგ გაზენკო

ნათქვამია: „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო“. „სობჩაკის კომისიის“ ყველაზე გავლენიანი წევრები, გოვოროვი და გაზენკო, ბოლომდე „მუნდირის ღირსებას“ იცავდნენ და არ ეთანხმებოდნენ ქვეითთა ხელბარებით თავდასხმების, და, ასევე, „ჩერიომუხასა“ და „სი-ესის" გარდა სხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებას. ისინი არც საქართველოს სსრ-ის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგელების ინფორმაციას ითვალისწინებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის შხამიანი ბაყაყი: როგორ მოკლეს რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი - კრემლის ბინადრის სტალინური ფორმულა: "არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა"

უცნობი ამბები 9 აპრილის ტრაგედიაზე: საიდუმლო სპეცრაზმები თბილისში - როგორ მზადდებოდა პროტესტის სისხლში ჩახშობა

"თვითმფრინავის ბიჭებიდან" ალმა-ათის ტრაგედიამდე: საბჭოთა სპეცსამსახურების მზაკვრული ჩანაფიქრი და სპეცრაზმ "ალფას" საიდუმლო მისია"

"დაკითხვის დროს ავტოკალამში დამალული ციანიდის კაფსულის გადაყლაპვა შეძლო და..." - როგორ აკავებდა "ალფა" ცსს-ის აგენტებს საბჭოთა კავშირის დროს

საქართველოს სსრ-ის მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილიმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: აპრილის ღამის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს 1000-ზე მეტმა დაზარალებულმა მიმართა, საიდანაც სულ მცირე 200 შემთხვევაში დადასტურდა კლინიკური სურათი, ქიმიური საშუალებით მოწამვლისა. რაც შეეხება 21 დაღუპულს, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობდა: „რეალურად, დაღუპულთა საერთო რიცხვში, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ორ შემთხვევას, როდესაც ერთი ახალგაზრდა თავში მიყენებული დარტყმის შედეგად დაიღუპა იმ ღამეს და მეორე - კომენდანტის საათის დროს მოკლეს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში ქიმიური აგენტის დამაზიანებელი ფაქტორი უეჭველად იყო სახეზეო“. მაშინ ქართველმა ექიმებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილთაგან თორმეტს ასფიქსია განუვითარდა, სასუნთქი ორგანოების დაწვით, რაც სიცოცხლეშივე მოხდა. საინტერესოა, რომ მათ არ აღენიშნებოდათ სხეულის იმ სახის მექანიკური დაზიანებები (მოტეხილობა, შინაგანი სასუნთქი ორგანოების მექანიკური დაზიანება და სხვ.), რაც წაქცეული ადამიანის გადათელვის შემთხვევაში აუცილებლად განვითარდებოდა.

sobchakis-komisia-1771525454.jpg

„სობჩაკის კომისია“ საქართველოში, მარჯვნიდან მარცხნივ: ელდარ შენგელაია, ბორის ვასილევი, ანატოლი სობჩაკი

თვითმხილველთა გადმოცემით, 9 აპრილს სამხედრო ნაწილები და მილიციის სპეცრაზმი მომწამლავ ნივთიერებებს რამდენიმე მეთოდით იყენებდნენ. ეს იყო: დეზოდორანტის მსგავსი ბალონებით შესხურება, ასევე, გაზის ხელყუმბარებისა და მინის კაფსულების შორ მანძილზე სროლა. მოწამლულებს ეწყებოდათ პირღებინება, ცრემლდენა, მოძრაობის შეზღუდვა, მაღალი წნევა, რეალობის შეგრძნების და გონების დაკარგვა. გარდაცვლილთა უმეტესობის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ასფიქსია იყო დასახელებული, რომელიც შესაძლოა, განვითარდა სწორედ ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფონზე. ე.წ. პოლიციური მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ამ ნივთიერებათა გამოყენება დადგენილი წესების ფარგლებში არ იწვევს მძიმე შედეგებს. მძიმე მოწამვლის შემთხვევები ძალზე იშვიათია, ხოლო სასიკვდილო შედეგი - უნიკალური.

თვითმხილველთა მონათხრობით ირკვევა, რომ ფარებით, ხელკეტებით და ქვეითთა ხელბარებით შეიარაღებულ სამხედრო ნაწილების შიგნით მოძრაობდა რამდენიმე პირი, რომლებიც სპეციალური აეროზოლით მიზანმიმართულად ასხურებდნენ მომწავლელი ნითიერების ჭავლს მიტინგის მონაწილეებს. საინტერსოა, ვინ იყვნენ ისინი და რომელ ძლიერმოქმედ მომწამვლელ ნივთიერებებს ასხურებდნენ მომიტინგეებს?

(მერვე ნაწილის დასასრული)