ოთხი წლის წინ ვინ დააჯერა ზელენსკი, რომ პუტინი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა და მხოლოდ "იარაღს აჟღარუნებდა"...
რამდენიმე დღეში ოთხი წელი შესრულდება 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიიდან,როდესაც რუსეთის ფედერაციამ ღია სამხედრო აგრესია წამოიწყო მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებებიდან შეუტია...
რამდენად იყო პუტინის რუსეთის ღია თავდასხმა მოულოდნელი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის და შეეძლო თუ არა ოფიციალურ კიევს უფრო მომზადებული დახვედროდა რუს აგრესორებს?
ამ კითხვას აქტუალურობა გასული ოთხი საომარი წლის განმავლობაშიც არ დაუკარგავს და თავად უკრაინელები ხშირად საყვედურობენ პრეზიდენტ ზელენსკის,რომ მან ყურად არ მიიღო გაფრთხილებები,პუტინის არმიის თავდასხმის რეალობაზე...
არადა პრეზიდენტ ზელენსკის თურმე სისტემატურად აფრთხილებდნენ,ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომიდან მოყოლებული იმის თაობაზე,რომ პუტინს უკვე მიღებული ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაში სატანკო არმადებით შეჭრის და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა,მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ყური არ ათხოვა ამ გაფრთხილებებს და დაუჯერა სხვას...
ვინ იყო ეს სხვა?
The Guardian-ი ყოველდღიური ბრიტანული გაზეთია,რომელიც ორ საუკუნეზე(!) მეტია გამოიცემა და თავისი ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულია,რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა მის ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებაშიც,რომელიც ოთხი წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების საიდუმლო წინაპირობებისა და კულუარული პოლიტიკური ქმედებების ანალიზს მოიცავს...
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა 100-ზე მეტი ინტერვიუ ჩაიწერეს სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან,პოლიტიკოსებთან,სამხედროებთან,რათა სიცხადე შეეტანათ იმაში,შეიძლებოდა თუ არა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის თავიდან აცილება და თუ ეს შეუძლებელი გახლდათ,მაშინ უკრაინას ძალუძდა თუ არა უფრო მომზადებული დახვედროდა აგრესორი რუსეთის შეტევებს...
ამ გამოცემის მტკიცებით,ამერიკულმა და ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ მიაწოდეს სანდო სადაზვერვო ინფორმაციები იმის შესახებ,რომ რუსეთი აუცილებლად დაესხმებოდა თავს უკრაინას,თუმცა საფრანგეთისა და გერმანიის დაზვერვები,პირიქით არ ადასტურებდნენ ამის შესაძლებლობას,თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიეღო და საუკეთესო შემთხვევაში ადრეულად გამოეცხადებინა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა,რაც ზელენსკიმ არ გააკეთა იმ მოსაზრებით,რომ ეს უკრაინის მოსახლეობაში წინასწარ დიდ პანიკას შექმნიდა...
თუმცა, The Guardian-ი მტკიცებულ ფორმაში წერს,რომ უკრაინის პრეზიდენტის გვერდით იყო ის გავლენიანი ფიგურა,რომელმაც ზელენსკი დაარწმუნა,რომ პუტინი მხოლოდ „იარაღს აჟღარუნებდა“ მათ დასაშინებლად და სინამდვილეში ვერ გაბედავდა დიდი ომის დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ...
და ეს პიროვნება ყოფილა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი,სწორედ ის ერმაკი,რომელიც 2019 წლის მაისიდან გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ზელენსკის აჩრდილს წარმოადგენდა და სულ მას დაჰყვებოდა,სანამ კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილად არ სცნეს და ზელენსკიც იძულებული გახდა გაენთავისუფლებინა თანამდებობიდან.
ზელენსკი ერმაკს დიდად ენდობოდა და სწორედ მას მიანდო მოლაპარაკებების წარმოება რუსულ მხარესთან,ომის დაწყებამდე.რუსული მხრიდან ერმაკს პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ეკონტაქტებოდა და არწმუნებდა მას,რომ რუსეთი უკრაინასთან ომს არ დაიწყებდა.
ბრიტანელ ჟურნალისტებს აქვთ ძალიან დიდი ეჭვი,რომ პრეზიდენტმა ზელენკიმ სწორედ კოზაკის გავლენის ქვეშ მოქცეულ ერმაკს დაუჯერა და არა ამერიკელი და ბრიტაელი მზვერავების გაფრთხილებებს...
ასე თუ ისე,ფაქტია-იმის გამო,რომ უკრაინა ფაქტობრივად, ნაკლებად მომზადებული შეხვდა რუსეთის თავდასხმას,უკრაინის სამხრეთ მიმართულებაზე,ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი თითქმის უბრძოლველად დაიკავეს მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან კოლონებით შეჭრილმა რუსმა ოკუპანტებმა,რაც დღემდე რჩება უკრაინის უდიდეს პრობლემად-უკრაინას რომ შეეჩერებინა ყირიმის ნახევარკუნძულის „ყელზე“ რუსული სატანკო არმადები,დღეს ფრონტის ხაზი 12 კმ-ში აღარ მიუახლოვდებოდა ქალაქ ზაპოროჟიეს და არც მელიტოპოლი,ბერდიანკი და მარიუპოლი იქნებოდა ოკუპირებული...