თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურისგან საქმის გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს
2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს.
როგორ გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, უნდა დასახელდნენ ის პირები, რომლებმაც თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
„გადავწყვიტეთ პროკურატურისთვის მიგვემართა, რადგან შოთაძემ [მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა] საქმე დახურა, ახლა რადგანაც შეიცვალა გენერალური პროკურორი და ნიკო კვარაცხელიასა და გიგა ავალიანის საქმეებს ნათელი მოჰფინა, საჭიროდ ჩავთვალე, რომ პროკურატურისთვის მიგვემართა, ასევე მოვითხოვ გაასაჯაროონ სხვადასხვა სოციალურ ქსელში [თამარის] ჩანაწერები. ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და მაინტერესებს, ხომ ამბობენ, რომ თვითმკვლელობა იყო, მაშინ გაასაჯაროონ და დაამტკიცონ. ამიტომ შევიტანე საჩივარი, რადგან თავის დროზე შოთაძემ მომატყუა.
გრიგოლ ლილუაშვილის [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი] „ქოლცენტრების“ მფარველობის ბრალით დაკავებამაც განაპირობა. როდესაც ვიძახდი, რომ ის კურირებდა „ქოლცენტრებს“, გვეუბნებოდნენ „როგორ შეიძლება ასეთ საქმეში იყოს გახვეულიო“ და აი, თუ არ ყოფილა!
რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, მოვითხოვთ, რომ გამოძიების ფარგლებში ისიც დაიკითხოს, რადგან მაშინ თვალებში მიყურებდა და მატყუებდა და საქმეს ფარცხავდა.
მე ახლა მაინტერესებს ახალი გენპროკურორის რეაქცია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჯერჯერობით პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"