საიდუმლო ფაილები: ტრამპი უცხოპლანეტელებს მიადგა - "გაასაჯაროვეთ მასალები მფრინავ თეფშებზე და არამიწიერ არსებებზე!"
„დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა, გასაჯაროვდეს საიდუმლო სამთავრობო ფაილები უცხოპლანეტელებზე და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე“, - ასეთი შთამბეჭდავი სათაური აქვს ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები - ჟურნალისტები ბენ სტოკტონი და შანელ ზაგენი - აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებ ფონზე ცდილობენ, პასუხი გასცენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ კითხვას: არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, არიან თუ არა ისინი დედამიწაზე და თუ არიან, სად ჰყავთ დამალული ისინი აშშ-ის პრეზიდენტებს?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, იგი უბრძანებს პენტაგონს და რიგ სამთავრობო დაწესებულებებს, რომ გამოაქვეყნონ ყველა ფაილი, რომლებიც უცხოპლანეტელებს და „უცნობ მფრინავ ობიექტებს“ (UFO) ეხებათ, „მათ მიმართ უდიდესი ინტერესის გამო“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება თავის სოციალურ პლატფორმაზე (Truth) ხუთშაბათს საღამოს გააკეთა - რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, რაც მან ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა „საიდუმლო“ ინფორმაციის გამჟღავნებაში დაადანაშაულა. როგორც ცნობილია, გასულ კვირაში ბარაკ ობამამ აღიარა, რომ უცხოპლანეტელების არსებობა რეალურია.
„რადგანაც მოსახლეობა უდიდეს ინტერესს იჩენს ამ საკითხის მიმართ, მე გავცემ განკარგულებას, რომ ომის სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა დეპარტამენტებმა და სამთავრობო სააგენტოებმა დაიწყონ გამოქვეყნება იმ ფაილებისა, რომლებიც უცხოპლანეტელებს და არამიწიერ ცოცხალ არსებებს, იდუმალ ატმოსფერულ მოვლენებს და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ეხებათ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
უპასუხა რა ჟურნალისტების კითხვას პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან არ იცის, „ისინი რეალურად არსებობენ თუ არა“ და მისტერ ბარაკ ობამას გასაგონად აღნიშნა: „შემიძლია იგი უსიამოვნებას ავარიდო და ფაილები განვასაიდუმლო“.
გასულ კვირაში ბარაკ ობამა ინტერვიუს აძლევდა პოლიტიკურ პოდკასტერს ბრაიან კოენს, როცა წამყვანმა მას ჰკითხა, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელებიო? - „ისინი რეალურად არსებობენ, მაგრამ მე, პირადად, არ მინახავს. გეტყვით იმასაც, რომ ისინი ე.წ. 51-ე ზონაში არ იმყოფებიან“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. ინტერვიუს ეს ფრაგმენტი მილიონობით ამერიკელმა ნახა.
„იმ ზონაში არავითარი მიწისქვეშა ობიექტი არ არის. თუ ის რაიმე ისეთი დიდი და უმნიშვნელოვანესი ზესაიდუმლო არ არის, მას აშშ-ის პრეზიდენტს ნამდვილად არ დაუმალავდნენ“, - დაამატა ბარაკ ობამამ.
დონალდ ტრამპმა, როცა მას ბარაკ ობამას ნათქვამი გააგებინეს, განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა „საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა“.
მოგვიანებით, ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, ბარაკ ობამამ [უკან დაიხია] და „ინსტაგრამში“ დაწერა: „სტატისტიკის თანახმად, სამყარო იმდენად უსასრულოა, რომ დიდი ალბათობაა, სადღაც სიცოცხლე არსებობდეს“. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა განმარტა: „ჩემი პრეზიდენტობის დროს მე არანაირი მტკიცებულება და არც მოწმე არ მინახავს იმისა, რომ უცხოპლანეტელები ჩვენ ოდესმე დაგვეკონტაქტნენ“.
ბარაკ ობამას, რომელიც, როგორც ცნობილია, ფანტასტიკური სერიალის „ვარსკვლავური გზის“ მთავარი გმირის - სპოკის (ჰიბრიდული არსება, რომელსაც დედა დედამიწელი ჰყავდა, მამა - ვულკანელი, უცხოპლანეტელი) თაყვანისმცემლად ითვლება, პირველად არ ეკითხებიან უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ.
ასევე დაგაინტერესებთ: სამუშაოდ ქცეული ჯოჯოხეთი: "როდის დამთავრდება ომი? ეს უაზრო კითხვაა" - The New York Times
სკანდალური სტატია: რაკეტა "ფლამინგოს" პროექტი ჩაიშალა?! - უკრაინის სამხედრო მრეწველობის დილემა
2012 წელს მსახიობ უილ სმიტის თქმით, BBC-ისთან ინტერვიუში, როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას ცოლ-შვილთან ერთად თეთრი სახლი დაათვალიერებინა, ისინი ოპერატიულ ცენტრშიც მივიდნენ (სადაც პრეზიდენტი, მაღალჩინოსანი სამხედროები და დაზვერვის თანამშრომლები იკრიბებიან ხოლმე, კრიზისულ სიტუაციებში). „ამ დროს ჩემმა შვილმა ჯეიდენმა პრეზიდენტს ჰკითხა, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელებიო? - „მე არ შემიძლია მათი არსებობის არც დადასტურება და არც უარყოფა... მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ოდესმე მსგავსი რამ იქნება ანუ თუ ჩვენ უცხოპლანეტელს საიდუმლოდ შევხვდებით და მასზე ვისაუბრებთ, ეს აუცილებლად ამ ოთახში მოხდება“, - ასე უპასუხა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჩემს შვილს“, - თქვა უილ სმიტმა, რომელიც მთავარი გმირის, მფრინავ სტივენ ჰილერის როლს ასრულებს როლანდ ემერიხის ფილმში „დამოუკიდებლობის დღე“, რომლის თანახმად, იგი უცხოპლანეტელის თვითმფრინავს ჩამოაგდებს, პილოტს ცოცხლად შეიპყრობს და ნევადის შტატში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ სრულიად საიდუმლო ობიექტ „51-ე ზონაში“ მიიყვანს.
როცა 2015 წელს ლეონარდ ნიმოი, სერიალ „ვარსკვლავურ გზაში“ სპოკის როლის შემსრულებელი გარდაიცვალა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თეთრის სახლის სახელით განცხადებით გამოსვლისას, პატივი მიაგო მსახიობისა და მისთვის საყვარელი სატელევიზიო პერსონაჟის ხსოვნას: „იგი მშვიდი, გონიერი და ლოგიკურად მოაზროვნე, გაწონასწორებული მსახიობი იყო, ოპტიმისტურად უყურებდა კაცობრიობის მომავალს „ვარსკვლავურ გზაზე“. მე სპოკი ძალიან მიყვარდა“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
მოამზადა სიმონ კილაძემ