რატომ მოკლეს სინამდვილეში ნავალნი და ნემცოვი?! - ბაყაყი და პრეზიდენტი: ნადირობა ოპოზიციონერებზე
ბაყაყი და დიქტატორი
ხუთი ევროპული ქვეყანა ( დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ნიდერლანდები) დარწმუნებულია, რომ პუტინმა ალექსეი ნავალნი მოკლა. ისმის კითხვა - რატომ გადადგა ეს ნაბიჯი დიქტატორმა, როდესაც ოპოზიციონერი მისთვის არანაირ პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ნავალნი მოკლეს იმიტომ, რომ მომავალში თუნდაც თეორიული საფრთხე არ წარმოქნილიყო პუტინისთვის ან მისი „მემკვიდრისთვის“. სწორედ ამიტომ მოკლეს ბორის ნემცოვი კრემლი კედელთან, 2015 წელს. რაც შეეხება ნავალნის, კრემლში კარგად ახსოვდათ, 2010 წელს როგორ დაიკავა მან მოსკოვის მერი არჩევნებში მეორე ადგილი და სწორედ ამიტომ არ დაუშვეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ასევე, ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ გადაღებული ფილმები ათეულობით მილიონ ნახვას აგროვებდა, რაც რეჟიმს ნერვებს უშლიდა.
პირველად ნავალნის მოკვლა 2020 წელს „ნოვიჩოკით“ სცადეს. საწამლავმა მოქმედება მაშინ დაიწყო, როდესაც ოპოზიციონერი თვითმფრინავით მგზავრობდა. თავის განცდებს ის ასე აღწერდა - კერძოდ, ჯერ დაკარგა კონცენტრაცია და შემდეგ იგრძნო, თითქოს სიცოცხლე როგორ ტოვებდა მის სხეულს, თითქოს ვიღაც სულს ართმევდა, როგორც საშინელებათა ფილმებშია. ანუ ტკივილზე მეტი თავზარდამცემი შიში იყო. მაშინ ნავალნი გერმანელმა ექიმებმა გადაარჩინეს.
რუსი ოპოზიციონერი გერმანიაში რომ დარჩენილიყო, სავარაუდოდ, გადარჩებოდა. საზღვარგარეთ მყოფ ოპოზიციონერებს პუტინის ხელისუფლება საფრთხედ არ მიიჩნევს, რადგან ადვილია მათი გამოცხადება უცხოეთის აგენტებად, რომლებიც ამერიკული ფულით რუსეთში უბედურების დატრიალებას გეგმავდნენ. თუმცა ნავალნი ადგა და რუსეთში ჩავიდა, სადაც მას „ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნისთვის“ 19 წელის ჰქონდა მისჯილი. ციხეშიც ჩაჯდა. ეს ნაბიჯი მისმა მტრებმაც კი დააფასეს. მისი პოპულარობა გაიზარდა. თუმცა რა თქმა უნდა, ის დიდ საფრთხეს იმ მომენტში აღარ წარმოადგენდა პუტინისთვის, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალში შეიძლებოდა სერიოზულ პოლიტიკურ ალტერნატივად ქცეულიყო. რუსეთში მხოლოდ პუტინის მომხრეები არ ცხოვრობენ.
„ნოვიჩოკის“ შემდეგ, „ეფესბემ“ დახმარებისთვის. სამხრეთ ამერიკულ ხის ბაყაყს მიმართა( Ameerega bilinguis - ძირითადად ეკვადორში ბინადრობს). ბაყაყი საკვებიდან აგროვებს და შემდეგ კანიდად გამოყოფს ნივთიერება ეპიბატიდინს. ეს ძლიერ მოქმედი შხამია (ზემოსხენებული ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით, სწორედ ეს ნივთიერება აღმოჩნდა ნავალნის ორგანიზმში). ის მუშაობს „ნოვიჩოკის“ პრინციპით. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ადამიანის პულსი ეცემა, კუნთებისა და დიაფრაგმის პარალიზება ხდება. ორგანიზმი წყვეტს სუნთქვას. მალევე სიკვდილი დგება. ეპიბატიდინი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს, როგორც საკვების მიღების დროს, ისე კანით. თუმცა დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ნავალნის ინექცია გაუკეთეს.
დასავლელი სპეციალისტების განმარტებით, შხამი ადამიანის თმაში არ რჩება. ის ორგანიზმშია „დამალული“. ჰოდა, საინტერესოა, როგორ მოახერხეს ნავალნის თანამებრძოლებმა თუ ოჯახის წევრებმა, რომ ნიმუში დასავლეთში გაეტანათ? ზემოხსენებული ქვეყნების ოფიციალური უწყებები ამას საიდუმლოს ინახავენ. თუმცა ფაქტია - ეს „ეფესბეს“ სერიოზული მარცხია.
როგორ უშლიდა კრემლს ნავალნი ნერვებს
გარდა პოლიტიკური მოღვაწეობისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის“ ფონდი ფილმებსაც იღებდა, რაც კრემლს განსაკუთრებით აღიზიანებდა. კერძოდ, რუსეთის რიგითი მოქალაქეები ხედავდნენ, როგორ მდიდრდებოდნენ კორუფციული სქემებით მათი ტოპ-ლიდერები.
2015 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა ფილმი, რომლის მიხედვით, რუსეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოსკოვის ყველაზე ელიტურ რაიონში სასახლე ჰქონდა - მისი ღირებულება 18 მილიონ დოლარს შეადგენდა. სასახლე ორ ჰექტარ ტერიტორიაზე იყო განთავსებული. უძრავი ქონება შოიგუს დაზე იყო გაფორმებული.
2015 წლის 1-ელ დეკემბერს ნავალნიმ მოუყვა მაყურებელს, თუ რით იყო დაკავებული რუსეთის ყოფილი გენპროკურორის სერგეი ჩაიკას უახლოეს გარემოცვის წევრები. კერძოდ, ისინი ჩართულები იყვნენ ფულის გათეთრებაში და კავშირი ჰქონდათ „ცაპკების ბანდასთან“, რომელიც ბიზნესის დასაკუთრების გამო, სასაკლაოებს აწყობდა. მხოლოდ ამ ბანდის მეთაური 18 კაცის მკვლელობაშია ბრალდებული.
2017 წლის 2 მარტს ფილმი უკვე რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ეხებოდა. კერძოდ, აჩვენეს მედვედევის უძრავი ქონება და მიწები, რომლებიც რუსეთის მთელ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. მხოლოდ მოსკოვში მდებარე სასახლე, რომელიც სამი ათას კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული, 68 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ფილმის ავტორების მტკიცებით, ამ ქონებას მედვედევი საქველმოქმედო ფონდების მეშვეობით აკონტროლებდა. მიწები და სასახლეები კი, ოლიგარქებისგან აღებული ქრთამითა და სახელმწიფო ბანკის კრედიტებით შეიძინა(რომელიც, რა თქმა უნდა, არ დააბრუნა. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ათასობით რუსეთის მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრება მოითხოვა. რუსეთის პროკურატურამ კი ფილმის ავტორების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უწყება „იუთუბისგან“ დღემდე ითხოვს, რომ ფილმი წაშალოს.
2018 წლის 8 თებერვალს გამოსულ ფილმში მოთხრობილია რუსეთის პოლიტიკური ელიტის სექსუალური „თავგადასავლების“ შესახებ. ფილმის ავტორების მტკიცებით, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი სერგეი პრიხოდკო მილიარდერ ოლეგ დერიპასკას იახტაზე ისვენებდა. ფილმში გამოყენებულია ვინმე ნასტია რიბკინას ფოტო-ვიდეოკონტენტი, რომელიც „ესკორტის მომსახურების“ ინდუსტრიაში მუშაობს.
2020 წლის 28 იანვარს გამოსულ ფილმში უკვე რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის ქონებაზეა საუბარი. აღმოჩნდა, რომ მიშუსტინის მხოლოდ უძრავი ქონება 40 მილიონი დოლარი ღირს. გარდა სასახლისა მოსკოვის საუკეთესო რაიონში, მას ჰქონდა სამი დიდი ბინა რუსეთის დედაქალაქის ასევე ელიტარულ ადგილებში. მთელი ეს ქონება გაფორმებული იყო მიშუსტინის შვილებზე, მამაზე და დაზე.
2020 წლის 24 მარტს ნავალნიმ უკვე პროპაგანდისტული მხატვრული ფილმის „ყირიმის ხიდი“ ხარჯები გაანალიზა. ფილმი იმ ცნობილი ხიდის აშენებას ეძღვნება, რომელიც უკრაინელებმა ჯერჯერობით ვერ ააფეთქეს. ფილმის ბიუჯეტის მესამედი დააფინანსა ოლიგარქმა არკადი როტენბერგმა, რომლის კომპანიამაც ააშენა ზემოხსენებული ხიდი. ფილმის რეჟისორი იყო ტიგრან კესოიანი - პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის ქმარი. კესოიანმა ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ფილმის გადასაღებად ბიუჯეტიდან მიიღო 1.5 მილიონი დოლარი. კესოიან-სიმონიანმა გადასაღებ მოედანზე თავისი ნათესავები დაასაქმეს. საბოლოოდ, ოჯახმა 700 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ფილმის გაქირავება კი ჩავარდა.
2020 წლის 10 აპრილს გამოსულ ფილმში უკვე დიმიტრი მედვედევის საიდუმლო კუნძულზეა საუბარი. კუნძულის ფართობი 27 ჰექტარია. დგას სასახლე და დამხმარე ნაგებობები. კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ ნავით ან ვერტმფრენით არის შესაძლებელი - კუნძულის გარშემო, 10 კილომეტრის რადიუსში საავტომობილო გზები არ არის. კომპლექსი მედვედევს ოლიგარქმა ალიშარ უსმანოვმა აუშენა.
2020 წლის 14 დეკემბერს ალექსეი ნავალნიმ უკვე თავისი მკვლელობის მცდელობაზე ისაუბრა. აჩვენა, თუ როგორ უთვალთვალებდნენ მას, ყოველი მოგზაურობისას, „ეფესბეს“ აგენტების 8-კაციანი ჯგუფი. ნავალნიმ ერთ-ერთ აგენტთან დარეკვა მოახერხა და მას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ გაეცნო. „ეფესბეს“ თანამშრომელი მოუყვა მას, რომ „ნოვიჩოკი“ ნავალნის ქვედა საცვალს წაუსვეს.
2021 წლის 8 იანვარს ნავალნის ბოლო ფილმი გამოვიდა და ის პუტინის მინი-სახელმწიფოს ეძღვნებოდა. კერძოდ, საუბარი იყო რუსეთის დიქტატორის უნიკალურ რეზიდენციაზე, რომელიც გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს. მისი ფართობი 17,5 ათასი კვადრატული მეტრია. მხოლოდ საძინებლის ფართობი 230 კვადრატული მეტრია. რეზიდენციის ტერიტორიაზეა ყინულის სასახლე, ეკლესია, კაზინო და ორსართულიანი თეატრი. რეზიდენციას ზღვის სანაპიროსთან გვირაბი აკავშირებს.
თავად განსაჯეთ, ასეთი გამოძიებები აუშლიდა თუ არა ნერვებს კრემლის ბინადარს.