წყვილი, რომელმაც სოფლად გადასვლა გადაწყვიტა: "გვინდა, წინაპრების დაწყებული ისტორიის წერა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, დიდ ბებიას წარმოსახული ჰქონდა, როგორი იქნებოდა მისი დასრულებული სახლი და ჩვენ გვირჩევნია ჩვენს ოცნებასთან ერთად, მისი ოცნებაც ავასრულოთ"
სოციალურ ქსელში პოპულარული, ახალგაზრდა წყვილი ჯერ რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, მალე კი სოფლად აპირებენ.
„სოფლის სახლის რემონტის დაწყების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ისიც არის, რომ ყოველთვის მინდოდა კონტენტის შექმნა და ვიდეოების გადაღება, როგორც სამომავლო შემოსავლის წყარო. რემონტის პროცესი კი ამისთვის იდეალური თემაა - რეალური, დინამიკური და ისეთი, სადაც ყველაფერი გულწრფელად ჩანს", ამბობს ნაუ ჯიშკარიანი, რომლის ვიდეოებსაც სოციალურ ქსელში ასიათასობით, ნახევარი მილიონი ნახვები აქვს...
იგი თავად გვიამბობს, როგორ არემონტებენ დიდი ბებიის დატოვებულ ძველ სახლს სოფლად, სადაც საცხოვრებლად გადასვლას აპირებენ.

- მე ვარ ნაუ ჯიშკარიანი, 26 წლის, ჩემი მეუღლე - ზურა ჭავჭანიძე, 30 წლის. 2020 წელს დავბრუნდით თბილისიდან მშობლიურ რაიონში - ხონში, კოვიდის გამო და მას შემდეგ აქეთ ვართ. სწავლა ონლაინ დავასრულე - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი, შემდეგ მასწავლებლის ერთწლიანი პროგრამა გავიარე და მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი საგანში - მათემატიკა I-VI კლასები. მასწავლებლად არ მიმუშავია. 2020 წლის ზაფხულიდანვე უკვე დავიწყეთ ჩვენს ბიზნესზე ფიქრი და არაერთი საქმე ვცადეთ. ამჟამად გვაქვს დაბადების დღის ცენტრი და პაბ-რესტორანი, რომელიც ერთი თვეა, რაც გავაქირავეთ.

- რატომ გადაწყვიტეთ ქალაქიდან სოფლად გადასვლა?
- ჩვენი ისტორია ქალაქიდან სოფელში გაქცევა არ არის. ახლა ხონის რაიონში ვცხოვრობთ და აქვე სოფელში გადავდივართ. ეს უფრო სურვილია, მარტო ვიყოთ, ჩვენი სივრცე გვქონდეს და ცხოვრება საკუთარი რიტმით ავაწყოთ. ვარემონტებთ დიდი ბებიის დატოვებულ ძველ სახლს. რეალურად, სახლიდან მხოლოდ გარე კედლები და სახურავის ხის მასალა აღმოჩნდა ვარგისი, ყველაფერი დანარჩენი შესაცვლელი და თავიდან გასაკეთებელია: სახურავი, იატაკი, კომუნიკაციები, შიდა კედლები, გათბობა. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ფინანსურად საკმაოდ ძვირადღირებული.

- რატომ მიიღეთ გადასვლის გადაწყვეტილება?
- გადასვლის გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია. ეჭვი გვეპარებოდა ჩვენს შესაძლებლობებში. დაახლოებით 10 თვე ვაგროვებდით თანხას ჩვენი საკუთარი ბიზნესების შემოსავლიდან, თუმცა არ ვიცოდით, რისთვის. თან პარალელურად, თვეში თითქმის 6500 ლარამდე სესხს ვიხდით. მუდმივად ბალანსზე ვართ, რას გავწვდებით, რას ვერა, რა შეიძლება ახლა და რა უნდა გადავდოთ. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ჩვენი დანაზოგი ჩვენი კომფორტის ზონის შესაქმნელად გამოგვეყენებინა. ვფიქრობდით ყველაფერი მარტივად მოგვეწყო, თუმცა ახლა ვფიქრობთ, რომ რადგან ვაკეთებთ, ხარისხიანი და ჩვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული იყოს.

ამ ყველაფერს კონტენტის სახით ვუზიარებ ხალხს, რომ იცოდნენ: რას ნიშნავს ძველი სახლის აღდგენა ნულიდან, როცა არ გვყავს სპონსორები. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, გადაღლა, ეჭვები, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ სახლს ახალი სიცოცხლე მივცეთ და ჩვენთვის მშვიდი, დამოუკიდებელი ცხოვრება შევქმნათ. ამასთან ერთად, რემონტის დაწყების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ისიც არის, რომ ყოველთვის მინდოდა კონტენტის შექმნა და ვიდეოების გადაღება, როგორც სამომავლო შემოსავლის წყარო. რემონტის პროცესი კი ამისთვის იდეალური თემაა - რეალური, დინამიკური და ისეთი, სადაც ყველაფერი გულწრფელად ჩანს.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან სპონსორები გამოჩნდებიან, ან უბრალოდ კომპანიები, რომლებიც რეკლამას ჩვენ გვანდობენ.

- სახლი იმდენად დანგრეული იყო, ხომ არ გიფიქრიათ ახლის აშენება დაგეწყოთ?
- დიახ, ბევრმა გამომწერმა დაგვიწერა, რომ სახლის დანგრევა და თავიდან აშენება სჯობდა, თუმცა ასე შეიქმნებოდა სრულიად ახალი ისტორია, ნაცვლად იმისა, რომ წინაპრების დაწყებული ისტორიის წერა გაგვეგრძელებინა. რადგან ამ სახლის მშენებლობა დაიწყო ჩემი მეუღლის დიდმა ბებიამ, დარწმუნებული ვარ წარმოსახული ჰქონდა, როგორი იქნებოდა დასრულებულ მდგომარეობაში და ჩვენ გვირჩევნია ჩვენს ოცნებასთან ერთად, მისი ოცნებაც ავასრულოთ და დასრულებული ნახოს სახლი იქიდან, საიდანაც ახლა გვიყურებს.
(სპეციალურად საიტისთვის)