"რამდენჯერმე დაეღუპა ცხენი, თვითონ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს - იმ დროს ქალბატონი მარო უკვე სამოცს იქნებოდა გადაცილებული" - ამერიკაში გურული მოჯ - კვირის პალიტრა

"რამდენჯერმე დაეღუპა ცხენი, თვითონ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს - იმ დროს ქალბატონი მარო უკვე სამოცს იქნებოდა გადაცილებული" - ამერიკაში გურული მოჯირითე ქალების განსაცვიფრებელი ისტორია

"მარო ზაქარეიშვილი-კვიტაიშვილი. ფოტო გადაღებულია ამირან ცამციშვილის მიერ 1950-იან წლებში ლანჩხუთში. იმ დროს ქალბატონი მარო უკვე სამოცს იქნებოდა გადაცილებული" - ასეთი წარწერით აქვეყნებს ცხენზე შემართული ქალის უნიკალურ ფოტოს სოციალურ ქსელში ცნობილი რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი - ირაკლი მახარაძე. იგი ამერიკაში გურული მანდილოსნების მოჯირითეებზე გვაწვდის ცნობებს:

barbale-veliko0001-1-1772391633.jpg
ბარბალე და ველიკო

- ამერიკაში გურული მოჯირითეების ასპარეზობას უფრო მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდა ქართველ მანდილოსანთა მონაწილეობა. პირველი გურული ქალბატონი, რომელიც ამერიკაში მოხვდა, იყო ფრიდა მგალობლიშვილი, 1893 წელს. სულ ხუთი ციცა იყო წასული საჯირითოდ. დებს მარო და ბარბალე ზაქარეიშვილებს ცხენოსნობა ბავშვობიდანვე იტაცებდა. "მაგონდება ბავშვობა, მშობლიური სოფელი სურები, სადაც ცხენი დიდ პატივისცემას იმსახურებდა. სოფელში თითქმის ყველა ცხენოსანი იყო, - იხსენებდა მარო ზაქარეიშვილი, - ბავშვებს ძალიან გვიხაროდა შორეული სტუმრების მოსვლა. ჭიშკართან მიბმულ ცხენებს შეუმჩნევლად მოვიპარავდით და როცა შარაზე თქარა-თქური ატყდებოდა, უფროსები გამოგვიდგებოდნენ, ცხენებმა არ ჩამოგაგდოთო, გვაფრთხილებდნენ".

kvitaisvil1-1772391515.jpg

ქალბატონი ბარბალე ამირან ცამციშვილისადმი ამერიკიდან მიწერილ ერთ წერილში (1964) იტყობინებოდა: "ძვირფასო, ჩემი მემამულეები, ჩემს სამშობლოში მცხოვრებო შვილებო და აფახანაკებო... მე ვარ ღარიბი ოჯახიდან, საჯავახოს ქვეყნიდან გამოსული. ჩემი მამის სახელია სფირიდონ და დედისა ფედოსი. 8 წლისა რომ შევიქენი ლანჩხუთში ვცხოვრობდი ჩემს უფროს დასთან და ილია კვიტაიშვილთან. 16 წლისა რომ შევიქენი, ამერიკაში წამოვედი (ბარბალე დაიბადა 1896 წელს – ი. მ.), ჩემი დამა და სიძემ გარმომიყვანა, გაიხარონ იგენმა.

3 წლის წინეთ წამოვიდნენ, მერმეთ მე გამომიწერეს. 1912 წელი იყო მე რომ ამერიკაში გამოვედი... ჩემმა დამა და სიძემ ცხენზე თამაშობა მასწავლეს, ვმუშაობდით ყველა რინგელ ბარადას (რინგლინგ ბრაზერს – ი.მ.) ცირკში. ვიყავით 7 კაცი და 2 ქალი. ილია თავი კაცი იყო, ცირკს ის უძღობოდა. ჩვენი საქმის მერმეთ 1918 ომი იყო და შოუ დახურეს. მერმეთ ჩიკაგოში წავედი მე და ილიკო და კიდევ სხვა ქართველები, რომლებიც ყველა გარდაცვლილები არიან. მარტო ორი ძველი კაცი ცხოვრობს ამდროებით. ყაისარა კვიტაიშვილი 88 წლის არის და ვასო წულაძე 80 წლის არის (კვიტაიშვილი და წულაძე თეოფანე ქავთარაძესთან ერთად 1925 წელს ჯერ კიდევ განაგრძობდნენ გამოსვლას Miller Bros. 101 Ranch Show-ში - ი. მ.).

პირველად, ეს ქართველი ქალბატონები ამერიკაში ლუკა ჩხარტიშვილმა ჩაიყვანა. რა თქმა უნდა, ეს ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, პირველ რიგში, მომქანცველი გზის განვლა ამერიკამდე, ყოველდღიური ქანცგამწყვეტი ვარჯიშები და გამოსვლები, რასაც ბევრი მამაკაციც ვერ უძლებდა. მოხდენილი ქრისტინე ცინცაძის მშობლები მის გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ - ქალიშვილის დუნიაზე ხეტიალი და ისიც ცხენით, სად გაგონილაო. მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა. ქრისტინე მარო ზაქარეიშვილთან ერთად "მონგრეულას" პატარა მინდორზე გავიდა საწვრთნელად. "ქალები ორ თვეში შესანიშნავად დაოსტატდნენ", - ვ. კვიტაიშვილის მოგონებიდან.

marshalltown-1772391540..jpg

მაყურებელს აოცებდა მარო კვიტაიშვილის მიერ სამი გვერდებჩაკრული ცხენის ჭენება, ცხენის ყელზე ამოვლება და სხვა სახიფათო ტრიუკები. ხშირად, გამოსვლის შემდეგ მაყურებელი ფეხის გულებს უსინჯავდა, წებო ხომ არ გისვიაო, ვერ წარმოედგინათ, როგორ შეეძლო ქალს გაჭენებულ ცხენზე თავის დამაგრება. მას რამდენჯერმე დაეღუპა ცხენი, თვითონ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ქალბატონი მარო ხანდაზმულ ასაკშიც კი ჯირითობდა.

1959 წელს, როცა ის 77 წლისა იყო, მეუღლესთან ერთად დაპატიჟეს ცხენოსანთა რესპუბლიკურ შეჯიბრებაში, როგორც საპატიო სტუმრები.

"ვინანეთ, რომ ჩვენი გაწვრთნილი ცხენები არ გვყავდა ჯირითში მონაწილეობა მიგვეღო", - იხსენებდა 80 წლის ბატონი ველიკო. მაროს ცხენი მიართვეს და სთხოვეს, ცხენზე დგომი ეჩვენებინა. მან მაშინვე შეასრულა თხოვნა, ცხენს შემოევლო, მაგრამ მასპინძლებმა შემდეგ გადაიფიქრეს და ცხენი შეაყენეს, შეეშინდათ, რომ ცხენს მოხუცი ქალი არ ჩამოეგდო.

46229044-1930187030360574-3012204802571501568-n-1772391603.jpg

ველიკო კვიტაიშვილი იხსენებდა:

"ჯან რა ბუსუნთან ორ სეზონზე ვმუშაობდი, შემდეგ მე გამოვეყავი, თვითონ გავაფორმე ხელშეკრულება ცირკის მეპატრონესთან. ვიწერდი საქართველოდან ცხენოსნებს, ვწვრთნიდი და გამომყავდა საასპარეზოდ. ჩემი გაწვრთნილები და საქართველოდან ჩემ მიერ წაყვანილები იყვნენ კირილე ფირცხალაიშვილი, ბარბალე ზაქარეიშვილი (ჩემი ცოლისდა), ქრისტეფორე იმნაძე, კიტილა კვიტაიშვილი (ჩემი ძმა). ათი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლად ვმუშაობდი ქართველ ცხენოსნებთან... ცირკის სეზონი ზამთრის პერიოდში პირველად იხსნებოდა ჩიკაგოში, თბილ დღეებში კი ნიუ-იორკში, გადაუხურავ ცირკ-იპოდრომებზე. ამერიკის მრავალი ქალაქი და მხარე შემოვიარეთ. ჩვენ ჩასვლამდე ქალაქში გავრცელდებოდა ფოტოსურათები, აფიშები, რეკლამები. ვიდრე საცირკო წარმოდგენა დაიწყებოდა, ქალაქში ვმართავდით პარადებს, რომელშიაც ასპარეზობის ყველა ჯგუფი ღებულობდა მონაწილეობას. ჩვენ, ქართველები, ჯერ შევასრულებდით ქართულ სიმღერას, შემდეგ კი ვიცეკვებდით.

საცირკო პროგრამაში 29 აქტი შედიოდა. ჩვენი მოჯირითეები ბოლო აქტში გამოდიოდნენ. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, რადგანაც ქართველების გამოსვლა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა. საკმარისი იყო ჩვენი არენაზე გამოჩენა, რომ 12 ათასიანი ტაში იქაურობას აყრუებდა..."

"1915 წელს მარო ამერიკიდან სამშობლოში გამოემგზავრა. დარჩენა აღარ შეეძლო, რადგანაც ამერიკაში ორი შვილის დედა გახდა და ორიც ლანჩხუთში ელოდებოდა. ხოლო მე თვითონ 1924 წელს დავბრუნდი სამშობლოში", - ველიკო კვიტაიშვილის მოგონებიდან.

მარო კვიტაიშვილი სამშობლოში გამობრუნების სხვა თარიღს ასახელებს, რაც უფრო ახლოს არის სიმართლესთან.

"ამერიკაში დავყავი ხუთი წელი, 1913 წელს დავბრუნდი ამერიკიდან, თან წამოვიყვანე ორი ბავშვი. მეუღლე იქ დავტოვე. შვიდი წელი ვცხოვრობდი მარტო, ვზრდიდი ბავშვებს. შვიდი წლის გასვლის შემდეგ მეუღლე ჩამოვიდა".

ამასვე ადასტურებს ქალბატონი ბარბალე წერილში: "ჩემი სიძე ილიკო დაბრუნდა სამშობლოში 1920 წელს..."

kvitaisvilebi-1772391582.jpg

კვიტაიშვილებს მოგვიანებით სურდათ ამერიკაში გამგზავრება, მაგრამ ბოლშევიკებმა ისინი ბათუმიდან უკან გააბრუნეს.

ბარბალე და მისი მეუღლე - ქრისტეფორე იმნაძე ამერიკაში დარჩნენ საცხოვრებლად. ბარბალე დიდხანს განაგრძობდა ჯირითს, მისი წარმოდგენის ერთ-ერთი მთავარი ნომერი შემდეგში მდგომარეობდა: ორი მხედრის მხრებზე მდგარი ამერიკის დროშას აფრიალებდა.

ბარბალე იმნაძემ მოახერხა და 1969 წლის ზაფხულში სამშობლოში ჩამოვიდა თავის შვილიშვილთან ერთად. ამირან ცამციშვილის აღწერით, ბარბალე "კოხტად გამოწყობილი, ტანშემართული და სათვალიანი მანდილოსანი ხანდაზმულობის მიუხედავად, ჭარმაგი ლამაზი არისტოკრატი ქალბატონის შთაბეჭდილებას ახდენდა”. მას გულმხურვალედ უმასპინძლეს მისმა ახლობლებმა და ნათესავებმა. გამომშვიდობებისას ქალბატონმა ბარბალემ თქვა:

"დიდი მადლობელი ვარ ყველაზე, მე მეტი იქნებ ვეღარ ვნახო საყვარელი სამშობლო. თქვენ იცხოვრეთ კარგა, ბედნიერად და ამით მეც ბედნიერად ვიქნები”.

ბარბალე იმნაძე გარდაიცვალა 1988 წელს ჩიკაგოში.

(სპეციალურად საიტისთვის)